სასტუმრო ვაკის პარკში - ეს უკვე პოლიტიკაა

სასტუმრო ვაკის პარკში - ეს უკვე პოლიტიკაა

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაძლო განახლებამ პოლიტიკური სახე მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ოპოზიცია აღაშფოთა, არამედ მმართველ გუნდსაც გაუჩინა ბევრი კითხვა და უარყოფითი დამოკიდებულება.

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აცხადებს, რომ ვაკის პარკში დაგეგმილ მშნებლობასთან დაკავშირებით მერიის პოზიცია ამ ეტაპზე აბსოლუტურად პასიურია. რამდენადაც საკითხი სამართლებრივ სივრცეშია გადასული და დიდი ალბათობით საკითხის განხილვა უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს განსახილველად, ამიტომ კონკრეტული პასუხი მერიას არ აქვს, თუმცა კალაძის უწყება სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის დაწყებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

სამაგიეროდ, აქტიური პოზიცია უჭირავთ პარლამენტარებს. ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ვაკის პარკში შესაძლო 7-სართულიანი სასტმროს მშენებლობა. ამიტომ ფრაქციას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი სივრცეების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები, მომავალში მსგავსი მშენებლობებისგან დაცული იქნება.

„ბევრჯერ ვთქვი საჯარო სივრცეში, კომიტეტებშიც და დღესაც ვიტყვი, რომ ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი. სპორტულ მოედანზე რატომ უნდა მოგინდეს ააშენო შენი კერძო სახლი?!“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ და აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში რევიზია ვერ მოხდება.

„იქ იყო სამართლებრივი დავა სასამართლომ თუ ერთ-ერთი მხარის არგუმენტები მიიჩნია უფრო მყარად და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტმა მშენებლობის ნებართვა კერძო ინვესტორს მისცა, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში რევიზიას ვერ დავიწყებთ“, - განცხადა გეგიძემ.

ოპოზიციას კი იმედი აქვს, რომ სადავო საკითხს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს.

„ვაკის პარკს, რომელიც ერთ დროს ხრიოკი მინდორი იყო და თაობათა შრომის შედეგად გახდა ის, რასაც ვხედავთ, ჩვენი თაობა ანადგურებს. იქ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა ირანის საელჩო, ფეხბურთის ფედერაცია, ოფისები, ფრანგული სკოლა, მთელ გაყოლებაზე რესტორნები და ახლა სასტუმროთი და მასთან მისასვლელი გზით უნდა მოუღონ ბოლო. ეს დანაშაულია. ამას ხალხი არ დაუშვებს“, - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

მას ავიწყდება, რომ ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვა მისი პარტიის პერიოდში და კონკრეტულად გიგი უგულავას მიერ არის გაცემული. სამაგიეროდ, ეს კარგად ახსოვს მწვანეთა მოძრაობის ლიდერს გიორგი გაჩეჩილაძეს.

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ჩადენილი ბოლო ბოროტება“, - ასე გამოეხმაურა გაჩეჩილაძე ვაკის პარკში მშენებლობაზე გაცემულ ნებართვას, რომელიც თბილისი ყოფილი მერის გიგი უგულავას დროს გაიცა.

„2012 წელს ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ თბილისის მერად შემორჩენილი გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის განკარგულების საფუძველეზე გაიცა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა. აქედან მოდის პრობლემა“, - განაცხადა მან.

რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა. სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასტუმროს აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს „ტიფლის კოსტავას“ და „გრაალის“, ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც აღნიშნული პროექტი უნდა განახორციელონ.

მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, „მწვანე ალტერნატივის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაავალა თბილისის მერიას, რომ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით ნაკვეთის ზონალურ შეთანხმებაზე ნებართვა ხელახლა განეხილა.

სასტუმრომ მშენებელი კომპანიის „ტიფლის კოსტავას“ დირექტორი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ მზად არიან, მერიასა და მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფებთან მოლაპარაკება გამართონ და კონსენსუსამდე მივიდნენ – მაგალითად, შეცვალონ პროექტი და ისე განახორციელონ, რომ ზიანი არც ქალაქს მიადგეს და არც კერძო საკუთრებას.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიაზე რესტორნის შენობა 1960 წლიდან არსებობდა და ეს ადგილი მათ კერძო ინვესტორისგან შეიძინეს. ზაქაიძის ინფორმაციით, კომპანიამ პროექტის შეჩერების გამო უკვე ხუთი მილიონი დოლარით იზარალა.

მშენებლობის განახლებისთვის აუცილებელია, ძალაში შევიდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამავე დროს, მერიამ კომპანიას გაუგრძელოს სამშენებლო ნებართვის მოქმედების ვადა.