ირაკლი შოთაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა. უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ რჩება უწყების გულშემატკივრად, პროკურატურა ყოველთვის იყო კანონიერების და მართლმსაჯულების სადარაჯოზე. შოთაძის შემცვლელის შერჩევა დაიწყო იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით ის მზად არის ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართოს, თუმცა არასამთავრობოები წულუკიანთან ერთად მთავარი პროკურორის შესარჩევ პროცესში არ მიიღებენ მონაწილეობას.
საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მხოლოდ იმ პირობით ჩაერთვებიან, თუ იუსტიციის მინისტრის პოზიციას სხვა ადამიანი დაიკავებს. მისი თქმით, სწორედ იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა. როგორც სალაძე აცხადებს, ყველა წინა პროცესი, რომელიც ამ მიმართულებით მიდიოდა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. შესაბამისად, მისი თქმით, არ არსებობს გარანტია, რომ ახლანდელი პროცესი რაიმე ფორმით იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე იყო წინა რომელიმე.
„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა იმ მთავარი პროკურორების ბედი და რა მოვლენებს უკავშირდებოდა მათ მიერ დაკავებული პოზიციებიდან გადადგომა ან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა და კონსულტაციებში ჩართვა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში ჩვენთვის არის პრინციპულად მიუღებელი.
როდესაც გასული კვირის მოვლენების ფონზე, ბატონი პრემიერი საუბრობდა, რომ ის მზად არის პროცესის ღიაობა და ჩართულობა უზრუნველყოს, ჩვენი მხრიდან არის ასეთი პირობა - მზად ვართ, კონსულტაციებში მონაწილეობა მივიღოთ იმ შემთხვევაში, თუ ამ პროცესის ხელმძღვანელობას განახორციელებს არა მოქმედი იუსტიციის მინისტრი, არამედ სხვა კონკრეტული პიროვნება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს“, -აცხადებს სულხან სალაძე.
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის ხელმძღვანელისგან თეა წულუკიანის თანამდებობიდან განთავისუფლებას ითხოვს. პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელია არასამთავრობოების ნაწილის ულტიმატუმის ენით საუბარი და ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ლეგიტიმაცია. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, არასამთავრობოების განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.
ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ხელისუფლება შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც შსს-ში პროკურატურიდან გადავიდა. შესაბამისად, პროცესის გამჭვირვალობის პირობას დებს საპარლამენტო უმრავლესობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი თვლის, რომ ფოკუსირება პრობლემის მოგვარებაზე უნდა მოხდეს და მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა არასერიოზულია.
„ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ამბიციებსა და ინტერესებს უნდა გავცდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იქნა აღებული. ამის დამადასტურებელია, თუნდაც, მთავარი პროკურორის გადადგომა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამ ხშირად არ ხდება, როცა ასეთი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და ამ ნაბიჯებს დგამენ.
იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ამ ნაბიჯით ყველა პრობლემა გვარდება, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის მანიშნებელია. ჩანს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინაშე ადეკვატურად იქცევა. იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი კი, ზედმეტია“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
არასამთავრობო სექტორის მსგავსად, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში თეა წულუკიანის მონაწილეობას აპროტესტებს ოპოზიცია და პროცესს უნდობლობას უცხადებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე თვლის, რომ მთავრობას რეალური ცვლილებები არ სურს.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ავირჩიოთ ისეთი ფიგურა, ვისაც ექნება საზოგადოების ნდობა. არა ივანიშვილის გუნდის ნდობა ან პირადად ბიძინა ივანიშვილის ნდობა, რომელსაც ის წულუკიანის წარდგენით გამოხატავს ხოლმე, არამედ ფართო საზოგადოების ნდობა“, - აცხადებს ოთარ კახიძე.
სისტემურ ცვლილებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამისთვის სალომე სამადაშვილის განცხადებით საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება და მთავარი პროკურორის შერჩევა წარიმართოს გამჭვირვალედ.
„გადაწყვეტილება იქნება იმგვარი, რომელიც გააგრძელებს იმ სისტემას, სადაც ეს ხელისუფლება, მათ შორის პროკურატურის სამსახურს იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ პროკურატურის სისტემაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი იუსტიციის მინისტრია. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გაუკვირდა როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროკურორმა აიღო და არა მინისტრმა.
