„პროტესტი თუ გაგრძელდა, აუცილებლად აგორდება ქუჩა, რომელიც უკვე აღარ იქნება ასე მშვიდი და მართვადი“

„პროტესტი თუ გაგრძელდა, აუცილებლად აგორდება ქუჩა, რომელიც უკვე აღარ იქნება ასე მშვიდი და მართვადი“

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კონსულტაციები გამართა, სამოქმედო გეგმა დასახა და რუსთაველის გამზირზე გამაგრდა „სისტემის ჩამოსანგრევად“. ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის აქციასაც გაემიჯნა, არც ვაკის პარკის აქციაზე დარჩენა ისურვა და განაცხადა, რომ მარტო იბრძოლებს სამართლიანობის მისაღწევად. რას მოიტანს ერთი მხრივ, ნაციონალების რევანში, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნა, დაისაჯოს რეალური დამნაშვე, რა დასკვნებს გამოიტანს ხელისუფლება შექმნილი სიტუაციიდან და რა გზას აირჩევს მუხტის ჩასაცხრობად - ამ თემებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: ვიცით, რომ როგორც რუსთაველზე, ისე ვაკის პარკში აქციები გრძელდება. რუსთაველზე ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები, თუმცა, როგორც ჩანს, კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და ვფიქრობ, ვერც მოხერხდება პოლიტიკური სპექტრის გაერთიანება. ვფიქრობ, პრობლემა ის კი არ არის, რომ პარტიები ჩაერთვნენ პროცესში, არამედ ის, რომ ორგანიზებას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც სათავე დაუდო ქუჩაში ხალხის ხოცვას და ა.შ.

ანუ პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩადენილ დანაშულს კი არ აფარებდა ხელს, რაც თავისთავად, დიდი უბედურებაა, არამედ თვითონ, მისი მაღალჩინოსნები იყვნენ დანაშაულის ჩამდენნი. ამიტომ ის, რომ ახალგაზრდების ნაწილი გამოეყო იმ აქციას სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით პოლიტიკურ ჭრილში გადადის პროცესი, სრულიად სამართლიანია.

აქამდეც ვამბობდი, რომ პროტესტი აუცილებლად უნდა გამოხატონ - სარალიძე არის ადამიანი, რომელსაც შვილი მოუკლეს და თანადგომას სთხოვს ყველას. ამიტომ სპეკულაცია, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ვინმესთან დგომით, ასეთ შეფასებას არ ექვემდებარება. მას სჭირდება თანადგომა და სოლიდარობა, აქვს პრობლემა და პროტესტი ხელისუფლებისადმი სრულიად გამართლებულია.

მთავარია ამ პროტესტს ვისთან ერთად გამოხატავ, ვგულისხმობ პარტიებს. პოლიტიკოსების ჩართვაც არ არის პრობლემა, ესეც ნორმალურია, მაგრამ ეს არ ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“. ყოვლად წარმოუდგენელია ამ პარტიასთან ერთად აპროტესტებდე უსამართლობას - ეს სრულიად ამორალური ქმედებაა.

თავისუფალი დემოკრატებიაცხადებენ, რომ სრულიად გაუმართლებელია, რაც რუსთაველის გამზირზე ხდება, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ამ სისტემის შემქმნელ ძალასთან ერთად სისტემის დანგრევა წარმოუდგენელია, ელისაშვილი აცხადებს, რომ სარალიძის ნაციონალებისთვის ხელიდან გამოგლეჯვას ცდილობდა და . - ოპოზიციური პარტიების ნაწილი ემიჯნებანაციონალურ მოძრაობასდა აქვს სწორი დამოკიდებულება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ აღლვებს რუსთაველის აქციის ორგანიზატორებს - საკუთარ გეგმას მიჰყვებიან...

- მივესალმები ნებისმიერ პოლიტიკოსს და საზოგადოების ნაწილს, რომელსაც სწორი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მხოლოდ განცხადებები არ არის საკმარისი, მათ პროტესტის გამოხატვის სურვილი უნდა გააჩნდეთ და ეს პროტესტი დააფიქსირონ. ის, რაც ხდება სარალიძესთან დაკავშირებით, პროკურატურამ რა შეცდომებიც დაუშვა ნებით, უნებლიედ თუ არაპროფესიონალიზმით, ეს ჯერ კიდევ გამოსაძიებელია, მაგრამ ხელისუფლების მიმართ პროტესტი ამ კონკრეტული საქმის გამო უნდა დაფიქსირდეს. მაგრამ, ამისი გაკეთება არ შეიძლება იმ სისტემასთან ერთად, რომელიც თავად „ნაციონალებმა“ შექმნეს. რომელ სისტემას ებრძვიან, მათ მიერვე შექმნილს? რომელი კონსტიტუციით ვცხოვრობთ დღეს? - მათ მიერ შექმნილი კონსტიტუციით. კონსტიტუციაა საყრდენი, რომელზეც სისტემა უნდა ააგო და რა სისტემის ჩამოშლაზე ლაპარაკობენ?! ის, რასაც ნაციონალები აკეთებენ, ყოვლად მიუღებელია.

