საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიოში ელექტომობილების რაოდენობა 125 მილიონს მიაღწევს. ელექტრომობილების რაოდენობის ზრდას სხვადასხვა რეგულაციები შეუწყობს ხელს, რომელიც წაახალისებს ადამიანებს, შეიძინონ გარემოზე ნაკლები ზიანის მომტანი ავტომობილები.
2017 წელს მსოფლიოში არსებული ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 3.1 ავტომობილს შეადგენდა. მომდევნო 12 წელიწადში კი მათი რაოდენობა 40-ჯერ გაიზრდება. სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში. დაახლოებით 1 წლის წინ დაწყებულმა ბუმმა ისე უცებ ჩაიარა, მოსახლეობის უმეტესობამ ვერც კი გაიგო.
მსოფლიოში ელექტრომობილების უმსხვილეს ბაზარს ჩინეთი წარმოადგენს, სადაც ელექტრომობილების გაყიდვები 72%-ით - 580 000 ავტომობილამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, ამ მომენტისთვის ჩინეთში არსებული ელექტრომობილების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილების 50%-ზე მეტი ჰიბრიდებმა და ელექტრომობილებმა შეადგინეს.
2040 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე უარს ამბობენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. პარალელურად, მსხვილი ავტომწარმოებლები, როგორებიც „ფოლკსვაგენი“, „ვოლვო“ და სხვა უმსხვილესი კორპორაციები დროთა განმავლობაში მხოლოდ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გამოშვებას აპირებენ.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? როგროც ყველა სიახლე, ელექტრომობილებიც უცებ აიტაცა ქართველმა მომხმარებელმა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტექნიკის ბოლო სიახლე, არც მთლად გამოსადეგი ყოფილა ჩვენს სინამდვილეში. ამიტომ ელექტრომობილების ბუმმა ისე გადაირა, რომ, პრაქტიკულად, არც დაწყებულა.
ყველაფირ მიზეზი თავად ტექნიკა და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა. ელექტრომობილები მცირე მანძილს ფარავს, მის დამუხტვას დიდი დრო უნდა, ხოლო ქვეყანაში დამტენი მოწყობილობის სიმცირეა. ამიტომაც მანქანით ქალაქგარეთ გადაადგილება დიდ პრობლემას ქმნის. გამოდის, რომ ადამიანს, მინიმუმ, 2 მანქანა უნდა ჰყავდეს - ქალაქში სამოძრაოდ ელექტრომობილი და ქალაქგარეთ სამგზავროდ ჩვეულებრივი მანქანა, რაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია.
ელექტრომობილების პოპულარობის დაცემაზე საუბრობენ ავტოიმპორტიორები. „რობანი მოტორსის“ ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ჰიბრიდების რაოდენობა მკვეთრად აჭარბებს ელექტრომობილებისას, რისი მიზეზიც საქართველოში შემოყვანილი მეორადი მანქანების გაუმართაობაა. ახალი ელექროქარები ძალიან ძვირია და ჩვენი მომხმარებელი ვერ სწვდება მის ღირებულებას. მეორადი და დაბალფასიანი მანქანები კი თავისი შესაძლებლობებით ერთობ სუსტია.
„ახლა მოთხოვნა ყველაზე მეტად ჰიბრიდებზეა, ელექტრომობილების პიკმა გაიარა. მათ ნაკლებობას ხსნიან ქვეყნის მასშტაბით დამტენი სადგურების სიმცირით, მაგრამ ეს არ არის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი. პრობლემა სულ სხვაა, ახალი ავტომობილები საკმაოდ ძვირია და ჩვენი მომხმარებელი ვერ სწვდება ამხელა ფასიან მანქანებს. რაც ჩვენთან შემოდის და შედარებით იაფად იყიდება, ის მოძველებულია და უკვე მწყობრიდან არის გამოსული.
ცვეთასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ელექტრომობილებს. ამჟამად რომელიც შემოდის, მალე გამოვა მწყობრიდან. დამუხტვა აქ არაფერ შუაშია. ეს მანქანები ბევრს ვერ გადის, აკუმულატორები მალე იცლება და დისკომფორტს უქმნის მფლობელს. ამიტომ არის შემცირებული მათი იმპორტი“, - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ.