მემანქანეების სულ სხვა რელსებზე გადაყვანა დამოკიდებულია მერიაზე

მემანქანეების სულ სხვა რელსებზე გადაყვანა დამოკიდებულია მერიაზე

მეტროსადგურმა დღეს 14.00 საათზე განაახლა მუშაობა. კვირას გაფიცულ მემანქანეებთან კომპრომისის მიღწევა მოხერხდა. „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის რატი კაპანაძის თქმით, გაიმართება შეხვედრები და ეტაპობრივად მოხდება მემანქანეების პრობლემის მოგვარება.

ამ შეთანხმების მიღწევამდე კი კახა კალაძესთან შეხვედრა მეტროს მემანქანეებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ქალაქის მერს კონკრეტული შეთავაზება არ ჰქონია და იგი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ 2019 წლიდან ხელფასების მატებაზე ფიქრი დაიწყებოდა.

როგორ მოხერხდება გლდანის დეპოსთან შეკრებილი მემანქანეების სულ სხვა რელსებზე გადაყვანა და რა მდგომარეობაში არიან მეტროს მოშიმშილე თანამშრომლები? ამის შესახებ For.ge-ს „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარე რატი კაპანაძე ესაუბრა.

 რატი კაპანაძე: მემანქანეები მძიმე მდგომარეობაში არიან ისე, როგორც უძილოებს, გადაღლილებს შეეფერებათ. მთავარია, ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, რომელიც როგორმე დასასრულამდე უნდა მივიდეს. ამისთვის საჭიროა, მერიიდან მივიღოთ კონკრეტული შეთავაზებები. მერთან შეხვედრისას არ ჩანდა კონკრეტული შემოთავაზებები. დიახ, იყო 2019 წელზე საუბარი, მაგრამ ამ თემის დაკონკრეტება არ ხდებოდა, ამიტომაც შეთანხმება ვერ მოხერხდა. მემანქანეები მზად არიან მოსალაპარაკებლად.

ხელისუფლების არგუმენტით, მეტროს საამისო ფინანსური რესურსი არ აქვს, ვინაიდან წამგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მინუსებში ამთავრებს ყოველწლიურ საქმიანობას. რა გამოსავალს ხედავთ?

- გასაგებია, რომ მეტროპოლიტენს რესურსი არ აქვს, მაგრამ უკვე ექვსი წელია ამ თემებზე საუბრობენ და უნდა ყოფილიყო მზაობა იმისთვის, რომ შესაბამისი თანხები გამონახულიყო თბილისის მერიიდან, რადგან მეტროპოლიტენი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია. სწორედ მერიას უნდა უზრუნველეყო მისი ბიუჯეტის გაზრდა. ამით დაკმაყოფილდებოდა ჩვენი მოთხოვნებიც და დღევანდელი სიტუაციაც არ გვექნებოდა, მაგრამ ექვსი წლის განმავლობაში მოლაპარაკების გზამ შედეგი ვერ გამოიღო. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა მამუკა კობახიძისნაირ ჩინოვნიკთა ხელფასები ამ მემანქანეებზე გადანაწილებულიყო, ჩვენ არ ვიცით, კობახიძე რამდენს ღებულობს ხელფასს, ჩვენ ეს ამოვიკითხეთ მის მიერვე შევსებული დეკლარაციიდან, სადაც ვკითხულობთ, რომ 40 დღეში აიღო მან ეს თანხა. მაღალჩინოსნების ხელფასი სრულ შეუსაბამობაშია ამ კომპანიაში დასაქმებულ პირთა ხელფასებთან.

როგორც ამბობენ, მემანქანეებისთვის ხელფასის მომატების შემთხვევაში, უსამართლო სახელფასო დისპროპორცია ახალ გამოწვევად იქცევა.

- დღევანდელი მემანქანის ყოველთვიური სახელფასო სარგო შეადგენს 1038 ლარს და არა 1800 ლარს. ჩვენი მოთხოვნა საათობრივი ხელფასის ტარიფის ათ ლარამდე გაზრდის შესახებ გამოიწვევს ხელფასის ზრდას 1500 ლარამდე, ანუ ეს იმ თანხაზე ნაკლები იქნება, რაც მათ გაავრცელეს, თითქოს მემანქანეებს 1800-ლარიანი ხელფასები ჰქონდათ. სხვადასხვა სამსახურებს შორის დისბალანსს რაც შეეხება, არ შეიძლება, სამსახურების ერთ ჭრილში მოქცევა. ყველა სამსახური საპატივსაცემო, დასაფასებელია. ამ სამსახურებს შორის დისბალანსი შეიძლება არსებობს, მაგრამ მივიდა ვინმე და ჰკითხა ბაღის მასწავლებლებს, რამდენად საკმარისია მათი ხელფასები? რა თქმა უნდა, ასეთი ხელფასები კატასტროფაა და ამაზე უნდა ზრუნავდეს მუნიციპალიტეტი. რა არის გასაკვირი იმაში, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ითხოვენ ღირსეულ და სამართლიან ანაზღაურებას, რაც მათი უფლებაა. როდესაც ქვეყანაში ვალუტა ფუჭდება, პროდუქტებზე ფასები იზრდება, გადასახადები მატულობს, ვინ ზრუნავს ადამიანების ბედზე? ამიტომ პროპორციულად უნდა ხდებოდეს ხელფასების ზრდა. თუკი მემანქანეებმა სამართლიანად მოითხოვეს ხელფასების მატება, განა ისინი უნდა შევზღუდოთ ამ მოთხოვნაში, რადგან სხვა პროფესიის ადამიანები ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობენ?

