„შვილმკვდარი მამა, ფაქტობრივად, ოკუპირებული ჰყავს კუპრავას“

„შვილმკვდარი მამა, ფაქტობრივად, ოკუპირებული ჰყავს კუპრავას“

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  თანამდებობა დატოვა, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნები უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა და ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნამ უკანა პლანზე გადაინაცვლა.

როგორც უფლებადამცველი, ირმა ჭკადუა აცხადებს, არსებობს ეჭვი, მაგრამ ეს ეჭვი უნდა იყოს დადასტურებული - თუ მოკვლევა დაადგენს, რომ პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა გადაცდომა, მაშინ უკან ვინ დააბრუნებს ამ ყველაფერს?

მისივე შეფასებით, 2012 წლის შემდეგ რომ სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების მოთხოვნის და მოკვლევის სტანდარტმა აიწია, ახალი არ არის და არც ის უკვირს ვინმეს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება არ იციან, რადგან მთელი 9 წელი საქმეები ცარიელი ყდებით მიდიოდა სასამართლოებში.

ჭკადუას შეფასებით, დღეს რადიკალურად განსხვავებული მიდგომები არსებობს და ცვლილებები არა მხოლოდ ამ, არამედ ბევრ სისტემაშია საჭირო. იურისტის აზრით, ამ ხელისუფლებას ყველაზე ცუდ საქმეს უკეთებს ის, რომ თავის დროზე კოჰაბიტურდნენ დამნაშავე პროკურორებთან და მოსამართლეეებთან, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია. მისივე განმარტებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანთა საქმის გამოძიებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც პრობლემა იქმნება, რადგან საუბარია მოზარდებზე.

„წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ეს საქმე 7-8 წლის წინ რომ მომხდარიყო? - შიშით და შანტაჟით ჰაერში მიაცემინებდნენ აღიარებით ჩვენებებს. გამოძიება მიიღებდა იმ შედეგს, რასაც მოისურვებდა“,- აცხადებს ჭკადუა.

ის აბსოლუტურად გამორიცხავს, რომ ბრალდებული პირების მიმართ პროკურატურის მხრიდან რაიმე ინტერესი არსებობდა. „საგამოძიებო კომისიაც შეიქმნა პარლამენტში, უცხოელი ექსპერტების ჩაერთვებიან საქმეში, მაგრამ ვნახავთ, რომ იგივე შედეგი დადგება, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს იმ არასრულწლოვანებმა, ვინც დანაშაულის ადგილზე იყვნენ - საუბარია გარდაცვლილი მოზარდიების თანაკლასელებზე“.

როგორც ირმა ჭკადუა აღნიშნავს, ეს არის ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა და ნებისმიერ მშობელს უნდა ესმოდეს, თუ ის ან მისი შვილი მალავენ ინფორმაციას, რა გარემოებაში გარდაიცვალა მათი თანატოლი, იმის მიუხედავად, რომ ხედავს ვიღაცას ბრალს არასწორად სდებენ, დუმულს ინარჩუნებენ, მორალურად მძიმე ტვირთის ტარება მოუწევთ.

ადვოკატი, თენგიზ სუპატაშვილი თვლის, რომ პირველი და უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ბრალდებულებმა აირჩიეს დუმილის უფლება - ეს მათ შანსს აძლევს, საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებამ ვერ გაარკვიოს რეალური სიტუაცია. ადვოკატის თქმით, დუმილის უფლების მთავარი მოტივი ის არის, რომ სასამართლო პროცესზე როგორც წარიმართება საქმე, საჭიროების შემთხვევაში, ამის მიხედვით გადაწყვიტონ მოქმედება.

როგორც სუპატაშვილი განმარტავს, ეს ადვოკატებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ დუმილის უფლების უკან იფარებიან ის მონაწილე პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინა.

„კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ დაზარალებული მხარედ არ არის ცნობილი და მას აქვს მხოლოდ მოწმესთან გათანაბრებული უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ თვლის, რომ გამოძიება არასწორად არის წარმართული, მას შუამდგომლობის დაყენების უფლებაც კი არ გააჩნია და მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის სინდისზეა დამოკიდებული. ეს ცვლილება კანონმდებლობაში სააკაშვილის ხელისუფლების დროს შევიდა - მოწმის ყველა უფლება, ექსპერტიზის ჩატარება იქნებოდა ეს თუ შუამდგომლობის დაყენება, გადააბარა პროკურატურას, ანუ ის ყველაფერი, რაც დაზარალებულის ინტერესში შედის - ეს დღეს ჩვენი სამართალწარმოების აქილევსის ქუსლია“,- აცხადებს სუპატაშვილი.