რაც გამოჩნდა, თუ არ ჩავთვლით „ლეიბორისტებს“ და ბურჯანაძის პარტიას, მოხდა დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ გაერთიანება. შესაძლოა, აღდგენაც ხდება, რადგან ყველა ის ჯგუფი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობს, თავის დროზე, ნაციონალებთან მოიაზრებოდა. სახელები რა ჰქვიათ დღეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ის ხალხია, რომლებიც სააკაშვილთან ბრძანდებოდნენ და, როგორც ჩანს, მათი ამოცანაა, პოლიტიკურ სპექტრში მოახდინონ რეაბილიტაცია - ამიტომაც უნდათ იმ პარტიების გაერთიანება, სადაც ისევ სააკაშვილი იქნება ლიდერი.

დღეს უკვე გამოჩნდა, ქართულ საზოგადოებას რა პრობლემის გადაჭრის ამოცანა აქვს და რა უნდა გადავწყვიტოთ, თუ გვინდა, რომ ამჯერად მაინც, რაღაც პოზიტივი მოხდეს - ხელისუფლებიდან გავუშვათ „ქართული ოცნება“ დღეს იქნება, ეს თუ ხვალ, მაგრამ ისე, რომ არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის უმთავრესი მიზანი.

სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვისაც პრობლემები აქვს პროკურატურასთან და სწორია სარალიძის მოთხოვნები, უნდა გავიზიაროთ და მოვითხოვოთ, მაგრამ არა იმ გუნდთან ერთად, რომელიც თავად იყო დამწყები და ჩამდენი ყველა იმ უბედურებისა, რაც ხდებოდა იმ 9 წლის განმავლობაში.

რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ გირგვლიანის მამის განცხადებაც, როდესაც ამბობდა, რომ თანაგრძნობას უცხადებს სარალიძეს, მაგრამ ვერ დადგება მის გვერდით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ნაციონალები დგანან. „ნაციონალური მოძრაობისაქტიურობამ რამდენადმე ხომ არ გააუფერულა ის პრობლემა, რაც რეალურად დგას - ლაპარაკია არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსზე, სადაც წინა ხელისუფლების ჩადებული ხარვეზები ისევ არსებობს, არამედ იმ მიდგომებსა და დამოკიდებულებაზე, რომელიც პროკურატურას მემკვიდრეობით გადმოჰყვა. ვგულისხმობ იმას, რომ არ ისმის ის კონკრეტული მოთხოვნები, რაც შეიძლება ისმოდეს ამ სიტუაციაში...

- მესმის გირგვლიანის მამის, რობაქიძის მშობლების, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიღუპა და ოჯახმა სამართალი ვერ იპოვა. მესმის სარალიძის მიდგომაც, რომლის საქმე ახლა წყდება და რომლისთვისაც სულერთია, რომელი პოლიტიკური ძალა დაუდგება გვერდით, რადგან მას სამართლიანი გადაწყვეტილება სჭირდება - მასზე არაფრის თქმა არ შეიძლება. თუმცა, ალბათ, მაინც უნდა მიხვდეს, რომ იმ ხალხისთვის, ვინც უკვე იცის, ვინ არის მისი შვილის მკვლელი, ასევე მიუღებელია მის გვერდით მკვლელების დგომა და მათ გვერდით გაპროტესტება.

სარალიძეს სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს საზოგადოებამ, მაგრამ არა იმათთან ერთად, ვინც ხვალ რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, იგივეს და უარესსაც გააკეთებს. პროტესტს ვერავის დავუშლით, მაგრამ ამაზე უნდა მოხდეს ხაზგასმა, რათა ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდეს. ეს ხალხი იმდენად ამორალურია, რომ მათ მიერვე შექმილი სისტემის ჩამოშლაზე საუბრობს და ეს საზოგადოებამ არ უნდა მიიღოს.

