„საკვებად ვარგისი პროდუქტების განადგურება უნდა აიკრძალოს და გადაეცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ფერმერულ მეურნეობებს“, - ამის შესახებ For.ge-ს აღნიშნული ინიციატივის ავტორი, „ახალგაზრდული ალტერნატივის“ გამგეობის თავმჯდომარე, „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ხალხთა შორის კონტაქტების კოორდინატორი ნუკრი ყველაშვილი ესაუბრა.
საქართველოში უამრავი ვარგისი პროდუქტი ნადგურდება, რაშიც მხოლოდ სავაჭრო ქსელი და საზკვების ობიექტებია დამნაშავე?
- ამაში დამნაშავეა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, სავაჭრო ქსელები და საზკვების ობიექტები ვალდებულნი არიან, ამ პროდუქციის უტილიზება მოახდინონ. ჩემი ადრესატია არა სუპერმარკეტები, არამედ საქართველოს პარლამენტი და მთავრობა, რადგან მათ უნდა შეცვალონ ის კანონმდებლობა, რომლითაც ახლა ვალდებულება აქვთ სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებს, რომ თუნდაც ერთი დღით ვადაგადაცილებული ვარგისი პროდუქტები გაანადგურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმდებიან. კანონმდელობა რომ შეიცვლება, სავაჭრო ცენტებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, უფრო ჰუმანური გადაწყვეტილებები მიიღონ და ვადაგადაცილებული, მაგრამ საკვებად ვარგისი პროდუქცია თავშესაფრებს, ფერმერულ მეურნეობებს გადასცენ.
თქვენ გჯერათ, რომ სავაჭრო ქსელები ზუსტად ერთ დღეში ანადგურებენ უვარგის პროდუქციას? ვადაგადაცილებული პროდუქტები ზოგჯერ კარგა ხანს რჩება დახლებზე.
- არსებობს უსინდისო მეწარმე, რომელიც შესაძლოა, ვადაგადაცილებულ პროდუქტს ტოვებს კიდეც დახლზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს ამაზე და, გამოვლენის შემთხვევაში, ეს ობიექტი ჯარიმდება. თუმცა წვრილ მაღაზიებზე ახლა არ ვსაუბრობ, ეს ეხება დიდ ქსელებს, რომლებიც ზრუნავენ იმაზე, რომ ვადაგადაცილებული პროდუქცია ამოიღონ სავაჭრო ობიექტებიდან.
2016 წელს საფრანგეთმა საკვების განადგურების საწინააღმდეგო რეგულაცია მიიღო. შესაძლოა, საფრანგეთში იმუშავა კიდეც ამ რეგულაციამ, მაგრამ საქართველოში როგორ იმუშავებს, სადაც ყველაფრის გაყალბებას მიჩვეულნი არიან?
- ამ რეგულაციამ საფრანგეთში ძალიან კარგად იმუშავა. საფრანგეთს ვერ შევადრით საქართველოს თავისი სიმდიდრითა და შესაძლებლობებით. თუმცა ფაქტია, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც საფრანგეთია, ზრუნავს იმაზე, რომ ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ევროს პროდუქცია არ განადგურდეს. საქართველოშიც კარგად იმუშავებს ეს ინიციატივა, რადგან საზოგადოების ჩართულობა მაღალია ასეთი პროექტების მიმართ. შეგახსენებთ, რამდენიმე ასეთი ინიციატივა გორშიც იყო და თბილისშიც, როცა ადამიანებმა გამოიტანეს „სოციალური მაცივრები“ და ღარიბებს დაეხმარნენ. ვისაც პროდუქცია არ სჭირდებოდა, შეეძლო მიეტანა ამ ორგანიზაციაში. ესეც იქნება სოლიდარობის აქცია, როგორც საზოგადოების, ისე მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის მხრიდან.
კანონმდებლობის ცვლილებით სახელმწიფოსაც შეუძლია დადებითი როლი შეიტანოს ამ საქმეში. მთლიანად ევროკავშირი წუხს ამის გამო და ყოველწლიურად ებრძვის იმ ფაქტს, რომ ამდენი საკვები იყრება. ზოგადად, მსოფლიოში იმდენი საკვები ნადგურდება, რამდენიც დააკმაყოფილებდა დედამიწაზე მცხოვრებ, შიმშილის ზღვარს მიღმა მყოფ 2 მილიარდზე მეტი ადამიანის მოთხოვნილებას. ამით ჩვენ დავაფასებთ ადამიანის შრომასაც და ეკონომიკასაც. ამდენ პროდუქციას ხომ მოყვანა სჭირდება, ეს ეკონომიკისთვისაც ზარალია, რომ ამდენი პროდუქცია იწარმოება და ნადგურდება. ასევე, ჩვენ შევუერთდით პარიზის ხელშეკრულებას, რომლითაც ვალდებულება ავიღეთ, ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, ჩვენს ქვეყანაზე.
ამით სომალის, ეთიოპიისა და კენიის მოშიმშილე ხალხის პრობლემაც გადაწყდება?
