იმთავითვე ცხადი იყო, რომ „ნაციონალები“ შეეცდებოდნენ ადამიანური ტრაგედიების გამოყენებას და ზაზა სარალიძის გვერდით აქციაზე უმანკო სახით გამოჩნდებოდნენ. მათ რამდენჯერმე ჰქონდათ იმის მცდელობა, აეგორებინათ საპროტესტო ტალღა, მაგრამ არც ერთხელ არ გამოუვიდათ. ზაზა სარალიძის თემამ კი სანდრა რულოვსიც მიიყვანა აქციაზე. საინტერესოა, „ნაციონალური“ ფონი რომ ჩამოვაცილოთ ამ საპროტესტო ტალღას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება შედგა? თუკი ირინა ენუქიძის დაძახილზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები გავიდნენ, ახლა გაცილებით მეტი ადამიანი თანაუგრძნობდა შვილმკვდარ მამებს. თუმცა ახლა უკვე სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მოვლენების ისე განვითარება, რომ მომხდარ ტრაგედიას არ მოჰყვეს „ნაციონალთა“ აღზევება და უმართავი პროცესები.
ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ For.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას ესაუბრა.
ვახტანგ მაისაია: უპირველესად, ეს არის დიდი ტრაგედია და მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძისა და დადუნაშვილის ოჯახებს. მე ვიცი, რას ნიშნავს ახალგაზრდობის პერიოდში მძიმე გარჩევები, რადგან 90-იანი წლების დასაწყისში მეც ასე გადავურჩი სიკვდილს. ელემენტარულად, ჭიდაობისადმი ჩემმა მიდრეკილებამ გადამარჩინა, თორემ ოთხჯერ ვიყავი დანით დაჭრილი. როდესაც ბებიამ მიმიყვანა ქირურგთან, ავღანეთში ნაომარმა სამხედრო ქირურგმა, ბატონმა ქურიძემ ბებიას უთხრა, ქალბატონო თამარ, ხომ იცით, ავღანეთში ვიყავი და ასე დაჩეხილი ადამიანი მე ჯერ არ შემხვედრიაო. მაშინდელმა საბჭოთა მილიციამ 20 წუთში იპოვა ის დანა, რომლითაც მქონდა ჭრილობები მიყენებული, ოპერატიულად ჩაატარა გამოკვლევა და დაადგინა, რომ თავდაცვითი რეაქცია მქონდა და ჩემი ბრალეულობა იყო მეორე ადგილას. საქმე ტრაგედიამდე არ მისულა, მაგრამ იმ პერიოდში, განსაკუთრებით, 9 აპრილის შემდეგ, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში 200 ახალგაზრდა დაიღუპა სწორედ ასეთი ჩეხვის შედეგად. შემდეგ იყო 1991-92 წლები, სამოქალაქო ომი. სახელმწიფომ ჩაითრია ახალგაზრდები ომში და, ფაქტობრივად, ჩვენი ოქროს ფონდი გაიჟლიტა ეთნოკონფლიქტების, სამოქალაქო ომების დროს. სახელმწიფომ იარაღი დაურიგა ახალგაზრდებს და ახალგაზრდებმა ერთმანეთის ჩაცხრილვა დაიწყეს.
დღევანდელის მსგავსად, იმ პერიოდშიც კარგ ტონად არ ითვლებოდა თანატოლების მხრიდან ერთმანეთის მხილება. დამნაშავეზე ხელის დადება ჩაშვებად მიიჩნეოდა.
