პრემიერი გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებთან ორკვირიან ტაიმ-აუტს იღებს

პრემიერი გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებთან ორკვირიან ტაიმ-აუტს იღებს

პრემიერი დაპირებისამებრ, იმ გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებსა და მათ ადვოკატებს შეხვდა, რომლებიც გამოძიების შედეგით უკმაყოფილონი არიან და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. საქმეების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართა - სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები კანცელარიაში ერთად შევიდნენ, თუმცა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ცალკ-ცალკე გადაწყდა.

გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ უკვე დასრულდა. მაჩალიკაშვილი ადვოკატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს მარტო შეხვდნენ. როგორც პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კვირიკაშვილი დეტალების შესწავლას პირად კონტროლზე აიყვანს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა დღეს პრემიერისგან კიდევ ერთხელ მიიღო სამძიმარი, თუმცა მოლოდინებზე და კმაყოფილებაზე საუბარი ნაადრევია.

„ჩვენ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა ყველაფერზე, დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, ასევე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას. პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, ვინ იქნება დასჯილი და ა.შ. თუმცა ჩვენს მოთხოვნებზე, ის რაც ადეკვატურია, უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება. კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება, თუკი ამის საფუძველი იარსებებს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, პრემიერის ადამიანური პირობა იყო, რომ ამ საქმეზე ის გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცხადია აქციები იქნება, კიდევ უფრო მასშტაბური. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პრემიერს აქვს გონივრული ვადა, 10-14 დღე“, - აღნიშნა ადვოკატმა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, თამთა მიქელაძემ კი აღნიშნა, რომ პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოძიების, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ზოგადად, პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. პრემიერისგან კი მიიღეს დაპირება, რომ ის საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს აღნიშნული საქმის გამოძიებას.

„სამუშაო ფორმატში პროცესის გადაყვანა, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, პრემიერი შეეცდება ის ხარვეზები, რომელიც გამოძიებაში ჩანს, გაიაროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან და მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ პანკისის ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო სოციალური გახდება და ამ კუთხით ხელისუფლება შეეცდება, რომ ხეობასთან გაჩენილი ნდობის პრობლემა მოაგვაროს“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი შეხვედრაზე არ მიუღია, რადგან მას არ ესწრებოდა სუს-ი და პროკურატურა.

„შესაბამისად, პასუხების გაცემის რეჟიმში მთავრობა არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საქმესთან დაკავშირებულ ძირითად ხარვეზებზე, მათ შორის ნივთმტკიცებულებების განადგურების, დაზიანების ან შესაძლო ფალსიფიკაციის საკითხზე და ცხადია მოვითხოვეთ წვდომა იმ საიდუმლო მასალებზე, რომლებიც ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მიქელაძემ.

შეხვედრა დასრულდა ზაზა სარალიძესთანაც, სარალიძემ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

„ამ საქმესთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს“, - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძეს ეჭვი ეპარება ხელახალი გამოძიებაში, რადგან მტკიცებულებები განადგურებულია და აცხადებს, რომ მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, აქციები გაგრძელდება.

„აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. უნდა დააკავონ არა მარტო მკვლელი, არამედ საქმის გამყალბებლებიც, მათ შორის მირზა სუბელიანი. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ა.შ. ყველა მოთხოვნა უცვლელად რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა გადადგომაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა?!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამამ, გუშინ დღის ბოლოს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც პოლიტიკოსებმა დააანონსეს, მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.

პრემიერმა უპასუხა, რომ თანახმა შეხვედრაზე, თუმცა, ანგაჟირებული პირების თანხლების გარეშე.

ზაზა სარალიძემ, ვიდრე პრემიერს შეხვდებოდა, პოზიცია რამდენჯერმე შეცვალა, თავდაპირველად ის მთავრობის კანცელარიასთან მივიდა თუმცა, განაცხადა, რომ მარტო არ შეხვდებოდა პრემიერს და საზოგადოებასთან ერთად შესვლას გეგმავდა.

„შევდივარ შეხვედრაზე. პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტს, შვილმოკლულ მშობლებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ჩემთვის საზოგადოება არის საზოგადოება. რატომ არ ახსენებთ მალხაზ მაჩალიკაშვილს, რატომ არ ახსენებთ შვილმოკლულ მშობლებს მარტო პოლიტიკოსებს რომ იძახით ეს ჟურნალისტები. თქვენი ბრალია, რომ გაპოლიტიზირდა ყველაფერი. ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? მაგათ ულტიმატუმებზე 6 თვე ვიარე.

უნდა დაესწროს ყველა. დადექით ნორმალურად ყველა და ვილაპარაკოთ. ყველაფერს ადგილზე განვიხილავთ. რა შუაშია პოლიტიკოსები, შევდივართ ადამიანები. მარტო პოლიტიკოსებზე რატომ აკეთებენ აქცენტს. მარტო ჩემი შვილის სახელით არ ვლაპარაკობთ. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას ერთი საათი. მარტო არ შევხვდები. მე საზოგადოებასთან ერთად შესვლას ვითხოვ. დაყარეთ კამერები და თქვენც შემოდით“, - განაცხადა სარალიძემ.

