„ამ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ის დრო, როცა დაჭერის შიშით თითოეული პროკურორი მზად იყო, ეღიარებინა მათ მიერვე ჩადენილი დანაშაული“

„ამ ხელისუფლებამ არ გამოიყენა ის დრო, როცა დაჭერის შიშით თითოეული პროკურორი მზად იყო, ეღიარებინა მათ მიერვე ჩადენილი დანაშაული“

თეა წულუკიანის მიმართ მოვლენები ისევ დაჩქარდა. მის გადადგომას ახლაც ითხოვენ ისე, როგორც ითხოვდნენ წლების წინ ყოფილი მაღალჩინოსნების გამამართლებელი განაჩენების გამო. ჯერ კიდევ 2014 წელს ლაპარაკობდნენ, რომ წულუკიანს თანამდებობიდან გადააყენებდნენ, რადგან დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლომ უარი განცხადა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა. თუმცა წულუკიანმა ყველაფერი კეზერაშვილის ძვირადღირებულ ადვოკატს დააბრალა, რომელმაც ფრანგ პროკურორს ღირსეული კონკურენცია ვერ გაუწია და განაცხადა, გადადგომას არ ვაპირებო. საქართველოდან სუსტად მომზადებული საქმეების გამო წულუკიანის მიმართ მაშინაც გაჩნდა კითხვები, როცა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლო გააკრიტიკა, რომელმაც გვანცა ყუფარაძის საქმეზე ყოფილი ხელისუფლება გაამართლა. ასევე იყო ვანო მერაბიშვილის საქმეც, როცა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კითხვები გაჩნდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილთან დაკავშირებულ სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წულუკიანის სისუსტე არ დაინახა.

დღეს უფლებადამცველთა ნაწილი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების ჩამოშლა და „ნაციონალების“ აღზევება წულუკიანის კისერზეა. თუმცა საინტერესოა, ვინ უწყობს ხელისუფლებას შანტაჟს, მხოლოდ „ნაციონალები“, თუ ამავე ხელისუფლების პოლიტიკა, რომელმაც „ნაცების“ მიმართ არ გამოიტანა ის განაჩენი, რასაც საზოგადოება ელოდა?! ამის შესახებ For.ge უფლებადამცველ ირმა ჭკადუას ესაუბრა.

ამ ხელისუფლების მოსვლის დღიდან უბრალო ხალხი კატეგორიული იყო, ისინი მოითხოვდნენნაცმოძრაობისკანონგარეშედ გამოცხადებას, რათანაციონალებსაღარ ჰქონოდათ პოლიტიკური რეინკარნაციის უფლება. დღეს კი ვიხილეთ, რომევროპული საქართველოსადა სხვა პარტიების შემწეობით ეს ძალა ქართულ პოლიტიკას საკუთარ თამაშის წესებს ისევ სთავაზობს. აქვს კი ჩვენს ხელისუფლებას სამართლიანობაზე აგებული პოლიტიკა?

- დღევანდელი ხელისუფლება მისი უაზრო, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მძევალია, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ. როგორ შეიძლება, გარიგებაში შეხვიდე დამნაშავე ორგანიზაციასთან, არ აქვს მნიშვნელობა, მათ „ნაციონალებს“ დავარქმევთ, თუ სხვა რამეს. „ნაცმოძრაობა“, რომელმაც სრულიად საქართველო ტერორში ამყოფა, გამოაცხადეს მთავარ ოპოზიციურ ძალად, გამოცხადდა მათთან კოაბიტაცია, ეს არ იყო ქართველი ხალხის დაკვეთა. უფრო მეტიც, ყველაზე მეტი პრეტენზია ამ ხელისუფლებასთან სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა ზუსტად იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა ეთქვა, „არა კოაბიტაციას“ და „არა სისხლიან რეჟიმს“. ისინი კი „ნაცმოძრაობას“ ამ თამაშში შეჰყვნენ, „ნაცებმაც“ ეს კარგად გამოიყენეს და დღეს ეს დამნაშავე ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლების 80% ციხეში უნდა იყოს, შანტაჟს უწყობს ამ ხელისუფლებას და არა მარტო ხელისუფლებას...

