„მეტროს მემანქანეების ბრალია, რომ ბაღის პედაგოგებს ასეთი დაბალი ხელფასები აქვთ?“

„მეტროს მემანქანეების ბრალია, რომ ბაღის პედაგოგებს ასეთი დაბალი ხელფასები აქვთ?“

„ჰაერზე ამოსვლის საშუალება არ გვაქვს. მხოლოდ შესვენებისას ნახევარი საათით შემიძლია ამოვიდე ზემოთ და ჰაერი ჩავისუნთქო“, - როგორია მეტროს მემანქანეების ცხოვრება და რატომ ენატრებათ მათ დღის შუქზე ამოსვლა? ამის შესახებ For.ge-ს მეტროს მემანქანე სერგო ღვალაძე ესაუბრა.

ფაქტია, ამ სექტორში თანხები არასწორად ნაწილდება. 41 დღეში მამუკა კობახიძის 13 ათასლარიანი ხელფასი თქვენს ხელფასებთან შედარებით კოლოსალურია. როგორ ფიქრობთ, თქვენი ხელფასების შესახებ კახა კალაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან?

- რა თქმა უნდა, კახა კალაძეს არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მამუკა კობახიძის 13 ათასლარიანი ხელფასის შესახებ ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ არის სხვა კოლოსალური ხელფასებიც, რაც კიდევ არ გაჟღერებულა. მერიამ და ჩვენმა ადმინისტრაციამ გაავრცელეს არასწორი და ცრუ ინფორმაცია ჩვენი ხელფასების შესახებ. ჩვენ არ გვაქვს დასამალი ჩვენი ხელფასების რაოდენობა, თუმცა წინა კვირას მოვითხოვეთ ჩვენივე ადმინისტრაციის ხელფასების შესახებ ინფორმაცია და უარი მივიღეთ.

რატომ, ეს ხომ საჯარო ინფორმაციაა?

- რატომღაც გვებნებიან, რომ ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. ჩვენი ხელფასები თუ საჯაროა, თავად რატომ მალავენ თავიანთ ხელფასებს? არ ვიცი, ჩვენს ადმინისტრაციაში რამდენ ადამიანს აქვს მაღალი ხელფასები, რადგან დაახლოებით ათი წელიწადია, პირდაპირი წვდომა სამმართველოსთან არ გვაქვს, ეს წვდომა ადრე უფრო გვქონდა. ასი პროცენტით ვიცით, რომ მათ ეძლევათ პრემიების სახით დანამატები, მაგრამ ზუსტი ციფრი არ ვიცით. ამხელა ხელფასები ჩვენ არასდროს გვქონია და, რომ გვქონოდა 1800 ლარი, ხმას არ ამოვიღებდით. ჩვენი მაქსიმალური ხელფასი 1100 ლარამდეა, პლუს დანამატებით, 1200 ლარამდე ავდივართ მთლიანობაში. თუმცა ცხოვრება გაძვირდა. 2013 წლიდან ჩვენ წამოვაყენეთ მოთხოვნები ხელფასის მომატების შესახებ, მაგრამ შეთანხმებამდე ვერ მივედით. 2016 წელს წინასაგაფიცვო პერიოდი დაიწყო ჩვენთან, მაგრამ ხელფასების მატებას მაინც ვერ მივაღწიეთ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ წამგებიანია მეტროს მუშაობა. რეალურად, მართლაც წამგებიანია ეს ორგანიზაცია?

- გასაგებია, მეტროპოლიტენი მერიის სუბსიდიაზეა, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მეტროპოლიტენს ყოველდღიური დიდი შემოსავალი აქვს. ფინანსებთან დაკავშირებით ზუსტად არ ვარ ჩახედული, მაგრამ უბედურება სულ სხვა რამეშია. იცით, საიდან წამოვიდა საგაფიცვო პერიოდი? 2017 წლის დეკემბერში, როცა ჩვენთან მამუკა კობახიძე მობრძანდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე და დაგვპირდა, მაცალეთ ორი თვე, გავერკვიო ფინანსებში და ხელფასებს გაგიზრდითო. 2018 წლის იანვრის ბოლოს მოგახსენებთ, რამდენი იქნება და როდის გაგეზრდებათ ხელფასებიო. თუმცა დადგა 2018 წლის იანვარიც. მოგეხსენებათ, სადგურ „ვარკეთილში“ ჩამოინგრა ჭერი. გვთხოვეს, ცოტა ხანს კიდევ მიგვეცა დრო, ჩვენც მივეცით ერთი თვე. თებერვლის ბოლოს ბატონი კობახიძე აღარ გამოჩენილა ჩვენთან, გამოგზავნა თავისი მოადგილე, რომელმაც ისევ მოითხოვა, აპრილის ბოლომდე გვაცალეთო.

რამდენ პროცენტიან ზრდაზე იყო საუბარი, რადგან ხელისუფლებას 45%-ით ხელფასის ზრდა მძიმე ტვირთად მიაჩნია.

- საქმეც ისაა, რომ ამას არ გვეუბნებოდნენ. თითქოს იანვრის ბოლოს უნდა ეთქვათ ჩვენთვის თანხა და ისევ მოითხოვეს, ბიჭებო, აპრილის ბოლომდე გვაცალეთ და აპრილის ბოლოს გეტყვით თანხასაც და დროსაცო. მაგრამ აპრილში კალაძის გამოსვლის შემდეგ მოგვახსენეს, რომ ხელფასების არანაირი ზრდა არ იგეგმებოდა და ამაზე არც მუშაობდნენ.

ითქვა, რომ, როგორც ზაზა სარალიძის ტრაგედიის კვალდაკვალნაციონალებიგააქტიურდნენ, მეტროს მემანქანეების გაფიცვაშიცნაციონალებისინტერესი იგრძნობოდა.

