„დავადგენთ ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა“

„დავადგენთ ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა“

სპეციალურ ბრიფინგზე როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შს სამინისტროს გადაეცემა და მინისტრი თავად გააკონტროლებს პროცესს. შს სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა და პირველადი ინფორმაციაც გაასაჯაროვა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული პირები გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად ახორციელებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს სისხლის სამართლის საქმეს იმ დამატებითი გარემოებების დასადგენად, რომლებიც მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.

კერძოდ, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.

გუშინ უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მკვლელობის საქმეზე გუშინ გამოაცხადა განაჩენი, რომელიც, როგორც ცნობილია, პროკურატურის მიერ გასაჩივრებული იქნება ზემდგომ ინსტანციაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს.

ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, უკვე ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, საქმეზე გამტყუნებული ორი ბრალდებულის გამოკითხვა იგეგმება. გამომძიებლები არასრულწლოვნებთან ვიზიტს 4 ივნისს გეგმავენ და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კითხვები ძირითადად ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც მირზა სუბელიანს ეხება - ბრალდებულმა სასამართლოში დაკითხვისას თქვა, რომ მან კალანდიებთან სახლში მისული მირზა სუბელიანი ნახა, მას მიესალმა კიდეც, რის შემდეგაც ის მიხეილ კალანდიამ ოთახიდან გაიყვანა და უთხრა - „ხომ იცი ბიძაჩემი რა მაგარი პროკურორია, ყველაფერს დაალაგებსო“. გამოძიების კითხვებიც სავარაუდოდ სწორედ გ.ჯ.-ს ჩვენების ამ ეპიზოდს შეეხება.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ბრალდებულს გამოძიების ეტაპზე ჩვენება არ ჰქონდა მიცემული, სასამართლოში დაკითხვისას გაჟღერებული ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის ახალი გარემოება აღმოჩნდა, რაც გამოძიების ამ მიმართულებას საფუძვლად დაედო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალგამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით, გუშინ გვიანობამდე იკითხებოდნენ შსს-ში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და ასევე ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მიხეილ კალანდია. გარდა ამისა, შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ, ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ოჯახის წევრები, მათ შორის მამა.

სავარაუდოდ, პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული სახალხო დამცველიც - როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა უწყებასთან მივიდეს ის სათქმელი, რაც აქვს ზაზა სარალიძეს.

სახალხო დამცველი გეგმავს, რომ კონტაქტი ჰქონდეს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან და დაინტერესდეს გამოძიებით.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა გამოძიება - „ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე თქმით, საფუძვლიანი ეჭვია, რომ გარკვეული საკითხები არ იყო გამოძიებული გულგრილობის ან სხვა გარემოებების გამო.

„ბევრი დეტალია საქმეში, რაც ეჭვს იწვევს, მაგრამ ამის მიტანა საზოგადოებამდე ტელევიზიების და მიტინგის მეშვეობით არის რთული. ყველა დეტალს, რაც მას აწუხებს და გამოუძიებელ გარემოებას, ყველა საეჭვო გარემოებას, მივიტან ყველა უწყებამდე.

ბატონ ზაზას აქვს დაკარგული რწმენა გამოძიების მიმართ და ჩემი ფუნქცია არის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს, გამოძიებამ არ უნდა დატოვოს კითხვები. შევხვდები ყველას, ვისაც საჭირო იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.