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს მოიმკო, რასაც ახლა ღებულობს, მაგრამ ამ ყველაფერში მოჰყვა ხალხი და ხალხი გახდა „ნაცმოძრაობის“ მძევალი. ხალხმა რა დააშავა? ეს არ იყო მათი დაკვეთა. ამიტომ ეს ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს და, თუკი არის უკანდახევის საშუალება, ყველანაირი კომუნიკაცია დამნაშავე რეჟიმთან შეწყვიტოს და აღასრულოს ხალხის ნება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, სულაც არ დასჭირდებათ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან შანტაჟი, მომავალ არჩევნებზე (თუ ხალხმა შეძლო ამდენის მოთმენა და არჩევნებამდე მიიყვანა საქმე) ეს ხალხი „ოცნებასაც“ ეტყვის „არას“.

ირაკლი შოთაძის გადადგომა ამ ხელისუფლებისთვის თავის გადარჩენის საშუალება იყო?

- ვფიქრობ, ირაკლი შოთაძის გადადგომა იყო შეცდომა. პრაქტიკულად, ამის შემდგომ მოხდა ის, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ნებისმიერ სტრუქტურასთან შეუძლიათ მისვლა, ჩინოვნიკების გადადგომის მოთხოვნა და ისინიც უაპელაციოდ გადადგებიან. ბატონი შოთაძე აღმოჩნდა ადამიანი და მან მორალურად აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ. ეს არ გახლავთ მხოლოდ ზაზა სარალიძის პოზიცია, რომელსაც, თითქოსდა, აინტერესებდა თავისი შვილის საქმის გამოძიება, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ის მაღალი თანამდებობის პირთა გადადგომით აშანტაჟებს ხელისუფლებას მაშინ, როცა ეუბნებიან, რომ სხვადასხვა ნაბიჯი იდგმება მისი შვილის საქმის გამოსაძიებლად. სარალიძე იქვე ამბობს, რომ თურმე განადგურებულია მტკიცებულებები, ჩვენებას თურმე არავინ იძლევა. თუკი მან იცის, რომ გამოძიება ჩიხშია შესული და ვერაფერს გააკეთებს, მაშინ რომელ გამოძიებას ითხოვს? მაშინ პირდაპირ თქვას, რომ მას რეალურად ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები და ამისთვის საკმაოდ კარგად შეიყოლია „ნაცმოძრაობამ“.

რა თქმა უნდა, ესეც ამ ხელისუფლების დანაშაულია, რადგან კეთილი უნდა ენება ხელისუფლებას და დაზარალებული მუდმივად ინფორმირებული ჰყოლოდა, თუ რა ხდებოდა მის საქმეში, რა პლუსები და მინუსები იყო. შეცდომების გარეშე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს გამოძიება. ჩვენ ვიცით, რომ თუნდაც ინგლისში გამოძიება წლების განმავლობაში გრძელდება იმისთვის, რომ შედეგამდე მივიდნენ. ასევე, ვიცით, რომ არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში მიიღეს, არ გვაძლევს ხანგრძლივი გამოძიების შესაძლებლობას. ძალიან ცუდი იყო, რომ შემთხვევის ადგილას მყოფმა ბავშვებმა, ანუ მისი შვილის კლასელებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. მომხდარის გამო ბავშვებსა და მათი ოჯახის წევრებს უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა და ყველას ეთქვა სიმართლე. თუკი ბატონი ზაზა საუბრობს იმაზე, რომ სიმართლე სულ სხვა არის, ვიდრე გამოძიებამ ეს თქვა, მაშინ მან ისიც მიუთითოს, ვისგან იცის, რომ სიმართლე სხვა არის, უნდა მიუთითოს კონკრეტული ადამიანები, რათა ისინი დაკითხოს გამოძიებამ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ გამოძიებას რომელი ორგანო აწარმოებს, შს სამინისტრო, თუ პროკურატურა.

ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა ქალბატონი თინა ხიდაშელის თავმჯდომარეობით, თორემ საგამოძიებო კომისია პარლამენტში, ასეთი რამ ჩვენს უახლოეს ისტორიაში და არც წარსულში არ მახსენდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გარკვეული ლაფსუსები დაუშვა ამ გამოძიების მიმდინარეობისას, მაგრამ სახელმწიფოს ამ წუთში აქვს სურვილი და ნება იმისა, რომ რეალურად გამოიძიოს აღნიშნული საქმე და კითხვები არავის დარჩეს.

