სასამართლო დარბაზიდან ქუჩაში

სასამართლო დარბაზიდან ქუჩაში

„მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, რომლებიც დააკავა და მოიტაცა დღეს, აქ მოსვლის პერიოდში. ჩემი მეგობრები უნდა იყვნენ ჩემს გვერდით. მივმართავ ასევე 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემს გვერდით დგომის უფლებას. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს შესვლას, საათებია ველოდებით შემოთავაზებას.

როგორც ჩანს, არ აპირებს შოთაძე ჩვენ იქ შეშვებას და შეხვედრას. მივმართავ ქართველ ხალხს, ქართველებო, 19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რათა დავანგრიოთ სისტემა“, - ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას და გვერდში დგომას სთხოვდა. სარალიძის მხარდამჭერები პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

მანამ, სანამ პროკურატურა პასუხისმგებლობაში არ მისცემდა მირზა სუბელიანის შვილს, როგორც დანაშაულის ორგანიზატორის, ასევე მკვლელობის ბრალდებით არ დააკავებდნენ სუბელიანის ცოლის დისშვილს, მიხეილ კალანდიას და ერთ-ერთ არასრულწლოვანს, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

ვინ არის დათო სარალიძის მკვლელი - სასამართლომ ეს კითხვა ღიად დატოვა. მოსამართლე ეკა არეშიძის განაჩენი ადასტურებს, რომ 6-თვიანი საგამოძიებო პროცესში პროკურატურამ გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ, ან არ გამოავლინა. მოსამართლე ეკა არეშიძემ ერთ–ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართე არეშიძე 1ივნისს, 10:30 საათზე გამოაცხადებს ორივე ბრალდებული პირის მიმართ სასჯელის ზომას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს არ დაეთანხმა და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება დააანონსა პროკურატურამ. გადადგომამდე, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  პირობა დადო, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე იყო ჩატარებული სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობაც არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, პროკურატურა მზად არის ჩაატაროს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში გამოძიების და სამართალწარმოების მიმართ არსებობს კითხვები. კითხვები აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბატონ ზაზა სარალიძეს. ჩვენთვის ეს კითხვები ლეგიტიმურია და ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის და როგორც პროკურორისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს და არავის დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა. მინდა ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და ჩვენ არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას, მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე“, -აღნიშნა ირაკლი შოთაძემ და აქვე დასძინა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებამ ამ დროისთვის ყველაფერი გააკეთა.

შოთაძეს პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან უპასხუა ზაზა სარალიძემ და აღნიშნა, რომ გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ მტკიცებულებები გაანადგურა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია რომელ საერთაშორისო ექსპერტიზაზეა საუბარი.

„გამოძიების ეტაპზე დაზიანებულია როგორც მტკიცებულები, ასევე დანგრეულია ის ავტოფარეხი, სადაც მოხდა მკვლელობა. პროკურატურამ კარგად იცის თუ ვინ არის რეალურად დამნაშავე, შესაბამისად, საჭიროა დაუყოვნებლივ მოხდეს როგორც მკვლელობაში მონაწილე პირების, ასევე დანაშაულის დამფარავი პირების დასჯაც. არავითარი ექსპერტიზა, მათ ძალიან კარგად იციან ვინ არის დამნაშავე და საჭიროა დაისაჯონ დამნაშავეები, ასევე პასუხი აგოს ირაკლი შოთაძემ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პროკურატურას საქმის დაუყონებლივ გამოძიება და მკვლელობაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისკენ მოუწოდა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული აღნიშნული მხარე ღიად აპელირებდა გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე, დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად.

ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით დავით სარალიძეზე მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიებით მოპოვებული იარაღით. კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პროკურატურის პასუხისმგებლობაზე საუბრობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, რომლის განცხადებით, დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას.

„დღევანდელმა სასამართლომ დაადასტურა, რომ კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. დღეს სასამართლომ განაჩენი გამოუცხადა პროკურატურის სრულიად არასწორ გამოძიებას. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ვინც ამ სიტუაციამდე მიიყვანა საქმე. ასევე, საჭიროა სისტემაში გატარდეს რეფორმები“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ირაკლი შოთაძის უწყების მიმართ კითხვები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ორი ბავშვია მოკლული და დასრულებულ დანაშაულზე ერთ შემთხვევაში განაჩენი დგება, ხოლო მეორე შემთხვევაში - მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი.

„ეს აშკარად ჩანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც ერთ მხარეს (სასამართლო და პროკურატურა) აპრიორი არ ვუცხადებთ ნდობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს და საბოლოოდ, სამართლიანი განაჩენი უნდა დადგეს. ასეთია ჩვენი პოზიცია - არასწორია აპრიორი ერთი მხარისთვის ნდობის გამოცხადება და მეორე მხარისთვის უნდობლობის გამოცხადება. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რაშია რეალურად საქმე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქმეზე დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, საქმე ეხება ბავშვთა მკვლელობას და მსგავსი საქმეების გამოძიება ქუჩაში არ ხდება. მინისტრი ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი.

„ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ - მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ამას არ ვიტყოდი ასე რომ არ იყოს.

შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ“ - ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალოდ მკვლელობის საქმე არ არის. ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა. ამიტომ, ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, რადგან ჩვენ დაზარალებული და სახელმწიფო ერთი ინტერესის მსახურში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.