ეკონომიკა იზრდება მოსახლეობა ღარიბდება

ეკონომიკა იზრდება მოსახლეობა ღარიბდება

სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევითა, გამოკითხვით და ემპირიული დაკვირვებით დასტურდება, რომ სოციალური ფონი ქვეყანაში გაუარესებულია და ეს ოჯახების მატერიალურ მდგომარეობაზეც აისახება. პარადოქსი ისაა, რომ ეკონომიკა იზრდება და თანაც დაგეგმილზე მეტად, მაგრამ ცხოვრების დონე ეცემა, ხოლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უარესდება. სამწუხაროდ, იზრდება უთანასწორობის მაჩვენებელიც.

2018 წლის აპრილის მდგომარეობით ეკონომიკურმა ზრდამ 6,5%-იც კი შეადგინა, თუმცა ეს ვერაფერი ნუგეშია ხელმოკლე ფენისთვის, რომელიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენს.

„საქართველოში ეკონომიკა იზრდება, თუმცა ეს მოსახლეობაზე თანაბრად არ აისახება ყველა ფენაზე. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის მდგომარეობა უმჯობესდება, გარკვეული ჯგუფებისთვის კი იგივე რჩება ან უარესდება. შესაბამისად, მშპ-ს ზრდა მოსახლეობის ყველა ფენის კეთილდღეობის ზრდას არ ნიშნავს“, - აცხადებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.

მისი თქმით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები აბსოლუტურად არაერთგვაროვანია, ზოგ დარგში მოხდა ზრდა, ზოგან კი, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში, შემცირდა.

„იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ამ დარგში შექმნილი დამატებითი ღირებულების შემცირება პირდაპირ აისახება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე. ანუ, იმ ადამიანებზე ვისი შემოსავლების დიდი ნაწილიც აგრაგული სექტორიდან, კერძოდ, სოფლის მეურნეობით ყალიბდება“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

მისივე თქმით, საქართველოში სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია:

„იმისთვის, რომ ქვეყანაში სოციალური სტაბილურობა გვქონდეს, ანუ შემოსავლების მხრივ მდიდრებსა და ღარიბებს შორის ამხელა განსხვავება არ იყოს, ჯინის კოეფიციენტი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს, 28-32-ს“, - აცხადებს „ბიპიენთან“ სტატისტიკოსი.

2017 წელს ჯინის კოეფიციენტი 0,1-ით გაიზარდა და 41-ის ნიშნულს მიაღწია. ამ კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა გაზრდილია.

ღარიბთა რაოდენობის ზრდას ადასტურებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძეც. მისი ვარაუდით ყველაზე მოწყვლად ფენას მოსახლეობის კიდევ 5% შეემატა. ეს დამატებით პრობლემას უქმნის ქვეყანას.

„5 წლის განმავლობაში მოსახლეობის ძირითადი მასის შემოსავალი მოცულობაში არ შემცირებულა, მაგრამ სავალუტო რყევების გამო მისი მსყიდველუნარიანობა შესუსტდა. აქედან გამომდინარე, გარკვეული კატეგორიისთვის მატერიალური მდგომარეობა გაუარესებულია. დასაქმების მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს არა საჯარო სექტორში, არამედ ბიზნესის დარგში, რაც გააუმჯობესებს ვითარებას. სხვა გამოსავალს ჯერჯერობით ვერ ვხედავ.

სავარაუდოდ, 5%-ის ფარგლებშია იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ღარიბ-ღატაკთა ფენაში გადავიდნენ. ძალიან დიდი მცდელობა გვინდა, რომ ვითარება გამოსწორდეს. ამ პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმება და იმავდროულად ლარის გამყარება, რისი გამოკვეთილი ნიშნები ჯერჯერობით არ გვაქვს. ამდენად, სარისკოა თქმა, რომ ვითარება უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, საკმაოდ რთული მდგომარეობაა“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.