- სხვათა შორის, მაშინაც მე თავი შევიკავე იმის თქმისგან, თუ ვინ დამჭრა. რომ არა დანის აღმოჩენა და ნათითურების დაფიქსირება, ვერავინ გაიგებდა სიმართლეს. მაშინაც არ იყო მოდაში ასეთი ფაქტების გამოაშკარავება, რადგან ვენდეტას მომენტიც იყო. ერთ ადამიანს რომ დაჭრიდნენ, მერე მისი მეგობრები შურს იძიებდნენ. მოგვიანებით უკვე გამოჩნდნენ „კულინარიელები“ და სხვები, კოზა ნოსტრასეული ტენდენციები იყო განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. ეს სიტუაციები ჩვენ გავიარეთ.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შედგა თუ არა სამოქალაქო საზოგადოება, იმ პერიოდში სამოქალაქო საზოგადოება ნამდვილად არ იყო შემდგარი. იმ დროს მხოლოდ ჟურნალისტები თუ ატეხდნენ ასეთ საქმეებზე განგაშს. დღეს კი ჩვენ დავინახეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება შემდგარია. თუმცა ორი განსხვავებული მომენტია აქ. სააკაშვილის დროს სახელმწიფო პირდაპირ უსწორდებოდა ახალგაზრდებს. ამ ტრაგიკულ მომენტში კი სახელმწიფო არ გასწორებია ახალგაზრდებს ფიზიკურად. უბრალოდ, ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება, ხოლო სახელმწიფომ გამოიჩინა გულგრილობა, დაბალი დონის პროფესიონალიზი, რითაც საკუთარი თავი ჩიხში მოაქცია. სახელმწიფოს ძირითადი მომენტი შიშის ფაქტორია, ანუ ძალადობრივ მექანიზმზე იგება სახელმწიფო, პოლიტოლოგიაში სახელმწიფოს ერთ-ერთი დეფინიცია სწორედ ძალადობრივი ინსტიტუტის არსებობას ნიშნავს და სახელმწიფოებრივი ძალაუფლების ცნება ლეგიტიმურ ძალადობრივ ინსტიტუტებთანაა დაკავშირებული. ამ მოვლენებმა კი ჩვენ დაგვანახა, რომ ლეგიტიმური ძალადობრივი ინსტიტუტები, ფაქტობრივად, სრულ კრახამდე მივიდნენ, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობა ეჭვქვეშ დააყენა. სწორედ ასეთი განცდა დამეუფლა მაშინ, როცა მთავარ პროკურორს ვუსმენდი, ასევე, ვუსმენდი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, მიუხედავად მისი ვაჟკაცური ქმედებისა, რომ იგი მაინც მივიდა აქციის მონაწილეებთან და მაინც მოახერხა დიალოგის წარმართვა. ბოთლების სროლაც გასაგები იყო, რადგან მეორე მხარე უკვე პოლიტიზირებული იყო და იქ ჩანდა „ნაცმოძრაობის“ ნარატივი. მართლი ბრძანდებით, „ნაცმოძრაობა“ ნებისმიერ მოტივს გამოიყენებდა საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის ამორალური, ყოვლად გახრწნილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა ჭუჭყიან და ბინძურ საქმეზე ხელის მომწერია.
მაგრამ რა უნდა ექნა შვილმკვდარ მამას, თანაგრძნობის მანტიით შემოსილი ნიკა მელიები და სანდრა რულოვსები უნდა გაეგდო?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, შვილმკვდარ მამაზე აქ საუბარიც ზედმეტია, მაგრამ, როდესაც ისეთ ადამიანებს იყენებ გვერდში, რომლებსაც თვითონვე აქვთ ხელები მოთხვრილი სისხლში, მაშინ ისიც ვთქვათ, რა განსხვავებაა სტალინსა და ჰიტლერს შორის? მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა დაამარცხა ბოროტება ჰიტლერის სახით, სტალინის დანაშაული, სტალინის დროინდელი რეპრესიები ისტორიას მაინც შემორჩა. ამიტომ, როცა ზონდერბრიგადების წარმომადგენლები, ჯალათები, მკვლელები მიკითხავენ მორალს და მელაპარაკებიან, რომ ისინი აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, სწორედ ამ ხელისუფლების ბრალიცაა, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს ძალოვანი სტრუქტურების პროფესიონალური კადრებით დაკომპლექტება. მიაფუჩეჩეს საკადრო პოლიტიკა, არ შეუწყვეს ხელი სახელმწიფო ინსტიტუტთა გაძლიერებასა და დეპოლიტიზაციის პროცესის დაწყებას, ასევე, დეავტოკრატიზაციის პროცესის დაწყებას ძალოვან სტრუქტურებში. ის პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დროს სისხლიანი ხელებით კერავდნენ საქმეებს, დღესაც არიან სისტემაში და მათგან რაიმე პროფესიონალური ქმედების გამოვლენას ვინმე ელოდა? ეს არის ამ ხელისუფლების დანაშაული.
