აეროპორტში ვითარება საპროტესტო აქციებამდე მივიდა

აეროპორტში ვითარება საპროტესტო აქციებამდე მივიდა

აეროპორტის მმართველ კომპანიასა და ავიაგადამზიდავებს შორის ვითარება ძალიან იძაბება. „ჯორჯიან ეარვეისმა“ „ტავ ურბან ჯორჯიას“ საქართველოდან გასვლის მოთხოვნით მოსალოდნელი აქციაც დააანონსა. ავიაკომპანიამ გუშინ საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას თანადგომისკენ მოუწოდა. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი პროტესტის მიზეზი ავიაბილეთების ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ უშედეგო მოლაპარაკებები გახდა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ვცდილობთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ თურქულ კომპანიასთან, „ტავ ურბან ჯორჯიასთან“ მოლაპარაკებას ავიაბილეთების გაიაფებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგი არ გამოიღო. სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ „ტავ ჯორჯია“ გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება უძლურია, ამიტომ ძვირადღირებული ბილეთების წინააღმდეგ ბრძოლა მომხრეებთან ერთად მოუწევს. მათი აზრით, „ტავის“ მომსახურებით, ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, თავად კლიენტებს კარგავს, ხალხი კი ორმაგ ფასს იხდის.

აეროპორტის თურქული ოპერატორი სწრაფადვე გამოეხმაურა „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებას და აღნიშნა, რომ ავიაკომპანია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

„2017 წლის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეკონომიკური განვითარების ანგარიშის მიხედვით ბილეთის ღირებულებაში აეროპორტის სერვისების (უსაფრთხოება, სახმელეთო მომსახურება, აეროდრომისა და აფრენა-დაფრენის სერვისები) ხარჯის მხოლოდ 25%-ია წარმოადგენილი, (აქედან სერვისის დიდ ნაწილს ავიაკომპანია თავად უზრუნველყოფს) დანარჩენი 75% კი ავიაკომპანიის ძირითადი ხარჯებია.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რამოდენიმე მიმართულება, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯორჯიან ეარვეისთან ერთად სხვა უცხოური ავიაკომპანიებიც ასრულებენ. მოსკოვისა და კიევის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისის“ ბილეთის ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე „აეროფლოტის“, „პობედას“ და „უკრაინის ავიახაზების“ შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოთვლილი უცხოური ავიაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, მეტიც „ჯორჯიან ეარვეისისგან“ განსხვავებით მათ ყველა სახმელეთო მომსახურებას „ტავ ჯორჯია“ უწევს.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისის“ შემთხვევაში ორმხრივი (გაფრენა-მოფრენა) ბილეთის ღირებულებიდან „ტავის“ წილი, საშუალოდ, 33 დოლარს შეადგენს. ეს ყოველივე ნათლად ასახავს, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და „ტავ ჯორჯიას“ დისკრედიტაციას“, - აცხადებს აეროპორტის ოპერატორი.

ავიაკომპანიების წარმომადგენელთა შეფასებით კი, მაღალი სატარიფო პოლიტიკის გამო თბილისის აეროპორტის განვითარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ავიაკომპანია „ეარ კავკასუსის“ პრეზიდენტი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ „ტავ ჯორჯიას“ მენეჯმენტის პირობებში დღეს მარტო თბილისის აეროპორტი წელიწადში 3 მლნ მგზავრს ემსახურება და რომ არა „ტავ ჯორჯია“, 10 მლნ მგზავრი ეყოლებოდა.

„სატარიფო პოლიტიკა, რომელიც აეროპორტს აქვს, არის ზემაღალი. გამორიცხულია ჩვენი ასე განვითარება, რადგან ხდება ფასების ფილტრაცია. ავიაკომპანიები როცა ეძებენ აეროპორტს, სადაც ოპერირების სურვილ აქვთ, თბილისს გვერდს უქცევენ სწორედ მაღალი სატარიფო პოლიტიკის მომიზეზებით.

ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელია იაფი ფრენა, რაც „ტავ ჯორჯიას“ პირობებში შეუძლებელია, რადგან აეროპორტიდან უნდა სრულდებოდეს პირდაპირი რეისები და მოქმედებდეს იაფი ტარიფი“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.