ენგურჰესის სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა მისი რეაბილიტაციის დრო ახლოვდება და რამდენიმე თვეში უკვე გეგმიურად გაჩერდება. როგორც ჩანს, გიგანტურ ჰესს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება.
ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას ინფორმაციით, ხუთშაბათს გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს კიდევ ერთი. „მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიის წინა რეჟიმიც აღდგენილია“, - განაცხადა ხუბუამ.
„ენგურჰესის“ ავარიულმა გამორთვამ საქართველოს ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, რის შედეგადაც თბილისისა და რეგიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა. ჰიდროელექტროსადგურზე ავარიის მიზეზი რიგი სექტორების დატბორვა გახდა.
როგორც ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა აღნიშნავს, ენგურჰესს სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება, თუმცა ჰიდროელექტროსადგურის დიდი ხნით გაჩერება შეუძლებელია, რადგან ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს.
„ენგურჰესს სჭირდება სასწრაფოდ რეაბილიტაცია, ეს არის ჰიდროელექტროსადგურის მთავარი პრობლემა. მომავალი წლის თებერვალში, ალბათ, დაიწყება რეაბილიტაცია და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ვადა, რათა მოხდეს ყველა კვანძის განახლება.
სასურველი იქნებოდა სადგურის ხანგძლივად გაჩერება და სრული რეაბილიტაციის ჩატარება, თუმცა, ეს დაახლოებით 4-დან 5 თვემდე გაგრძელდება, რისი ფუფუნებაც არ გვაქვს, რადგან ენგურჰესიდან საქართველოს ენერგეტიკის 45% მარაგდება. აქედან გამომდინარე, ძალიან გაუჭირდება ქვეყნას, რომ ეს სადგური გააჩეროს და მისი სრული რეაბილიტაცია ჩაატაროს“, - აცხადებს დავით მირცხულავა.
ჰესის გაჩერების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძეც. მისი თქმით, მატულობს რისკი, რომ ავარიები ენგურჰესზე შეიძლება გახშირდეს.
„ქვეყანამ უნდა შეძლოს და ჰესი მინიმუმ 6 თვით გააჩეროს ყველა ჭანჭიკი შეამოწმოს. აქამდე თითქოს ამის საჭიროებას ვერ ვხედავდით იმიტომ, რომ ავად თუ კარგად ვმუშაობდით. ერთი კვირის წინ მომხდარმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ ყველაგან არის საჭირო მისვლა და ყველაფერი უნდა ვნახოთ დეტალურად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ენგურჰესმა სრული დატვირთვით შეძლოს მუშაობა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ გია არაბიძე.
მისი ინფორმაციით, ენგურში არის წყლის შემოდინება, სადგური გაჩერებულია და წყალი იღვრება.
„მე რომ მქონდეს იქვე 600 მეგავატის სიმძლავრის ჰიდრომააკუმულირებელი სადგური, ერთ წვეთ წყალსაც არ დავღვრი. როდესაც ენერგიის მოხმარების ვარდნები გვაქვს ღამის პერიოდში, შეგვიძლია წყალი წავიღოთ და ისევ დავაბრუნო ენგურის წყალსაცავში, ამით კი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურით ვიმუშაოთ. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენი ენერგოსტაბიულურობისთის“, - აღნიშნავს არაბიძემ.
„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.