ქვეყანაში სხვადასხვა ძალები დაინტერესებულნი არიან საპროტესტო ტალღის აგორებით. მემანქანეები რამდენად არიან დაზღვეულნი იმისგან, რომნაციონალებიარ გამოიყენებენ მათ მოთხოვნებს და ქვეყანაში დივერსიის მოწყობას არ შეეცდებიან?

- კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. „ერთობა 2013“ მეტროპოლიტენში დასაქმებული მემანქანეებისა და სხვა სამსახურების შემადგენელი ნაწილია. ეს ორგანიზაცია დააარსეს იქ დასაქმებულმა ადამიანებმა და მხოლოდ შრომით ურთიერთობებსა და დავის საკითხებშია ჩართული, რათა დასაქმებულების მდგომარეობა გააუმჯობესოს. ჩვენი ორგანიზაცია დამოუკიდებელია და სულაც არ გახლავთ საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირში შემავალი. მისი თავმჯდომარე მე გახლავართ და პირდაპირ ვაცხადებ, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას ჩვენს უკან და სიტუაციის სხვა ჭრილში გადაყვანა არ მოხდება.

ანუ ეს დროში უბრალოდ დაემთხვა ზაზა სარალიძის აქციას?

- დიახ, ეს დროში დამთხვევაა. უბრალოდ, ეს არის გაგრძელება 2016 წლისა, როცა წინასაგაფიცვო პერიოდში ვიყავით. შემდეგ 2017-ში აიღეს ხელფასების მატების ვალდებულება, რომელიც დაგვირღვიეს. უკვე 2018 წლის 2 აპრილს შევიდა სასამართლოში განჩინება იმის თაობაზე, რომ დაიწყებოდა გაფიცვა და მოვითხოვეთ მედიატორი. 2 აპრილის შემდგომ კი 21-დღიანი ვადა ჩაერთო მედიაციის პროცესში და შემდეგ უკვე სასამართლომ 30 დღით გადაგვივადა ეს პროცესი. ზუსტად 3 ივნისს გავიდა ეს ვადა. ჩვენ თანხვედრაში არავისთან არ ვართ და არც არავის ვთხოვთ დახმარებას. ეს შრომითი დავაა და თავის გზას გადის ეს პროცესი. ამას ვერავინ შეუშლის ხელს და არ უნდა გავაიგივოთ ეს პროცესი „ნაციონალებთან“.

კახა კალაძის ნათქვამი, 2019-დან ვიფიქრებთ ხელფასის მომატებაზე, თქვენთვის არ არის დამაიმედებელი?

- რა თქმა უნდა, დამაიმედებელი ნათქვამია, წინგადადგმული ნაბიჯია, მივესალმებით ამას, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი კონკრეტიკა, დეტალიზაცია გვჭირდება, როგორ მოხდება 2019 წლიდან ხელფასის მომატება, რა ტარიფით მოხდება. თუ ამას შემოგვთავაზებენ, მზად ვართ, განვიხილოთ. ქვეყანაში ცხოვრების დონე გაძვირდა, იმავე ხელფასს რომ ვუტოვებთ ადამიანებს, დაუშვებელია. საბჭოთა კავშირის დროსაც მემანქანის ხელფასი საშუალო ხელფასზე ორჯერ მეტი იყო. სამწუხაროდ, დღეს ეს პროფესია ჩვეულებრივი სტანდარტული სამსახურების ნუსხაში აღმოჩნდა, სადაც საშუალო ხელფასებია. აქ უნდა იყოს მაღალი ხელფასი, რადგან გარემოა ძალიან მძიმე, მემანქანე თავის სამუშაო საათებს ატარებს მიწისქვეშ, გვირაბში, საშინელ ხმაურში. არის ვიბრაცია, უშუქობა, დღისა და ღამის განათებაზე გადასვლა, რაც მხედველობაზე ძალიან ცუდად აისახება. ასევე, უჟანგბადობაა გვირაბში და ჰაერში გაბნეულია უამრავი უცხო ნაწილაკი, რკინის მტვერი და სხვა, რომელიც ცუდად აისახება ჯანმრთელობაზე. ამას ემატება ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რასაც თითოეული მათგანი მუშაობის პროცესში ახორციელებს. მათ ერთი წამითაც არ აქვთ ყურადღების მოდუნების უფლება, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან მგზავრთა უსაფრთხო და სწრაფ გადაყვანაზე.

შიმშილობა და გაფიცვა როდემდე გასტანს?

- ახლა უკვე მემანქანეთა ნაწილი შიმშილობს და არა მთლიანად მემანქანეთა მთელი შემადგენლობა. შეუძლოდ გაგვიხდა რამოდენიმე ადამიანი და გადაიყვანეს კლინიკებში. ჩვენ მოვუწოდეთ, ამ ადამიანებმა შეწყვიტონ შიმშილობა, რადგან უკიდურესად დასუსტდნენ.