- რა თქმა უნდა. თანაც, შიმშილობის პრობლემის გადაჭრის გარდა, ჩვენს პლანეტასაც გავუფრთხილდებით, რადგან პროდუქციის მოყვანას სჭირდება წყალი, ენერგია. მოშიმშილე ადამიანებისთვის უფასო სასადილოებია გახსნილი. ამ სასადილოებისთვის სახელმწიფო ყიდულობს პროდუქციას. ამიერიდან კი სახელმწიფოს ნაკლები ფასი დაუჯდეს პროდუქციის შესყიდვა.
რამდენიმე წლის წინ აჭარის მოსახლეობამ მანდარინი პროტესტის ნიშნად გადაყარა, რადგან ძალზე იაფი ღირდა. იმ პერიოდში ბევრმა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, აჭარლებს მოსავალი ბავშვთა სახლებისთვის გაემეტებინათ.
- ეს პროტესტი სახელმწიფოს მიმართ იყო. ასეთ პროტესტს მიმართავენ ევროკავშირის ქვეყნებშიც. მაგალითად, ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში რომელიღაც სახელმწიფო დაწესებულების წინ დიდი ცისტერნებით მიიტანეს ძროხის რძე და შეასხეს დაწესებულებას. ეს იყო ფერმერული მეურნეობების პროტესტი, რადგან სახელმწიფო არანაირ დახმარებას არ უწევდა ამ ადამიანებს, მათ თვითღირებულებაზე დაბალ ფასს აძლევდნენ და წამგებიანი იყო ფერმერული მეურნეობებისთვის რძის წარმოება. ამის შემდეგ სახელმწიფო ცოტა შეფუცხუნდა. ცხადია, ბევრად უკეთესია, უპატრონო ბავშვთა სახლებს დავეხმაროთ, მაგრამ ეს არის პროტესტი ხელისუფლების მხრიდან გაუკეთებელი საქმის გამო, რომელსაც ევალება გასაღების ბაზრების მოძიება, რათა ფერმერებს პროდუქციის წარმოება გაუმარტივდეთ.
სხვათა შორის, „გუდვილი“ და „სპარის“ ქსელი გამოეხმაურა თქვენს ინიციატივას. „გუდვილში“ ამბობენ, რომ ყოველდღიურად მხოლოდ 200-500 გრამი საკვები რჩებათ და აზრს კარგავს ეს ინიციატივა. „სპარში“ კი აცხადებენ, რომ ვადაგადაცილებულ პროდუქციას ფერმერებს იაფად აძლევენ. თუკი სავაჭრო ქსელები პროდუქციას ერთ დღეში არ გადაყრიან და რამდენიმე დღეს გააჩერებენ დახლებზე, ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს ხომ არ მოუწევთ დაძველებული პროდუქციის მიღება და ეს ადამიანები ხომ არ დაიწამლებიან?
- „გუდვილის“ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. 10 საათზე, „გუდვილი“ როცა იკეტება, შეგიძლიათ, შეხვიდეთ და ნახავთ, რომ დახლები ისევ სავსეა ამ პროდუქციით. მეორე დღეს ამავე პროდუქციის გამოტანის უფლება მათ არ აქვთ. სხვათა შორის, ძალიან კარგი პოლიტიკა აქვს „სპარის“ ქსელს, როცა 8 საათის შემდეგ მზა საკვებს ფასების 20-50% აკლდება და ყველა შეჭირვებულს შესაძლებლობა აქვს, იყიდოს ეს პროდუქცია. ეს პროდუქცია დახლზე არ უნდა გაჩერდეს, არამედ უნდა ამოიღოს სუპერმარკეტმა, რადგან ჩვენ ვართ მომხმარებლები და უფლება გვაქვს, ვადაგადაცილებული პროდუქცია არ მივიღოთ. გარკვეულმა პროდუქციამ შეიძლება ტემპერატურულ რეჟიმში რამდენიმე თვეც გაძლოს, მით უმეტეს, ეს შეეხება ევროკავშირში წარმოებულ პროდუქციას. უბრალოდ, ევროკავშირში დიდწილად თავს იზღვევენ და საკუთარ პროდუქციას მინიმალურ ვადას აწერენ, თორემ ეს პროდუქცია, ხშირ შემთხვევაში, ჯანსაღი და მომხმარებლისთვის უვნებელია. ამიტომ ეს პროდუქცია შეიძლება გადასცენ ბავშვთა სახლებს, ფერმერებს ცხოველების გამოსაკვებად.
დიდი სუპერმარკეტის ქსელებს აქვთ თავიანთი ლაბორატორია და თავადვე ამოწმებენ პროდუქციის ხარისხს. მესმის, რომ რაღაც სეგმენტი იქიდან შეიძლება განადგურებას ექვემდებარებოდეს, მაგრამ, როცა სულ რაღაც რამდენიმე თვეში მილიონი ლარის პროდუქცია იყრება, წარმოიდგინეთ, რამხელა შეღავათი იქნება ეს უბრალო ადამიანებისთვის. შეგვიძლია, ეს მოდელი შევისწავლოთ თუნდაც საფრანგეთისგან. სხვათა შორის, იდეა შევთავაზე ქალაქის მერს, გავგზავნე კიდეც თბილისის მერიაში და პეტიციის სახით დავდე მათ გვერდზე, თუმცა მერიიდან მომწერეს, რომ ჩემი პეტიცია დაიბლოკა. დაბლოკვის მიზეზი არ უთქვამთ. იმის შესაძლებლობაც არ მაქვს, ჩემი ხმა მერიას მივაწვდინო.