„სამწუხაროდ, ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება კოპენჰაგენში ან მარსელში, ვიდრე ჩვენს მეზობელ ერევანსა და ბაქოში“

„სამწუხაროდ, ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება კოპენჰაგენში ან მარსელში, ვიდრე ჩვენს მეზობელ ერევანსა და ბაქოში“

ნიკოლ ფაშინიანი შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ. ასეთი ინიციატივა სომხეთში აკრედიტებულ რამდენიმე უცხო ქვეყნის ელჩს ეკუთვნის.

ნობელის პრემიაზე წარდგენამდე კი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოსულმა ნიკოლ ფაშინიანმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ქართველ ანალიტიკოსებზე. მან თბილი სიტყვები არ დაიშურა მეზობელი საქართველოს მიმართ, რაც სერჟ სარგსიანის პოლიტიკისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დამაიმედებლად ჟღერდა. ნიკოლ ფაშინიანის სურვილია, სულიერება იყოს ქართულ-სომხური ურთიერთობების მთავარი ლოკომოტივი. წესით, ფაშინიანის სულისკვეთებიდან გამომდინარე, უნდა დასრულდეს აბსურდული დავა ე.წ. სომხური ეკლესიების შესახებ და ეს ვიზიტი ჯავახეთში ანტიქართული ისტერიების ჩაცხრობის საწინდარი უნდა გახდეს.

„ქართველი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ სომხეთის მხრიდან მუქარა და აგრესია არასდროს იქნება. სომხეთს სოლიდარობა უნდა მეზობელ საქართველოსთან, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ფორმულა უნდა დაედოს საფუძვლად“,-აღნიშნა ახალქალაქის კულტურის სახლში სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას სომხეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა, რომლის შეფასებითაც, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია არა მხოლოდ სომხეთის, საქართველოს გამარჯვებაცაა. ამასთან, ფაშინიანი იმედოვნებს, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებიან საქართველოს აღმშენებლობის საქმეს.

აღსანიშნავია, რომ ფაშინიანი დახურულ კარს მიღმა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტსაც შეხვდა, რის შემდეგაც სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიას ესტუმრა.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა ძალიან ვრცელი, რთული, მრავალპლასტიანი თემაა და რამდენიმე ათასწლეულის ურთიერთობის საკმაოდ წინააღმდეგობრივ ისტორიას მოიცავს. ფაქტი ერთია, საქართველო და სომხეთი ისევე, როგორც საქართველო და აზერბაიჯანი და, ასევე, აზერბაიჯანი და სომხეთი სამხრეთ კავკასიაში უნდა იყვნენ კეთილმოსურნე და მეგობარი სახელმწიფოები. საბოლოო ჯამში, გარდუვალია, რომ ეს სამი ქვეყანა იცხოვრებს ერთიანი ეკონომიკური სივრცისა და პირობითი საზღვრების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სულ სხვა სურათი და წინააღმდეგობებია და დღეს წარმოუდგენელია ასეთი ურთიერთობები. მეორე მხრივ, დემოგრაფიულად აქტიური ერების რიგშია აზერბაიჯანი, სომხები და ქართველები კი ამ მხრივ ვერ დაიკვეხნიან.

ვაჟა ბერიძის განმარტებით, წინააღმდეგობა ბევრია, მაგრამ ბრძენ, ძველ, ისტორიულ ხალხებს - ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს შეუძლიათ ყველა საკითხზე შეთანხმება, თუკი ეს იქნება პოლიტიკის დიდი მოთამაშეების ნება. უწინარესად ეს ეხება აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, თურქეთსა და ირანს. ეს არის წრედი და ამ ქვეყნებმა თუ მოილაპარაკეს, რომ კავკასია იქცეს აღმოსავლეთის შვეიცარიად, სადაც დამოუკიდებელი ქვეყნები, როგორც შვეიცარიის კანტონები, ერთმანეთთან მშვიდობიან ურთიერთობას ააწყობენ, თუკი ხელს შეგვიწყობენ, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს, ეს მათაც წაადგებათ. სწორედ კავკასიის რეგიონზეა დამოკიდებული პროგრესი ამ დიდი მოთამაშე ქვეყნების სამხრეთითა და აღმოსავლეთით. ეს მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის, რადგან დასავლეთს აქვს კონფლიქტების უწყვეტი ჯაჭვი მაროკოდან ავღანეთამდე და პაკისტანამდე.