მთავარ კითხვას, როგორ მოხდა ისე, რომ 6-თვიანი ძიების შემდეგ პროკურატურას დავით სარალიძის მკვლელი არ გამოუვლენია, სავარაუდოდ, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია გასცემს პასუხს, თუმცა იურისტები თვლიან, რომ ეს გამოძიების ლაფსუსია.

„კანონმდებლობის მიხედვით, მოწმე, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევს, მტკიცებულების სტატუსს კარგავს - ამ შემთხვევაში მოწმეემა ჩვენებები მხოლოდ ერთხელ კი არა, რამდენჯერმე შეცვალეს და ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ეს უკვე პროკურატურის ბრალია. ანუ ის ბერკეტი, რაც პროკურატურას გააჩნია, არ გამოიყენა იმისათვის, რომ სიმართლე დაედგინა. რატომ იცვლებოდა  ჩვენებები, რა იყო მოტივი, ამაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ფანჯარა ღია დატოვეს, დატოვეს იმიტომ, რომ  ვიღაცას ასე აწყობდა“,- თვლის თენგიზ სუპატაშვილი.

როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და შინაგანი რწმენით - სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რის საშუალებასაც აძლევდა საქმის მასალები და აღნიშნა, რომ საქმე არ იყო გამოძიებული. საქმე იყო აკინძული ჩვენებებით, თანაც თუ რამდენჯერმე იცვლება ჩვენება, მას კანონმდებლობის თანახმად, მტკიცებულების ძალა აღარ გააჩნია.

„მტკიცებულებები ისედაც არ იყო საქმეში და მაია ნიკოლეიშვილმა ისეთი დაკვნა დადო, რომ თვითონვე დაიბნა“, - აღნიშნავს სუპატაშვილი.

ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის ხელახალ გამოძიებას - განაჩენი შევა კანონიერ ძალაში და მხოლოდ ამის შემდეგ, შესაძლებელია მისი გასაჩივრება.

„მე როგორც ვვარაუდობ, პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეში უნდა ჰქონდეს გამოყოფილი დადგენილება სხვა პირების მიმართ და სამართლებრივად, ამ მოტივის არსებობის საუძველზე, უკვე შესაძლებელი გახდება ხელახალი გამოძიების დაწყება. ეს არ არის განსაკუთრებული სირთულის საქმე - ნორმალური გამომძიებელი ამას თავისუფლად გამოიძიებდა, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ გამოძიება ნულზე დგას საქართველოში. შეიძლება, გამოძიება ჩაატაროს ფიზიკოსმა, ქიმიკოსმა ან საშუალო სკოლადამთავრებულმა? - როგორ შეიძლება ზედამხედველი პროკურორი იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც საერთოდ არ უმუშავია გამოძიებაში, პიროვნება არ დაუკითხავს, შემთხვევის ადგილზე არ გასულა, ექსპერტიზის დადგენილება არ დაუწერია? – 6-თვიან პრაქტიკას გაივლიან და უკვე პროკურორები არიან, ამიტომაც გვაქვს ასეთი მდგომარეობა. ასეთი ადამიანი როგორ განახორციელებს ზემდგომლობას გამოძიებაზე? ადრე თუ 5 წელი იყო საჭირო გამოძიების ანი და ბანი რომ გაგეგო, დღეს რა შეიცვალა“?- აცხადებს სუპატაშვილი.

ამ კონკრეტულ საქმეში კი თენგიზ სუპატაშვილის აზრით, გამოიკვეთა ორი რამ - ერთი - არაპროფესიონალიზმი, მეორე - ზეწოლა, რომ ეს საქმე ამ კუთხით წასულიყო, ასე ბუნდოვნად წარმოჩენილიყო.

ამის მიუხედავად, თენგიზ სუპატაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად არ აწყობდა ამ საქმის ასეთი ფინალი და თვლის, რომ ყველაფერი არის ზედამხედველი პროკურორის ბრალი, რომელმაც ნახევრადგამოძიებული საქმე გაუშვა სასამართლოში. თენგიზ სუპატაშვილი ასევე გამორიცხავს კორუფციის ალბათობას.

როგორც სარალიძის უფლებადამცველი აცხადებს, მათ იციან სავარაუდო მკვლელების ვინაობა - საქმეში ფიგურირებს „ერთზე მეტი პიროვნება“, მაგრამ ისინი მოწმის სახითაც ნორმალურად არავის დაუკითხავს.

როგორც სუპატაშვილი აცხადებს, სავარაუდო მკვლელი რომ არსებობს, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ საკითხავია, რამდენად არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც ჩადენილი დანაშაული დადასტურდება. ის, რომ ამდენი მოწმე არსებობს და არავინ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიუთითებს რომ საქმე გვაქვს დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც ცდილობენ დანაშაულის დაფარვას.

