თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გაფიცვის შემთხვევაში მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებდა. გაფიცულ მემანქანეებს საკრებულოს დეპუტატები და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა თბილისის მერიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სატრანსპორტო კომპანიიის ინფორმაციით მათი მზაობის შესახებ პროფკავშირებს წერილობით აცნობეს, თუმცა დასტური არ მიუღიათ.
2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გაფიცვის უფლება მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროფესიულ გაერთიანების წევრებს მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობა „სამუშაო საათების განმავლობაში“ აეკრძალათ.
31 მაისს პროფკავშირების გაერთიანებამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ, თუმცა თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის. მეტროს თანამშრომლების თქმით, მათ ყველა გზა სცადეს საკუთარი მოთხოვნების დასაყენებლად, ბოლოს კი იძულებული გახდნენ გაფიცულიყვნენ. დღეის მდგომარეობით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ მეტროს 240 მემანქანეა დასაქმებული.
„თბილისის მერიის პოზიცია ხისტი იყო“, - მიიჩნევს მმართველი გუნდის დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი.
მისივე განმარტებით, მერიას არ შეუძლია იმის თქმა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვა და ხელფასების მატებასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ არის სწორი და თუ მერიას საკმარისი თანხა არ აქვს, მაშინ ბიუჯეტი უნდა გაზარდოს.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ მემანქანეებს სასამართლომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეუზღუდა.
მეტროს მემანქანეების უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. ადვოკატის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია მოლაპარაკებები დაიწყოს მემანქანეებს, კომპანიასა და მერიას შორის.
„სხვა არჩევანი დამსაქმებელს არ აქვს. დედაქალაქის მერია უნდა აცნობიერებდეს და იცოდეს, რა არის გაფიცვის უფლება. გაფიცვის დროს ამგვარი მოქმედება არის კანონით დაცული“, -ამბობს ღვინიანიძე.
მემანქანეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, კომპანიას, რომელიც მინუს 16 მილიონით ამთავრებს ყოველწლიურად თავის საქმიანობას, არ აქვს შესაძლებლობა 45%-იანი ხელფასების ზრდა განახორციელოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 1400-დან 1800 ლარამდე იღებენ ხელფასს.
ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა ჩაერთოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოლაპარაკებებში, კალაძემ აღნიშნა, რომ უკვე არაერთი შეხვედრა გაიმართა.
კალაძემ გაფიცვა უკანონო აქტად შეაფასა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებით მემანქანეების დროებით გაფიცვის უფლება შეჩერებული ჰქონდათ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ დანამატებზე, რასაც მემანქანეები იღებენ, მათ აქვთ უფასო დაზღვევა; გარდაცვალების შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით დახმარება; უნაზღაურდებათ ავტობუსის მომსახურების საფასური 375 ლარის ოდენობით; დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით; ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი; ღამის საათების ანაზღაურება 20%-იანი დანამატით; სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი - დაახლოებით 250 ლ; მეცამეტე ხელფასი - 100% და ა.შ.
რაც შეეხება მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას - 2013-2017 წლების მიხედვით: მემანქანე ინსტრუქტორებს 2013 წელს 1,824 ლარი ჰქონდათ; 2014 წელს -1,962 ლარი; 2015 წელს - 1,968 ლარი; 2016 წელს -2,046 ლარი; 2017 წელს კი - 2,158 ლარი.
რაც შეეხება ხაზის მემანქანეებს - 2013 წელს -1,605 ლარს იღებდნენ; 2014 წელს - 1,700 ლარს; 2015 წელს - 1,730 ლარს; 2016 წელს - 1,794 ლარს; ხოლო 2017 წელს - 1,827 ლარს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით კი, მათი ხელფასი 1400-1800 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც უფრო მეტია, ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.
მართალია, ამის ფონზე ბევრად უფრო სოლიდურად გამოიყურება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორის ხელფასი, 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მისი ერთი თვის სარგომ 13 333,33 ლარი შეადგინა.
მეტროს მემანქანეები სახალხო დამცველის წარმომადგნელთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს.
თოდუას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეეზღუდათ სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება, არის საზიანო და საშიში პრეცედენტი. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ მემანქანეებს არ დაურღვევიათ კანონი, რადგან მათ გაფიცვა დაიწყეს არასამუშაო საათებში - ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა.
გაფიცვის შედეგად დედაქალაქის მერიამ ერთ დღეში უკვე მიიღო დაახლოებით 350 ათასლარიანი ზარალი - შედგება თუ არა მოლაპარაკებები და ვინ წავა კომპრომისზე უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცენდენტი დედაქალაქში არ მომხდარა, რაც საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშნს აჩენს.