„იუსტიციის მინისტრი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი პროკურატურის სისტემაზე. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება იღებდა პროკურორის გადადგომის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე ცოტა გამიკვირდა, პროკურორი არის ის ადამიანი, ვინც ვადით არის დანიშნული და დაცულია ბევრი სამართლებრივი ნორმით. მინისტრი ის ფიგურაა, რომელიც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს ხოლმე. მე თავიდანვე გამიკვირდა, როდესაც მოხდა პირიქით.
პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ იყო დანახული ხელისუფლების მხრიდან, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირი უნდა შეცვლილიყო. რაც შეეხება შოთაძეს, მას, რა თქმა უნდა, შეეძლო საქმე უკეთ წარემართა, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ თავისი ინიციატივით ეს კაცი ცუდი საქმეების გამკეთებელი არ იყო. მე არ ვამბობ, რომ იუსტიციის მინისტრი ავალებდა ცუდი საქმეების კეთებას, მაგრამ თავად პოლიტიკური ქუდი არის დამნაშავე იმ ვითარებაში, რაშიც პროკურატურაა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნას იზიარებს სამართალმცოდნე ლია მუხაშავრია, რომლის განცხადებით, პროკურატურა სასწარაფოდ ითხოვს რეფორმის გატარებას და არა ისეთი რეფორმის, რომელიც მისი თქმით, თითქოსდა თეა წულუკიანმა გაატარა.
„წულუკიანმა გააკეთა ის, რომ პროკურატურა ჩახსნა იუსტიციის სამინისტროსგან და პროკურატურა ჩამოეკიდა ჰაერში. არც სასამართლო სისტემის ნაწილი არ არის, არც იუსტიციის. ამასობაში გახდა სრულად დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი ორგანო. მაშინ, როცა პროკურატურა უნდა იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რომ შეძლოს მართლაც გამოიძოს და სასამართლოში წარმართოს საქმეები.
როდესაც პროკურატურას ასეთი სიმახინჯეები ახლავს, ცხადია, რომ ის ვერ შეასრულებს თავის ფუნქციებს და როდესაც ასეთი ცუდად გამოძიებული საქმეები მიდის სასმართლოში, ზეგავლენას ვერ ახდენს გამოძების პროცესებზე და ხარვეზების გამოსწორების იძულებითი მექანიზმი არ აქვს. კანონმდებლობით მას ძალიან შეკვეცილი აქვს ფუნქციები. სასამართლოში ხარვეზებით მიდის საქმის განხილვა და გადაწყვეტა“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.
როგორც for.ge-სთან საუბრისას მუხაშავრია აცხადებს, საჭიროა მთლიანად სისტემაში გატარდეს როგორც საკანონმდებლო ცვლილები, ისე პარაქტიკის დონეზე შეიცვალოს ვითარება. მისი თქმით, პროკურატურაში გვყავს ხალხი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იღებს ხელფასს, რომ კარგად შეასრულოს ხელისუფლების დაკვეთა, ან არ გამოეპაროს ხელისუფლების სურვილები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.
„ან რამე არ შეეშალოს. როცა ამით არის დაკავებული პროკურატურა, ცხადია, რომ კვალიფიციურ და ობიექტურ გამოძიებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს არის უბედურება და ამის ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი აქვს თეა წულუკიანს და ის უნდა გადადგეს. უნდა გადადგეს იმიტომ, რომ ეს მახინჯი სისტემა ასეთად წულუკიანის ძალიან დიდი ძალისხმევით შეიქმნა.
თუ ხელისუფლება თვითონ ვერ მიხვდება, რომ აუცილებელია წულუკიანის ჩამოშორება და გააგრძელებს მთავარი პროკურორის შერჩევას, პროტესტის ძალა და მუხტი იქამდე მივა, რომ საზოგადოებას არ დააკამყოფილებს მარტო წულუკიანის და მთავარი პროკურორის გადაყენება, მოითხოვს მთლიანად მთავრობის გადადგომას.
ამიტომ, რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი და რაც უფრო ხელისუფლება შეეცდება დაყრუვდეს და დაბრმავდეს, მით უფრო ცუდი იქნება მისითვის და დამანგრეველი შეიძლება გახდეს ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ შეიძლება წარმოიშვას ქაოსური ვითარება, ქაოსურ ვითარებაში ხელს ვინ ითბობს - ეს კარგად ვიცით“, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.