„მაგრამ მხოლოდ ჩვენებებშიც არ არის აქმე - თუ მტკიცებულებები არ შეგროვდა, ჩვენების გადათქმა ბრალის აღიარების შემთხვევაშიც კი არის შესაძლებელი“,- აცხადებს სუპატაშვილი.

მისივე შეფასებით, როგორც ირკვევა, ვიდეოჩანაწერი არ არის, ტანსაცმლიდან სისხლის ლაქები ამოღებული არ არის, დნმ არ არის და ძალიან გაურკვეველია, ამდენ ხანს რაზე მუშაობდნენ.

„გამოძიება სულ სხვა კუთხით იყო ჩასატარებელი და ესენი სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ - ვერსიაც კი არ ჰქონიათ, შეიძლება, რომ გამომძიებელს რამდენიმე ვერსია არ ჰქონდეს და ამ ვერსიებზე არ იმუშავოს? - გამოდის, რომ დინებას მიჰყვებიან და გამოძიება ასე არ ტარდება“,- აღნიშნავს სუპატაშვილი.

რაც შეეხება ფარდულს, რომელიც დანაშაულის ჩადენიდან ერთ თვეში დაანგრიეს, სუპატაშვილი მიიჩნევს, რომ რაკი  დანაშაულის ადგილიდან ყველა სამხილი და მტკიცებულება უკვე ამოღებული იყო, ამ ფარდულის ყოფნა-არყოფნა უკვე აღარაფერს ცვლის, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოხსნა შემოფარგლული ყვითელი ლენტი.

რაც შეეხება დამოუკიდებელ ექსპერტიზებს, რომლის მიმართაც დიდი მოლოდინი არსებობს, როგორც სუპატაშვილი აღნიშნავს ბრალდებულის მიერ დაკვეთილი ექსპერტიზა ვერ იქნება ბოლომდე ობიექტური, რადგან სავარაუდოდ, კითხვები იქნება დასმული იმ ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინც ექსპერიზა დაუკვეთა და სწორედ ამიტომ არსებობს პროკურორი, რომ ობიექტურობისთვის კომისიური ექსპერტიზა მოითხოვოს.

მისივე შეფასებით, ერთადერთი გამოსავალია - საქმე გადასცენ გამომძიებელს და არა „მოყვარულს“, რომელსაც მისცემენ თავისუფლებას გამოძიების ობიექტურად ჩასატარებლად. სუპატაშვილის აზრით, ხელისუფება ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ობიექტური სურათი დაიდოს.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, როგორც ირმაჭკადუა აცხადებს, ეს არის მართული, კარგად ორგანიზებული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ეს იმ აქციების გაგრძელებაა, რომელიც დაიწყო ჯერ უმცირესობის სახელით, შემდეგ ნარკოპოლიტიკის თემატიკით, რომელიც კლუბების საქმესთან იყო მიბმული. ირმა ჭკადუას აზრით, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა.

„ახლა ხელში ჩაიგდეს ძალზე სენსიტიური საკითხი და კარგად ითამაშეს მამაზე - ძალზე მძიმე და სამარცხვინოა, როდესაც რომელიმე პოლიტიკური პარტია ადამიანის უბედურებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. ეჭვი არავის ეპარება, რომ იქ მდგომ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ყველანი ჩემთვის კუპრავები და მელიები არიან, რომლებიც „არ მომკლაზე“ ბედნიერი სახეებით საუბრობენ, სულაც არ ახსოვთ ზაზა სარალიძის უბედურება.

ვნახეთ ყველამ, სარალიძე ითხოვდა, რომ პრემიერ-მინისტრს გასაუბრებოდა, მაგრამ  დავინახეთ კუპრავა როგორ იქცეოდა. რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია ყველა კითხვა, რომელიც დავით სარალიძეს აქვს და ვიზიარებ ამ კითხვებს, მაგრამ ფაქტია, რომ  ადამიანი, რომელიც დღეს ძალზე ცუდ მდგომარეობაშია, ფაქტობრივად ოკუპირებული ჰყავს კუპრავას და აქციაზეც ჩანს, რომ ხელსაც არ უშვებენ. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ ამ ადამიანის დაკარგვა, სამარცხვინოდ ამოეფარნენ შვილმკდარ მამას სისხლისმსმელები, საკუთარ ხალხზე მოძალადე ადამიანები“,- აცხადებს ჭკადუა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ხელისუფლება უნდა იყოს ფხიზლად და იმ მოთხოვნებს, რომელიც უკვე უტიფრობაშია გადაზრდილი, წერტილი უნდა დაუსვას.

„მეორე მხრივ, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არ დარჩეს არანაირი ეჭვი დავით სარალიძის საქმეში“,- აღნიშნავს ჭკადუა.