„პირადად მე დავრწმუნდი, რომ სომხეთის ახალ პოლიტიკურ ლიდერს, ბატონ ფაშინიანს ადეკვატური ხედვა აქვს საქართველოს მნიშვნელობასთან დაკავშირებით სომხეთისთვის. საქართველო არა მარტო დამაკავშირებელია ცივილიზებულ სამყაროსთან, არამედ კულტურულადაც, ისტორიულადაც, პოლიტიკურადაც ბევრი რამ აერთიანებს ამ ორ ქვეყანას და ის წინააღმდეგობები, რომელსაც ორივე ქვეყანაში რადიკალური ნაციონალიზმის ელფერი აქვს და ისტორიულ წიაღსვლებთან თუ ლეგენდებთანაა დაკავშირებული, უნდა გადავიდეს მეორე პლანზე. საქართველო-სომხეთს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა უნდა განვითარდეს.

თვითონ პრეზიდენტი სარქისიანი ჩამობრძანდა ჩვენს ეროვნულ დღესასწაულზე და საინტერესო რამ თქვა, არასოდეს ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არ გვიბრძოლიაო. რა თქმა უნდა, სწორია ეს განცხადება, თუ არ გავითვალისწინებთ 1918-21 წლების ურთიერთობას სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც უნდა შევაფასოთ და დავივიწყოთ. ამ ვიზიტის დროს, აგრეთვე, ითქვა, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა სწორედ თბილისში გამოცხადდა.

ჩვენ კარგად ვიცით ტრაგედიებიც ჩვენი ხალხების ცხოვრებაში, გაუგებრობებიც, სომხური თემის როლიც მე-19-20 საუკუნეების თბილისის ისტორიაში და, საერთოდ, სომეხი ხალხის როლი ქართული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში, ჩვენ დიდსულოვანი ერი ვართ და ამ წვლილსაც არ მივაჩუმათებთ და არ დავუკარგავთ სომხებს, მაგრამ, ამავე დროს, მათაც ზედმეტი ფანტასმაგორიული ხედვები ნაციონალისტურ ოცნებებთან დაკავშირებით უნდა გადაიტანონ უკანა პლანზე. ამას სჭირდება ურთიერთობა ჩვენს სომეხ მეგობრებთან“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

მანვე განმარტა, რომ, მართალია, ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები მეგობრები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ უკეთ ვიცით, რა ხდება კოპენჰაგენში ან მარსელში, ვიდრე რა ხდება ერევანსა და ბაქოში.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სერჟ სარგსიანის ავტოკრატიული მმართველობისგან განსხვავებით, ნიკოლ ფაშინიანი საკმაოდ რაციონალური, გონიერი პოლიტიკოსია. შემთხვევითი არ არის, რომ ის წარდგენილია ნობელის პრემიის ლაურეატობაზე, ვინაიდან მან შეძლო რევოლუციური სიტუაციის მშვიდობიან ფორმატში დასრულება. ეს არის მისი მთავარი მიღწევა. ასევე, დადებითია, რომ ფაშინიანს დიდი პოზიციები აქვს საქართველოსთან მიმართებით და პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს სწორედ საქართველოს.

„იგი ბევრად უფრო მაღალი, ზნეობრივი, სწორი პოლიტიკური ცნობიერების პიროვნებაა. მე მგონი, ნიკოლ ფაშინიანისნაირ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, რეალურად გადაიყვანონ საქართველოს დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობა სომხეთთან კეთილსტრატერგიული პარტნიორობის ურთიერთობის დონეზე. ვფიქრობ, ეკლესიებთან მიმართებით დავა ხელოვნურად იყო წამოწყებული სწორედ სერჟ სარგსიანის ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კოპირებული ვარიანტი, ანალოგი იყო. ეს იყო მათ მიერ ხელოვნურად შემოგდებული თემა. დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, რაც დაეტყო კიდეც ქართულ-სომხურ ურთიერთობებს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში და შეკითხვის საპასუხოდ, ქართულ-სომხურ დამთბარ ურთიერთობებს როგორ აღიქვამს აზერბაიჯანი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანიც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, ჩვენს ტერიტორიაზე აზერბაიჯანული და სომხური უდიდესი ეთნიკური წარმომადგენლები, დიასპორები ცხოვრობენ. თუმცა აზერბაიჯანს არავინ ეკითხება ჩვენს ურთიერთობას სომხეთთან.