როცა მომხდარ ტრაგედიას გირგვლიანს ადარებენ, ეს ხმამაღალი ნათქვამია, რადგან გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მოცემულ შემთხვევაში კი, ეს იყო სამწუხარო ფაქტი ბავშვებს შორის. ამიტომ ფორმულირება, რომ სარალიძის საქმე „გირგვლიანი 2“-ია და გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას, აბსოლუტურად მიუღებელია.

სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმით მოვიდა ხელისუფლებაში თეა წულუკიანი და იმ დროს ძალზე პრინციპულიც იყო გირგვლიანის ტრაგედიაზე საუბრისას, მაგრამ ახლა ჩვენ გვესმის არასამთავრობოებისა დარესპუბლიკელებისმოთხოვნა, რომ წულუკიანს აღარ აქვს მორალური უფლება, კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს. ვის აქვს მორალური უფლება, შეარჩიოს მთავარი პროკურორი?

- მორალურ უფლებაზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ მორალური უფლება საერთოდ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ და მასთან პირდაპირ თუ ირიბ კავშირში მყოფ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მით უფრო, არ აქვთ მორალური უფლება, რომლებიც წინა 9-წლიანი რეჟიმის დროს ხმას არ იღებდნენ და მაშინდელ რეჟიმს „აპრავებდნენ“. ის, რომ მათ სურთ დღეს ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ და მმართველობაში მოვიდნენ, ესეც ერთგვარი მონაპოვარია. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომელი მათგანი გაბედავდა ხმის ამოღებას? შეთავაზებას კი არა, გაფაჩუნებასაც ვერ ბედავდნენ ეს ადამიანები. თუკი არ აქვს თეა წულუკიანს მორალური უფლება, იქნებ, ამ „მორალურმა“ ადამიანებმა გვითხრან, ვის აქვს ეს უფლება? წულუკიანს აქვს პასუხისმგებლობა, მან კარგად იცის, რასაც აკეთებს, მაშინ მათ კანონი უნდა შეცვალონ. იმიტომ, რომ ორგანულ კანონშია გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს მთავარი პროკურორის არჩევა. აქედან გამომდინარე, ეს არის ლირიკა, თუ ვის უცხადებენ უნდობლობას და რა უნდათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

როცა ხელისუფლებისგან დასახელებული მთავარი პროკურორები არ ამართლებენ, ჩვეულებრივ საზოგადოებას არ აქვს იმის უფლება, თავად შეარჩიოს სასურველი კანდიდატი?

- კი ბატონო, შესთავაზონ, დისკუსია გახსნილია. როგორც ვიცი, თეა წულუკიანს არ უთქვამს უარი, ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების გამართვაზე. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მისი კანდიდატურა, ან საინიციატივო ჯგუფებმა შესთავაზონ წულუკიანს კანდიდატურები. წულუკიანი მათგან შეარჩევს სამს და ამ სამიდან აუცილებლად ერთი უნდა იყოს ქალბატონი, ხოლო ორი მამაკაცი, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. თუკი საპროკურორო საბჭოსგან საკმარის ხმათა რაოდენობას მიიღებს, რომელიც მას ეყოფა იმისთვის, რომ წარდგეს პარლამენტში, განხორციელდება კიდეც ეს პროცედურა.

გვესმის ხმამაღალი ეიფორია მართლმსაჯულების რეფორმების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ტალღის შესახებ, მაგრამ უბრალო ადამიანებისთვის ეს ტალღები არაფერს ნიშნავს, მათთვის სამართალი არ აღმდგარა. როცა თეა წულუკიანის გადადგომაზეა საუბარი, მის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს ცალკეული საქმეები, რომლებიც უცხოეთში ან საქართველოში ყოფილი ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა.

- ერთი თეა წულუკიანი ვერაფერს გახდებოდა. ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რა კურსიც აიღო „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ, როცა გადაწყვიტა კოაბიტირება დამნაშავე რეჟიმთან. მოსამართლეები, რომლებიც დამნაშავედ უნდა ცნობილიყვნენ და პროკურორები, რომლებსაც დანაშაული ჰქონდათ ერისა და კონკრეტული ადამიანების წინაშე ჩადენილი, დააწინაურეს და უფრო მეტი ლეგიტიმური უფლებები მისცეს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ. ამ ადამიანებისგან რა მოლოდინი უნდა გვქონოდა? ეს არის გამოუსწორებელი შედეგები და, თუკი ამ ხელისუფლებას გააჩნია რესურსი და გამოასწორებს შეცდომებს, კარგი იქნება, რადგან ჩვენ თანაზიარი ვართ, რომ „ნაციონალური“ რეჟიმი არ უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში. ამ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი წყალს ასხამს „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს ადამიანები უკვე ბედავენ ულტიმატუმით ელაპარაკონ ხელისუფლებას.