- არავითარ შემთხვევაში, არანაირი სამთავრობო, ან თუნდაც არასამთავრობო პარტიებთან შეხება არ გვაქვს. მემანქანეები ერთი ოჯახი ვართ და ყველამ ვიცით, ვინ რას წარმოადგენს. პოლიტიკური ინტერესები აქ გამორიცხულია.

ალბათ, თქვენთვისაც რთულად აღსაქმელია, როცა ავტობუსების იმედად დარჩენილ მოქალაქეებს მიწისზედა გადაჭედილი ტრანსპორტით უწევთ სარგებლობა. ბევრს 90-იანი წლებიც გაახსენდა...

- რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვისაც მძიმეა, მაგრამ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო. ჩვენი აქცია გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ეს პრობლემა მოდის უკვე ექვსი წელია. ბოლო მომენტამდე იმედი გვქონდა და თითქმის დარწმუნებულნი ვიყავით, რომ არ მოგვიწევდა გაჩერება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პრეცენდენტამდე მივედით.

მემანქანეების სიცოცხლის ხანგრძლივობას მიწისქვეშა მძიმე პირობებში მუშაობა ანახევრებს. რამდენად რთულია მემანქანის ცხოვრება, რომელსაც ამდენი მგზავრის ბედი აბარია?

- ამის შესახებ გამოკვლევაც ჩავატარეთ, მემანქანეების 60% ვერ აღწევს საპენსიო ასაკს. უკვე 18 წელია, ვმუშაობ მეტროპოლიტენის მემანქანედ და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც დღესდღეობით ჩვენთან არ არიან, ანუ დაიღუპნენ.

როგორც ამბობენ, საბჭოთა პერიოდში მემანქანეები განსაკუთრებული კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ამ მხრივ ახლა რა ხდება?

- არაფერი, დღესდღეობით გვაძლევენ ხელფასს და, რაშიც გვეყოფა, ისე უნდა გადავანაწილოთ ეს ხელფასი. საბჭოთა პერიოდში მეტროპოლიტენში არ მიმუშავია, მაგრამ გაგონილი მაქვს, რომ 45 წლის ასაკში მემანქანე უკვე პენსიაზე გადიოდა და განსხვავებულ პენსიას იღებდა. ასეთივე მაღალი ხელფასები ჰქონდათ. ჩემი ინფორმაციით, მაშინდელი მემანქანეები 250-300 მანეთს იღებდნენ მაშინ, როცა საშუალო ხელფასი 70-120 მანეთი იყო. ამჟამად ერთ ცვლაში 8-8,5 საათი გვიწევს გვირაბში ყოფნა. მით უმეტეს, მე გახლავართ საბურთალოს ხაზის მემანქანე, სადაც არ გვაქვს ჰაერზე ამოსვლის საშუალება. მხოლოდ შესვენებისას ნახევარი საათით შემიძლია ამოვიდე ზემოთ და ჰაერი ჩავისუნთქო.

ალბათ, გენატრებათ მიწის ზემოთ ამოსვლა?

- რა თქმა უნდა, მე ვმუშაობ მეორე ცვლაშიც, რომელიც იწყება საღამოს ოთხ საათზე და სრულდება ღამის პირველ საათზე. ღამის პირველი საათიდან დილის 5 საათამდე ჩვენ ვრჩებით სამსახურში და 5 საათზე გამოგვყავს მატარებელი, ანუ ვმუშაობთ ისევ დილის 9-ის ნახევრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ღამე საძინებელში როცა ავდივარ, მხოლოდ მაშინ მიწევს სუფთა ჰაერზე ამოსვლა. დაძაბულობა, ხმაური, ვიბრაცია, წნევა ჩვენზეც აისახება, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.

რამდენიმე თვის წინ, როცა გაფიცვაზე დაიწყო საუბარი, მერიაში ამბობდნენ, რომ ახალ კადრებს მიიყვანდნენ მეტროპოლიტენში.

- ახალი კადრების მომზადება ასე ადვილიც არ არის. 18 წლის წინ როცა ვსწავლობდი, წელიწადი და სამი თვე მომიწია სწავლა, მაგრამ დამიჯერეთ, მარტო თეორია არაფერია, პრაქტიკაა მთავარი. 18 წლის შემდეგ დღესაც ვსწავლობ, რადგან თეორია და პრაქტიკა ერთმანეთს ავსებს.

რატომ გადაწყვიტეთ ამ რთული პროფესიის არჩევა?

- მეტროპოლიტენში შემთხვევით მოვხვდი. გავიგე, რომ მემანქანეების კადრები სჭირდებოდათ. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. მართალია, მძიმეც არის, მაგრამ, იმავდროულად, უაღრესად საინტერესოა. ძალიან კარგი კოლექტივი გვყავს.

ცალკეული ექსპერტები ხელფასების 45%-იანი მატებას დიდ ციფრად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ჯობდა მემანქანეებს ხელფასების 5-6%-იანი მატება მოეთხოვათ.

- 45% ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ, სინამდვილეში, სულ რაღაც 3-ლარიანი მატება გამოდის, ანუ მხოლოდ 3 ლარს ვითხოვთ. თანაც, ჩვენ ხელფასის მატებას კი არ ვითხოვთ, არამედ 2012 წლიდან დღევანდელ დღემდე იმ დანაკარგის ანაზღაურებას მოვითხოვთ, რომელიც ჩვენმა ხელფასმა განიცადა. დღესდღეობით ჩვენს ხელფასებს უდარებენ ბაღის მასწავლებლების, პოლიციელების ხელფასებს. განა მეტროს მემანქანეების ბრალია, რომ ბაღის პედაგოგებს ასეთი დაბალი ხელფასები აქვთ?