„არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეები დაიწყებენ შურისძიებას, ანგარისწორებას და გამოიყენებენ იარაღს“

„არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეები დაიწყებენ შურისძიებას, ანგარისწორებას და გამოიყენებენ იარაღს“

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიას პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. თავის მხრივ, კაპანაძე აცნობიერებს, რომ კომისიის მუშაობა ადვილი არ იქნება, თუმცა, პირობას დებს, რომ გამოიყენებს ყველა ინსტუმენტს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების დაკითხვას, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიების თაობაზე საზოგადოებაში კითხვები არ დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა. მმართველ გუნდსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და 17-კაციან კომისიაში 9 ადგილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს ექნება.

უმცირესობა საგამოძიებო კომისიაში შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი - კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე; ოთარ კახიძე; ელენე ხოშტარია; ირაკლი აბესაძე; სერგო რატიანი; ირმა ნადირაშვილი; ხათუნა გოგორიშვილი; მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, კომისიის მუშაობაში ჩაერთვება მამუკა მდინარაძე; დიმიტრი ცქიტიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ეკა ბესელია; არჩილ თალაკვაძე და სოფო კილაძე. კომისიაში არის „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული მტკიცებულების მოკვლევას და მაღალჩინოსნების დაკითხვას უახლოეს დღეებში აპირებს. როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, დროებით საგამოძიებო კომისიაში ყველა იმ პირს დაიბარებენ, ვინც ხორავას ქუჩის გამოძიებასთან შემხებლობაში იყო. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მოხდა პროკურატურაში და რატომ მივიდა საქმის გამოძიება ამ შედეგებამდე.

„ჩვენ დავიბარებთ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმესთან, დაწყებული იმ ცნობადი სახელებით თუ გვარებით, რომლებიც გაჟღერდა ამ ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ყოფილი პროკურორი, შოთაძე, რა თქმა უნდა, მირზა სუბელიანი, ასევე, ოჯახის წევრები, როგორც გარდაცვლილების, ისევე ჩამდენების ან ეჭვმიტანილების“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის მთავარი ამოცანა არის პარლამენტმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა მართლმსაჯულება ბოლომდე და სრულყოფილად განხორციელდეს. მოიხსნას ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას ამ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით აქვს. ამის მიუხედავად, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ საქმეზე ობიექტურობის დადგენას და მკვლელების დასჯას ითხოვს, მაგრამ რუსთაველის გამზირიდან და, რა თქმა უნდა, ზვიად კუპრავას სახელით.

ნაციონალები და მასთან აფილირებული ოპოზიცია თვლის, რომ საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამოძიებული, თუკი მთავრობა გადადგება. ამ მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, პარტია დარწმუნებულია, რომ ეს იქნება დროის სამთვიანი გაწელვა და ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. ამიტომ, გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესს ხელს არ შეუწყობს.

„მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოების უჩვენოს, რომ ამ კომისიის შექმნით პარლამენტში მნიშვნელოვანი რამ ხდება. კომისია უნდათ რაღაც ისტორიულ მოვლენად წარმოაჩინონ, არადა ავიწყდებათ, რომ 22-ჯერ იყო კომისია მოთხოვნილი და ყოველთვის ჩააგდო უმრავლესობამ და ახლა უნდათ, საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ თითქოსდა პარლამენტში რაღაც გმირობა ხდება“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არა ხორავას ქუჩის საქმის შესწავლა, არამედ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება აინტერესებს.

„ნაციონალური მოძრაობა“, მათ საჯაროდაც განაცხადეს, არ აპირებს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ არ აინტერესებთ საქმის შესწავლა, მათ აინტერესებთ ამ დანაშაულის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამართალმცოდნე ლია მუხაშავრია თვლის, რომ პარლამენტარებისგან შემდგარი საგამოძიებო კომისია იმ საქმის გამოძიებისთვის, რომელიც უკვე გააფუჭა, წაახდინა, დაალაგა და გააცამტვერა პროკურატურამ, სრულიად უძლური იქნება.

„პროკურორებმა, რომლებმაც წლების მანძილზე ისწავლეს საქმის გაფუჭება, ისე აფუჭებენ საქმეს, რომ მერე მისი დალაგება და გამოძიება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ძალიან მინდა, რომ ამ კომისიამ გამოიძოს ეს საქმე და განსაკუთრებით კარგად გამოიძიოს ვინ დაფარა დანაშაული, ვინ გააფუჭა და მოსპო მტკიცებულებები. მაგრამ არა მგონია, რომ ამ კომისიას ეყოს კვალიფიკაცია და ცოდნა ამ საკითხების გამოსაძიებლად“, - აცხადებს მუხაშავრია.

ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ დრობითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არის მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ ყურადღება და აქცენტი გადაიტანოს კომისიაზე, დრო გაწელოს იმის მოლოდინში, რომ შესაძლოა, პროტესტის მუხტი ჩაიფარცხოს.

„მაგრამ ასე არ გამოვა. პროტესტი აქვს იმ ხალხს, რომლებსაც ოჯახის წევრი მოუკლეს და გამოუძიებელია მათი საქმე. თუკი არ დაისჯება რეალური დამნაშავე, მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანებს არ შეეცვლებათ დამოკიდებულება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ასეთი ოჯახები დაგროვდა ქვეყანაში, რომლებიც პასუხებს ვერ პოულობენ გამოძიებისგან. ამიტომ, კომისიების შექმანა და დროის გაყვანა არ გამოვა.

ვფიქრობ, გონიერმა ადამიანებმა უნდა იფიქრონ იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან ისე, რომ მართლა ვიღაცა შეიარაღებულ და ყველაფერზე ხელისმომწერ ადამიანებს არ ჩაუვარდეთ ხელში ხელისუფულება. ასევე, ის ვინც ასე აუარესებს მდგომარებს, არ გახდეს პირადი ანგარისწორების მსხვერპლი. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეები დაიწყებენ შურისძიებას, ანგარისწორებას და პირდაპირ გამოიყენებენ იარაღს. ძალიან საშიშია ეს ვითარება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.