ეს ხელისუფლება არ უსწორდება ახალგაზრდებს, სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მკვლელები და ნაძირლები გამოდიან და ზაზა სარალიძის ტრაგედიას იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა კვლავაც მოვიდნენ ხელისუფლებაში. ზაზა სარალიძე და იქ მისული გულანთებული ახალგაზრდები აქ არაფერ შუაში არიან, პირიქით, მათ მიმართ გამოვხატავ სრულ სოლიდარობას, ოღონდ აქციაზე უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ ზაზა სალარიძე და გულანთებული ახალგაზრდები, მინუს პოლიტიკური მკვლელები. „ნუ მომკლავ“ კი არა, აქციის მესიჯი უნდა ყოფილიყო „ხელმეორედ ნუ მომკლავ“. ხელმეორედ გვკლავენ ის ბინძური პოლიტიკოსები, ის პოლიტიკური გიენები, რომლებმაც იყნოსეს სისხლის სუნი და ეგრევე მოინდომეს ნადავლის აღება. ამ გიენების დანახვა ბევრ ადამიანს, მათ შორის, მეც ყოველგვარ სურვილს მიკლავს, მივიდე აქციაზე და გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ტრაგიკული ოჯახების მიმართ, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ამხელა უბედურება.
სანდრაც კარგი გიენაა, მელიას კი, მით უმეტეს, გვარიც უწყობს ხელს. უნამუსო ადამიანს უნდა ელაპარაკო უნამუსოდ, ყოველგვარი სქესობრივი განსხვავების გარეშე. ესენი არიან პოლიტიკური მკვლელები.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სააკაშვილის განცხადება იყო დამაინტრიგებელი. მიშაც „მიხვდა“, რომ ძველი მოსამართლეები დასათხოვია, ხოლო პროკურორები გამოსაცვლელი. თვით სააკაშვილმაც „გამოიცნო“ ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ ძველ პროკურორებთან და მოსამართლეებთან გამიჯვნას რატომღაც არ აპირებს ეს ხელისუფლება.
- სააკაშვილმა ამით საკუთარი პირით აღიარა, რომ მისი რეჟიმი იყო ავტოკრატიული და სისხლიანი, რომ ის იყო პირსისხლიანი დიქტატორი. ეს არის სააკაშვილის პირდაპირი ლუსტრაცია. როგორც ჩანს, პოლიტიკური რამსები აერია სააკაშვილს, რომელსაც ყოველთვის აკლდა სტრატეგიული აზროვნება. იგი მხოლოდ ახლომხედველი იყო და ყოველთვის ასრულებდა მოკლევადიან ამოცანას. ამიტომაც იყო უვარგისი პოლიტიკოსი. სააკაშვილი და ეს გიენები არიან ნეოტროცკისტები. როგორც ტროცკი იყო არაკაცი და სისხლისმსმელი, ოღონდ ის მოქმედებდა მე-20 საუკუნეში, ესენი მოქმედებენ 21-ე საუკუნეში, დიდი განსხვავება მათ შორის არ არის. ტროცკიმ დაიწყო სისხლიანი რეპრესიები და სტალინმა დაასრულა, თორემ სტალინს ეს რეპრესიები არ მოუგონია.
თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერიც ამბობს, რომ მხოლოდ მთავარი პროკურორი კი არ უნდა გადადგეს, არამედ წულუკიანმაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ამდენი გამოუძიებელი საქმის გამო.
- მეც ვიზიარებ, რომ მთავრობის გადადგომის საკითხიც შეიძლება დროული იყოს ამ შემთხვევაში. ყველა ადამიანმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, ვინც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე. ეს არის დაბალი პროფესიონალიზმი. ძალიან ცუდი მომენტი იყო, მოსამართლეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. სააკაშვილის პერიოდისგან განსხვავებით, ქალბატონ ეკა არეშიძეს ჰქონდა თავისუფლების ხარისხი. უბრალოდ, აქ არის მოსამართლეების ხარისხის მომენტი, რადგან ბევრი სისხლიანი მოსამართლე ჯერ კიდევ სისტემაშია.
როგორც ამბობენ, ქალბატონი ეკა არეშიძე სააკაშვილის დროსაც პრინციპული ყოფილა, მაგრამ მისმა ამ გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, დაანგრია საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ანუ შექმნა პოლიტიკური უსუსურობის სინდრომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არშემდგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ.
ფაქტია, ზაზა სარალიძემ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს სხვა შვილმკვდარმა მამებმა. ეს აღიარა კიდეც გირგვლიანის მამამ, ასევე, მაჩალიკაშვილის მამა იდგა საპროტესტო აქციაზე. როგორ განვითარდება მოვლენები, გამოიძიებენ ამ საქმეს, თუ უკვე ისეა გაყალბებული ნივთმტკიცებულებები, რომ აზრიც აღარ აქვს ხელახალი გამოძიების ჩატარებას?
- ამ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ გამოჩენა ბევრად დააგდებს საპროტესტო მუხტს. სანდრა რულოვსისა და პოლიტიკური გიენების გამოჩენამ მიიღო პოლიტიზირებული ხასიათი და საზოგადოებას შეუცვალა აქცენტები. სამწუხაროდ, ეს იქცევა „ნაცმოძრაობის“ მიტინგად. თუმცა „ნაცმოძრაობას“ არათუ არ შეუძლია ქვეყანაში გადატრიალების მოხდენა, არამედ იმის უნარიც არ აქვს, რაიმე ფორმით რაღაც გავლენა მოახდინოს პროცესებზე, რადგან თვითონვე იყვნენ სისხლიანი ტირანები.
თუმცა, ელემენტარულად, მეც კრიტიკულად ვარ განწყობილი დღევანდელი მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ, მეც მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა დაღუპულთა მამების მიმართ, მაგრამ არა გიენებთან ერთად, რომლებიც იქ არიან და ელოდებიან ნადავლის მიღებას. ნეოტროცკისტების მიერ დაწყებული ბაკქანალია უკვე იწვევს საპირისპირო ტენდენციებს. სანამ ისინი არ ჩამოსცილდებიან ამ აქციას, მანამდე ვწუხვარ, რომ ეს აქცია შედეგს არ მოიტანს. თორემ დღევანდელ მთავრობას ბურატინოების გაერთიანებას დავარქმევდი და ამ პოლიტიკური ბურატინოების გაერთიანებამ შეიძლება კვლავაც იხეიროს. ბოდიში და, გამოდის პრემიერი და ამბობს, ეს საქმე შს სამინისტრომ გამოიძიოსო. ელემენტარულად, გაგებაში არ არის, რას სთავზობს. ჩემთვის, როგორც ეროვნული უსაფრთხოების სპეციალიტისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი იყო ასეთი მიდგომა. წესით, უნდა შექმნილიყო უწყებათშორისი საგამოძიებო ჯგუფი, სადაც შევიდოდა სახელმწიფო უშიშროების სამსახური, ასევე, პროფესიონალთა მთელი გუნდი. ასევე, უნდა შექმნილიყო მთავრობასთან არსებული სახელმწიფო კომისია და მათ უნდა გამოეძიებინათ ეს ტრაგედია. თორემ არც საპარლამენტო კომისია არაფრის გამკეთებელი არ არის, ეს მისი პრეროგატივა არ არის და არც შს სამინისტრო გამოიძიებს ამ საქმეს.