ნაციონალურმა მოძრაობამალბათ, იცის, რომ ამ აქციებით ვერაფერს მიაღწევს, ვერც იმას დაიჯერებს ვინმე, რომ სოლიდარობის გრძნობამ შეაწუხა - რა შეიძლება იყოს მათი რევანშის რეალური მიზანი?

- გააგრძელოს იმისკენ სვლა, რაც უნდათ - ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, „ქართული ოცნებისთვისაც“ არანაკლებ მომგებიანი იქნება. „ნაციონალებმა“ პოლიტიკური რეანიმაციისკენ ნაბიჯი გადადგეს - „ლეიბორისტებისა“ და ბურჯანაძის სახით თითქოს პოლიტიკური პარტიებიც შემოიკრიბეს. „ნაციონალური მოძრაობა“ შემდეგ უკვე შეეცდება, სხვა პარტიები ჩამოიშოროს და გაიხანგრძლივოს პირველი ოპოზიციური პარტიის როლი.

მათაც იციან, რომ არჩევნებს „ოცნება“ მოიგებს, მაგრამ დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ არ გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა, რომლისკენაც წავა ამომრჩეველი, თუ მმართველი პარტია დაიწყებს რეიტინგის დაკარგვას. ამ მიზნისკენ მოძრაობს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ რატომ არიან მათთან კონსენსუსით დაინტერესებული სხვა პოლიტიკური ძალები, ეს არ მესმის.

ხელისუფლებას აქვს შანსი სიტუაცია ბოლომდე განმუხტოს? სარალიძის პრობლემის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა საკმარისი იქნება?

- ხელისუფლებას არაერთგზის ვაფრთხილებდით, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის ცუდი მიმართულებით, არის ცოტა დრო, საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და თუ ივანიშვილი დაბრუნდებოდა, მთავრობას უნდა ჩადგომოდა სათავეში, გასატარებელია რეფორმები და ა.შ. მაგრამ როგორც წესი, ხელისუფლება ამგვარ მოსაზრებებს არ ითვალისწინებს და ყოველთვის მათ აზრს ირჩევს, ვინც აქებს - მერე ყველაფერი ისე მთავრდება, როგორც ამთავრებენ ხოლმე ხელისუფლებები საქართველოში.

 ხელისუფლება ჯერ იმ მორალური თუ სამართლებრივი ტვირთისგან უნდა გათავისუფლდეს, რაც აწევს ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის სახით. ამისათვის არის ერთი გზა - უნდა შეძლოს და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ჩაატაროს ძიება, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს, რომელიც მისაღები იქნება სარალიძისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ძიების შედეგს.

ეს არ იქნება საკმარისი, უნდა გადაიდგას სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმ მიმართულებით, რომ აღადგინოს ნდობა საზოგადოებაში, შეაჩეროს ხალხში საკუთარი რეიტინგის ვარდნა.

ვიდრე ეს პროცესი დაიწყებოდა, ვამბობდი, რომ ხელისუფლებას ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი საზოგადოების კეთილგანწყობის შემოსაბრუნებლად. ვიცოდი, რომ განწყობები მკვეთრად იცვლებოდა, მაგრამ რაც დღეს ხდება, ამის გათვალისწინებით, მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ აგრესიისა და პროტესტის მუხტი ამ დონეზე იქნებოდა ასული. ამიტომ, ეს არის დასაფიქრებელი.

თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ მხოლოდ პოლიტიკური ძალების პროვოცირების გამოა რუსთაველი გადაკეტილი, ძალიან ცდება, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 6-7 წელია, მუდმივად ცდილობს პროვოცირებას, მაგრამ მან აქციის აგორება ვერ შეძლო. დღესაც ვერ შეძლებს, რადგან აქციებში „ნაციონალების“ ჩართვა მას თავისათავად დაშლის, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ხელისუფლებაში არსწორი ანალიზის და დასკვნების საბაბი. პროტესტი თუ გაგრძელდა, აუცილებლად აგორდება ქუჩა, რომელიც უკვე აღარ იქნება ასე მშვიდი და მართვადი.

30 წელიწადია, ვუყურებთ და ვიცით, როგორ ხდება აგრესიის დაგროვება და შემდეგ მისი განმუხტვა, ამიტომაც ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს და რეალური რეფორმირება დაიწყოს, რეალური ნაბიჯები გადადგას მოსახლეობაში დაკარგული ნდობის დასაბრუნებლად.