თეა წულუკიანს რა უნდა ექნა, როცა არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მათ აქვთ თავიანთი წესები. მაშინ წულუკიანი უნდა დამსგავსებოდა წინა ხელისუფლებას, რომლებიც კანონდარღვევით უშვებდნენ მოსამართლეებს. ამ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს უხერხული შეგრძნებები. ალბათ, გარეთ გამოსვლით ნაკლებად იწუხებენ თავს, მაგრამ ჩვენ გვახსოვს შორეული წარსული, როცა მეფეები ჭილოფში ჩაცმულნი გამოდიოდნენ და წყაროზე ხალხი რას ლაპარაკობდა, იმას კითხულობდნენ. მათ უნდა აინტერესებდეთ, რას ფიქრობს ხალხი, რომელიც მათთვის მანდატის მიმცემია, რადგან ქართველი ხალხის იმედები ვერ გაამართლეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ არ აღსრულებულიყო სამართალი.

წესით, პარლამენტი უნდა ყოფილიყო პროკურატურის საქმიანობაზე მაკონტროლებელი ორგანო, მაგრამ პარლამენტს არავინ უსმენდა. როცა ვერ გაყარეს დამნაშავე ძველი მოსამართლეები და პროკურორები, თავისუფალ ნებაზე მიშვებული მათი საქმიანობა მაინც არ უნდა გაეკონტროლებინათ?

- პირველი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს ბატონი კბილაშვილის დროს მაშინ, როცა თითოეული პროკურორი მზად იყო, დამდგარიყო და ეღიარებინა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, ოღონდ ისინი არ დაეჭირათ და ემხილათ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებისგანაც ისინი შეკვეთებს იღებდნენ. წარსულს რომც მივდიოთ, აზრი არ აქვს. ის დრო უკვე წასულია. პირიქით, ის პროკურორები დაწინაურებულები არიან და კარგად გრძნობენ თავს. ვინც არ უნდა იყოს დღევანდელი მთავარი პროკურორი, მას უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო და სერიოზული საკადრო საკითხები ექნება გადასაწყვეტი. კანონები, რომელითაც ხდება გამოძიება, ხარვეზიანია; ასევე, კანონები, რომელითაც სარგებლობს სასასამართლო, ხარვეზიანია და ამ ხარვეზების გამოსასწორებლად არაფერი არ გააკეთა პარლამენტმა, ანუ იმ საკანონდებლო ორგანომ, რომელსაც მანდატი მივეცით.

საგამოძიებო ვადები საერთოდ არ არსებობს, შეუძლიათ, დაუსრულებლად გიპასუხონ, რომ კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ეს ყველაფერი თვალში ნაცრის შეყრაა. ამიტომ თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა პარლამენტს. პარლამენტარები სხვადასხვა საკითხებში კი არ უნდა ერეოდნენ და, სადაც არ არის საჭირო, კი არ უნდა აკეთებდნენ განცხადებებს, არამედ უნდა დაკავდნენ საკანონმდებლო შემოქმედებით. თუმცა ამ ადამიანებმა ნამდვილად არ იციან, რა პრობლემები აწუხებდა ხალხს. ისინი საკანონმდებლო ორგანოში შემთხვევით მოხვდნენ. მე არ ვიცი, ვინ ადგენს საპარლამენტო სიებს, მაგრამ მთავარია, რომ მათ ხონჩით მიართვეს პარლამენტის წევრობა, სადაც თავს კარგად გრძნობენ და არაფრის გამოსწორებას არ ფიქრობენ. თუმცა ხალხი მათ ძალიან მალე ეტყვის „არას“ და წაბრძანდებიან იქ, სადაც წავიდნენ „ნაცები“. მართალია, „ნაცებს“ ხელი შეუწყვეს, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ნაკლებად წარმომიდგენია, „ქართულ ოცნებას“ ვინმემ ხელი შეუწყოს დაბრუნებაში.