ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, შორენა გოგოხიამ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მისაღებად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ბრალდების მოთხოვნა და პოზიცია გახლდათ ორივე ბრალდებულის მიმართ სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენება.
მისივე განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებას ბ.ჯ-სთვის მუხლის გადაკვალიფიცირების საკითხთან დაკავშირებით ბრალდება არ ეთანხმება და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან მიმართებაში დადგენილი საბოლოო სასჯელის ვადა შემცირებულია. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ვადა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მას სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს, მას სასჯელის სახით თავდაპირველად 13 წლით თავისუფლებლის აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასჯელის ვადა ¼-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან დაეწყებათ და მათ ასევე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლებათ დაკავების მომენტიდან პატიმრობაში ყოფნის პერიოდიც.
ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, გამოტანილი განაჩენის ფონზე გ.ჯ.-სთვის დანიშნული სასჯელი არაადეკვატური იყო. როგორც მან აღნიშნა, განაჩენის ამ ნაწილის გასაჩივრების გადაწყვეტილებას დაცვის მხარე განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ მიიღებს.
„იმ ფონზე, როდესაც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია და არგუმენტაცია და ჩათვალა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე, მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი საკმაოდ არაადეკვატურია. თუმცა, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება ვნახოთ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, თუ როგორ დაასაბუთებს მოსამართლე აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ჩამოვაყალიბებთ პოზიციას გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მან ასევე პროკურატურის მიერ ამ საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე ამით მის მიერვე დანგრეული საქმის „გაპრავებას“ ცდილობს.
„უნდათ, რომ საზოგადოების მუხტი ჩაახშონ. ფაქტობრივად ეს არის ერთი ჩვეულებრივი ტრიუკი, რომელიც სავარაუდოდ ბრალდების მხარემ მოიფიქრა, რათა გააჩეროს საზოგადოება. თუ უცხოელი ექსპერტების მოწვევა უნდოდათ, რა უშლიდათ მათ ხელს მანამ, ვიდრე განაჩენი დადგებოდა, დაენგრეოდათ საქმე და სასამართლო დაადგენდა, რომ საქმე არის არასწორად გამოძიებული, მანამდე მოეწვიათ უცხოელი ექსპერტები. მით უმეტეს, რომ უამრავი მტკიცებულების გამოკვლევა მოხდა სასამართლოში, რომელიც არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, არამედ სხვა პირების დანაშაულზე მიუთითებდა“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მისივე თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის განცხადება, საქმეზე უცხოელი ექსპერტების და პროკურორების მოწვევის შესახებ იმის აღიარებაა, რომ ქართველმა პროკურორებმა ეს საქმე არ ან ვერ გამოიძიეს.