ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მასალებში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შესახებ ინფორმაციას მედიას უახლოეს მომავალში მიაწვდის სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს პროცესში ჩართოს ექსპერტები, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ.
„ვაპირებ, დღესაც და ხვალაც უფრო დეტალურად გავეცნო იმ პირველად შედეგებს, რაც იქნება წარმოჩენილი საქმის მასალების გაცნობის შედეგად. ჩემი წარმომადგენელები დღესაც ეცნობიან ამ საქმის მასალებს. უახლოეს პერიოდში მედიას მივაწვდი ინფორმაციას ყველა იმ საეჭვო გარემოების შესახებ, რაზეც სახალხო დამცველი გააკეთებს აპელირებას გამოძიების მიმდინარეობის განმავლობაში. ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესში ჩავრთო ექსპერტებიც, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
როგორც ირკვევა, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. მოკლული მოზარდების მშობლებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ მოხდება საქმის ხელახალი შესწავლა და გამოსწორებული იქნება დაშვებული შეცდომები.
დამნაშავეების დასაკავებლად მთავრობას ვადას 10 ივნისამდე აძლევს ზაზა სარალიძე, რომლის განცხადებით, უნდა დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს.
„თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი, რომელმა გამომძიებელმაც რა დანაშაული ჩაიდინა, უნდა დაისაჯოს ყველა - მირზა სუბელიანი, პროკურორები, გამომძიებლები და, რა თქმა უნდა, მკვლელები“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.
დროებით საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს გასცემენ პასუხს.
„ჩვენთვის არანაირი თამასა და თანამდებობის პირების ზღვარი არ არსებობს. პირველ რიგში, სისხლის სამართლის საქმეს შევისწავლით, რომელიც პროკურატურის საგამოძიებო ნაწილშია. ეს სისხლის სამართლის საქმე დეტალურად გასავლელია, შემდეგ უნდა გამოიკვეთოს იმ პირთა წრე, ვინც უნდა მოვიდეს და კომისიის წინაშე სავალდებულო ახსნა-განმარტება გააკეთოს.
ამ დროისთვის შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე იმ პირთა შორის იქნებიან, ვინც საზოგადოების თვალწინ კომისიის წევრების მიერ დასმულ კითხვებს პასუხს გასცემენ. კომისიის სხდომები საჯარო იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო საიდუმლოებაზე იქნება აუცილებელი კითხვების დასმა“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
საგამოძიები კომისიასთან თანამშრომლობისთვის მზად არის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, რომლის შვილის მიზეზით დაიწყო კონფლიქტი და, რომელიც ორი მოზარდის მკვლელობით დასრულდა. სუბელიანის შვილი საზარელი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. როგორც სუბელიანი აცხადებს, მზად არის, ნებისმიერ შეკითხვას პასუხი გასცეს.
„გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი შსს-ში. დეტალებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ მიდის გამოძიება. რაც შეეხება იმ კითხვებს, რომელიც არის ჩემ მიმართ, მზად ვარ, ვუპასუხო აბსოლუტურად ყველა შეკითხვას, ეს საპარლამენტო კომისიის ფორმატში იქნება, საგამოძიებო კომისიის ფორმატში თუ სხვა ფორმატში. მკვლელობის დღეს ნამდვილად ვიყავი კალანდიების ოჯახში.
ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და ამ მიმართულებით ამომწურავ პასუხს მე გავცემ გამოძიებას. მივედი ჩემს შვილთან, წამოვიყვანე და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოში. პირველად ჩემი შვილი დაიკითხა. ამ საქმეზე დაკავებულია ჩემი ქვისლი. პასუხისგებაში მიცემულია ორი ბავშვი“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა.
ამ საზარელი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ერთ-ერთი არასრულწლოვანი, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მიხეილ კალანდიას ერთად მივიდა. ეს სწორედ ის არასრულწოვანია, რომელიც დავით სარალიძეს მეგობარმა მხარში დაჭრა, მაგრამ მთავარმა პროკურატურამ გამოძიების პროცესში ამ საქმის გამოძიება საჭიროდ არ ჩათვალა, რაც თავისთავად უამრავ კითხვებს აჩენს გამოძიების სანდოობაზე.
არასრულწოვანი, ვისაც პროკურატურამ ხელი დააფარა, დეკანოზი შიო მენაბდეს შვილია. არსებული ინფორმაციით, მეუფემ შვილი პროცესებისგან განარიდა და ამ საქმეში ეკლესიის გავლენაც გამოიყენა. ბრალდებას უარყოფს დეკანოზი, რომლმაც მისი და მისი შვილის მიმართ არსებულ კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. დეკანოზი შიო წერს, რომ ასეთი რამ მისთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია. დეკანოზი წერს, რომ მისი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს. მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსით თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო“, - წერს დეკანოზი შიო მენაბდე.