ავტომაგისტრალის მშენებლობა ყველანაირ ვადას ასცდა

ავტომაგისტრალის მშენებლობა ყველანაირ ვადას ასცდა

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყანაში კვლავ დიდი პრობლემებია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრი და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე არაერთგზის შეიცვალა, ძირითადი ხარვეზების გამოსწორება ვერაფრით ხერხდება.

მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ამავე დროს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, ავტომაგისტრალის რიგი მონაკვეთების მშენებლობის დასრულების ვადები 2021-22 წლებია.

ამჟამად, ჩქაროსნულ მაგისტრალზე 200კილომეტრი გზა არის დასაგები. მშენებლობის 2020 წელს დასასრულებლად, წელიწადში, საშუალოდ, 66.6 კილომეტრი გზა იქნებოდა გასაყვანი. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, წელიწადში, საშუალოდ, 18 კილომეტრი გზა შენდებოდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტომაგისტრალზე მშენებლობის ყველაზე რთული მონაკვეთებია დარჩენილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 190 კილომეტრზე გზის საფარის მოწყობა დასრულებულია, მოძრაობა კი 167 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში, მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი 99 კმ გზაზე გაიხსნა.

არც ერთი მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორებიცაა რუსთავის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, არ ხორცილედება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და იკვეთება მთელი რიგი დარღვევები ხარისხთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, რუსთავის შემოვლითი გზა, ფაქტობრივად, დაუმთავრებელია;

ქუთაისის შემოვლითი გზა საერთოდ ნონსენსია, რადგან არასწორი დაპროექტების გამო იქცა ფატალური ავტოავარიების მიზეზად და აუცილებელი გახდა მისი გაცალმხრივება, რამაც მისი ეფექტიანობა, პრაქტიკულად, გაანულა.

ქობულეთის შემოვლით გზაზე უკვე შეიმჩნევა დონეების აცდენა გზის ბეტონის საფარსა და ხიდებს შორის და მიდის ამ სიცოცხლისთვის სახიფათო ხარვეზის, ასფალტის ფენების ჩაკერების მეთოდით „გამოსწორება“. დაწეულია და წყლით ივსება დამაკავშირებელი გზების გვირაბები, წყალგამტარი ხიდები;

რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის, დღემდე ყველაზე ძვირადღირებულ (254 მლნ ლარი) მონაკვეთს, მას აშენებს ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“, რომლის საერთაშორისო რეპუტაცია უკიდურესად შელახულია, რომელიც მსოფლიო ბანკის შავი სიის ბინადარი იყო მის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი საერთაშორისო პროექტი „საერთშორისო გამჭვირვალობამ“ შეაფასა, როგორც „კორუფციის მონუმენტი“. კომპანიის მიერ აგებულ მაგისტრალს არ იბარებს სომხეთის მთავრობა უკიდურესი უხარისხობის გამო. კომპანიას საქართველოს ბიუჯეტის მიმართ აქვს 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება, რის გამოც მისი ქართული ფილიალი, ფაქტობრივად, გაჩერებულია და დაყადაღებულია მისი ქონება და ანგარიშები.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ჩინური კომპანიების „სინოჰიდროსა“ და „რკინიგზა 23“-ის მიერ დაგებული გზა უკვე ჭაობში იძირება.

„ახალი პროექტით მშენებლობის დროს არ იქნა გათვალისიწნებული არც გეოლოგიური, არც ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები და აქცენტი გაკეთდა იაფფასიან მასალებზე, რომელიც შეუსაბამოა ადგილობრივი გრუნტისათვის და გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მასზე გადაადგილება არ იქნება უსაფრთხო!

ყოველივე ზემოაღწერილი, გარდა იმისა, რომ იწვევს სახელმწიფო კრედიტებისა და ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვას და უკიდურესად ზრდის კორუფციის რისკს, ქვეყნის იმიჯზე და კონკურენტულ გარემოზეც უარყოფითად მოქმედებს, რადგან დარღვეულია შეჯიბრებითობის ელემენტარული პრინციპი - საეჭვო რეპუტაციის კომპანიები იმარჯვებენ ტენდერებში აბსოლუტურად სხვა პირობებით და ასრულებენ აბსოლუტურად სხვა პროექტებს“, - აცხადებენ აფბა-ში.