კუპრავას კიევური არდადეგები

კუპრავას კიევური არდადეგები

„მე, ჩემი მეუღე და ზვიად კუპრავა ერთად მოვფრინავთ კიევიდან თბილისში“, - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე ქეთი მორჩილაძე. შეგახსენებთ, ზვიად კუპრავას აეროპორტში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ ის კიევში მიფრინავდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ უპარტიო წევრი, უფლებადამცველი ზვიად კუპრავა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტთან აქციებს მართავდა, კიევში იმყოფებოდოდა. არსებული ინფორმაციით, კუპრავას ქვეყნიდან გასვლის მიზანი დაფინანსების წყარო იყო.

კიევის რეისით თბილისში დაბრუნებულმა კუპრავამ აღნიშნა, რომ ტრანზიტული რეისით უკრაინიდან ჩამოფრინდა, მაგრამ კიევში არ ყოფილა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტები დახვდნენ და დაინტერესდნენ თუ სად იმყოფებოდა, რისთვის და ჰქონდა თუ არა შეხვედრები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. კუპრავამ ჟურნალისტებთან იხუმრა და განაცხადა, რომ ტიბეტში იყო, სადაც დალაი-ლამას შეხვდა.

„კიევში არ ვიყავი, ტრანზიტით ჩამოვედი, ტიბეტში ვიყავი, დალაი-ლამას შევხვდი. მისივე თხოვნით, სათავეში ვუდგები იქაური მემანქანეების გაფიცვას. კიევში არ ვიყავი, ტრანზიტით ვიყავი მხოლოდ კიევში, უკრაინის საზღვარი არ გადამიკვეთავს, უკრაინაში ვიყავი მხოლოდ ნეიტრალურ ზონაში, ვინაიდან თვითმფრინავს ველოდებოდი. ევროპაში ვიყავი, მაგრამ ამსტერდამში - არა“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

უპასუხია მედიის შეკითხვაზე-შეხვდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს, ასევე, იყო თუ არა მისი ქვეყნიდან გასვლის მიზანი დაფინანსების წყაროს და სპონსორების მოძიება, კუპრავამ აღნიშნა, რომ ამ დეტალებზე მოგვიანებით რუსთაველზე ისაუბრებს.

თუმცა, კუპრავამ მოგვიანებით განმარტება „რუსთავი 2“-ისთვის გააკეთა:

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან მაღალია სუს-ის ინტერესი ჩემს მიმართ და ჩემს მიერ ჩატარებული შეხვედრების მიმართ, გადავწყვიტეთ, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო საზღვარგარეთ. მე ვხვდებოდი ხელისუფლების კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების ყოფილ მეგობრებს, რომელთაგანაც მე ის ინფორმაციები რა ინფორმაციებსაც ვაჟღერებდი, თუნდაც მირზა სუბელიანის მიმართ და თუნდაც სხვებთან მიმართებაში სწორედ ამ ადამიანებისგან მქონდა. სწორედ ამას ემსახურებოდა ამ ადამიანებთან ჩემი შეხვედრაც. საზღვარგარეთ იმიტომ გადაწყდა, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. არ ვიცი პარტიული წევრები არიან თუ არა ესენი, მაგრამ ვიცი, რომ წვდომა აქვთ ბევრ რამეზე“, - აცხადებს ზვიად კუპრავა.

მაშ ასე, კუპარავამ უკვე გაიარა კონსულტაციები ყოფილ მაღალჩინოსნებთან და საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე მივიდა. სწორედ ამ შეხვედრაზე ოპოზიცია 10 ივნისს ერთობლივი ფართომასშტაბიანი აქციის გამართვის დეტალებზე შეთანხმდა. ოპოზიციის გადაწყვეტილებით აქცია პარლამენტის შენობასთან 16:00 საათზე დაიწყება და რაც მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზაციული მხარეზე პასუხისმგებლობა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ აიღო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ისინი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ ერთიანდებიან და მათი მოთხოვნა არის დამნაშავეების დასჯა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას ზვიად კუპრავასთან პერსონალური კონტაქტი არ აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ კუპარავას ქვეყნიდან გასვლა ეხებოდა გარკვეულ ინფორმაციებს, რომლებიც მას დამატებით უნდა მიაწოდონ.

„მე მაქვს ინფორმაცია, რაც მითხრეს, - შეიძლება დამატებით მოიპოვოს გარკვეული მტკიცებულებები სხვადასხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით ამ საქმეში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ, რომლის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა ზვიად კუპრავას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი.

და ვინ არის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა, რომელმაც აქციის მსვლელობისას, არაერთხელ მოითხოვა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ კუპრავა მისი ოჯახის ახლობელია. თუმცა, სარალიძის ოჯახის ახლობლები გვიყვებიან, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 40 დღის გასვლის შემდეგ, ზვიად კუპრავა როგორც „სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებელი, თავად გამოცხადდა ზაზა სარალიძეს სახლში და განუცხადა, რომ მისთვის ცნობილია ამ საქმის დეტალები და თუ ოჯახის სურვილი იქნება, მზად არის დაეხმაროს სიმართლის დადგენაში. როგორც სარალიძეების ახლობლები ამბობენ, სწორედ ასე დაიწყო კუპრავა-სარალიძეს ახლობლობა - კუპრავამ ამ ოჯახის ტრაგედიით ისარგებლა.

ზვიად კუპრავა ამ საქმეში როგორც უფლებადამცველი ისე ჩაერთო და თითქოსდა საკუთარი გამოძიებაც აწარმოა, მაგრამ ამ გამოძიების შედეგები უცნობია. ზაზა სარალიძეს განცხადებით, კუპრავამ მას განუცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც არასოდეს ჰქონია, მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს მისი ბიოგრაფიული მონაცემები - უფლებადამცველი კუპრავა 2007-2013 წლებში შსს-ში პატრულის პოზიციაზე მუშაობდა და მონაწილეობდა 26 მაისის დარბევაში.

ეს ის ზვიად კუპრავა გახლავთ, რომელმაც 1 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ გიორგი კვირიკაშვილს ზაზა სარალიძის მოთხოვნის მიუხედავად, სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცა და შეკრებილებს ჟესტიკულაციით საპირისპირო ანიშნა, რის გამოც პრემიერს ბოთლები ესროლეს. კუპრავამ ტრიბუნიდან არაერთხელ გააკეთა განცხადება ხელისუფლების დამხობაზე, რაც კანონით დასჯადია. ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობაზე, რისი ნიშნებიც ანალიტიკოსების შეფასებით სახეზეა.