კანცელარიასთან მივიდა ზვიად კუპრავაც, რომელმაც განაცხადა, რომ მას ზაზა სარალიძემ დაურეკა და კანცელარიასთან მისვლა სთხოვა და თუ კანცელარიასთან კიდევ ვინმე სხვა შვილმკვდარი მშობლებიც არიან, ისინიც წაიყვანონ. როგორც ზვიად კუპრავამ განაცხადა, ის თავად ადგენს პრემიერთან შვილმკვდარი ოჯახების შემსვლელთა სიას.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა იმასაც აცხადებდა, რომ მის მიმართ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი, რადგან კვირიკაშვილი მზადყოფნას მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე გამოთქვამდა - მალხაზ მაჩალიკაშვილი იმასაც აცხადებდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მის ოჯახს ტერორისტებად თვლის.

როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, შეხვედრის წინ, ის მხარს უჭერს პრემიერის შეხვედრას შვილმკვდარ მამებთან საკუთარ ადვოკათებთან ერთად.

„მეც იქ ვიქნები რადგან სამივე ოჯახმა შეძლოს თავიანთი სათქმელი უთხრას ხელისუფლებას. მაჩალიკაშვილი და სარალიძე დარჩნენ მარტო, რადგან ჩამოყალიბდნენ ვისთან ერთად უნდა შეხვდნენ პრემიერს და ვისთან არა. ეს შეხვედრა იქნება საქმიანი თუ ოჯახის წევრები და ადვოკატებიც დაესწრებიან“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შალვა თადუმაძის განმარტებით, პრემიერი შეხვდება ყველა შვილმოკლულ მშობელს, ვინც ამ წუთას მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება, მაგრამ პრემიერი დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვედრაზე არ მიიღებს.

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩლიკაშვილს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად, გაირკვა რომ სარალიძე არ აპირებდა, პრემიერთან მარტო შეხვედრას და ითხოვდა, რომ პრემიერს ყველასთან ერთად შეხვედროდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პრობლემა არ უნდა იყოს, თუკი პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იურისტებთან ერთად შეხვდება.

როგორც გიგაურმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, ის პირადად მზად არის, ზაზა სარალიძის სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკებაში ჩაერთოს.

„არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ მისი და პრემიერის შეხვედრა სწორია, მაგრამ თუკი ამაში ჩაერთვება სახალხო დამცველი, არასამთავრობოები და ადვოკატები, რომლებმაც კარგად იციან ეს საქმე, ამაში პრობლემა არ არის. ალბათ, მთავარია ის, თუ რას მივიღებთ ამ შეხვედრის შემდეგ. შედეგად უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი რამ და პირველ რიგში ეფექტური გამოძიება და იმ ადამიანების დასჯა ვინც ჩართულები იყვნენ ამ უკანონობაში. მე მზად ვარ ჩავერთო შეხვედრაში, თუკი ბატონ ზაზას ამის სურვილი ექნება“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მოგვიანებით, პრემიერის კანცელარიაში საგანგებო განცხადება გაკეთდა, რომლის თანახმად, კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ ადვოკატებს შეხვდებოდა, მათივე მოთხოვნით, შეხვედრა შედგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. ითქვა ისიც, რომ დახურულ შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრებოდა.

რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას შეხვედრასთან დაკავშირებით დათანხმდა და მეუღლესთან ერთად მთავრობის კანცელარიაში შევიდა. ზაზა სარალიძესთან ერთად მისი უფლებების დამცველი EMC-ის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდნენ.

კანცელარიასთან შეკრებილ პოლიტიკოსებს, როგორც ჩანს, „მძევლის“ გათავისუფლება მოუხდათ, რადგან მათი ულტიმატუმი დამატებით კითხვებს გააჩენდა.

„ყველაფერში მოგყვებით. პრემიერის მხრიდან პირობების შეცვლა არ არის სწორი, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენით პრობლემას არ შეგიქმნით. შენ როგორც გადაწყვეტ, ისე იქნება. მე მაქვს ყველასთან თხოვნა, რომ ზედმეტად ამ ადამიანზე ფსიქოლოგიურ წნეხს ნუ მოვახდენთ. ეს ორი კაცი დადგება, მოილაპარაკებს და ყველაფერი ისე იქნება,“ - ამ სიტყვებით გააცილა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ზაზა სარალიძე პრემიერთან შესახვედრად.

როგორც ვაშაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღნიშნა, პოლიტიკოსები პრემიერთან შეხვედრის თაობაზე არანაირ მოთხოვნებს არ აყენებენ.

„რომ არავის ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკოსები ჩვენს პოზიციებს ვაყენებთ, გუშინ ზაზამ თვითონ გვითხრა ეს ფორმატი, ამიტომ მოვედი აქ. მინდა ვთქვა, რომ მარტო იმის გამო შეიყვანეს მაჩალიკაშვილი ამ პროცესში, რომ ლაივში ჩავრთეთ და სამარცხვინო ქმედებაზე უარის თქმისკენ მოვუწოდეთ პრემიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ არანაირ მოთხოვნას არ ვაყენებთ, რომ გინდა თუ არა ჩვენ უნდა ვიყოთ. რასაც გადაწყვეტს ის ორი კაცი, ყველაფერი ისე იქნება,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა.

როგორც ზვიად კუპრავამ აღნიშნა, ის დაემორჩილება ზაზა სარალიძის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. პოლიტიკოსები სარალიძეს კანცელარიის შენობასთან ელოდებიან.

რა მიმართულებას მიიღებს დაზარალებულების პროტესტი, ძნელი სათქმელია - ერთი რამ აშკარაა, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი კვლავ ცდილობს ადამიანების პირადი ტრაგედია პოლიტიკური პროცესების ასაგორებლად გამოიყენონ.