ინიციატივა: საკვებად ვარგისი პროდუქტების განადგურება უნდა აიკრძალოს

ინიციატივა: საკვებად ვარგისი პროდუქტების განადგურება უნდა აიკრძალოს

საქართველოში უამრავი გამოსადეგი საკვები ნადგურდება. ამაში დამნაშავენი არიან სავაჭრო ქსელები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. ეს საკითხი მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს, არანაკლები პრობლემის წინაშე დგანან ევროპაშიც. ჩვენთან უკვე გამოჩნდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღონ შესაბამისი კანონი საკვებად ვარგისი პროდუქტების განადგურების ასაკრძალად. იგი უნდა გადაეცეს საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ფერმერულ მეურნეობებს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან აპრილის ბოლომდე თბილისის მაღაზიებში 149 743.969 ლარის მზა საკვები განადგურდა, საქართველოს მასშტაბით კი 188 239.283 ლარის. რაც შეეხება 2017 წელს თბილისში მდებარე მაღაზიებმა 254 817.805 ლარის ღირებულების ჩამოწერილი მზა საკვები გაანადგურეს, საქართველოს მასშტაბით კი 483 822.6906 ლარის.

მზა საკვების დასახელება ასეთია: ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი, ფუნთუშა, პიცა, აჩმა, კატლეტი, ქათმის სალათი, კარტოფილის პიურე, შემწვარი კარტოფილი, კომბოსტოს სალათი, „ოლივიე“ და ბოსტნეულის სალათი.

საკვებად ვარგისი პროდუქტის დანაკარგი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-მდეა, იქნება ეს სახლებიდან, რესტორნის ქსელებიდან თუ სუპერმარკეტებიდან გადაყრილი პროდუქტი. ყოველწლიური საკვები დანაკარგი ერთ ადამიანზე დაახლოებით 179 კილოგრამია. მოცემული რეალობის შესაცვლელად ევროპის პარლამენტმა დასახა მიზანი, გაანახევროს საკვების დანაკარგი 2025 წლისთვის. ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებებს აცხადებენ. ამ გზით მორჩენილ და ჯერ კიდევ ჯანსაღ პროდუქტს სოციალურად შეჭირვებული კლიენტი ყიდულობს და მაღაზიებსაც საკვების სანაგვე ურნებში ჩაყრა აღარ უწევთ.

2016 წელს კი საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საკვების განადგურების საწინააღმდეგოდ რეგულაცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად, სუპერმარკეტებს მორჩენილი საკვების გადაყრა ან განადგურება ეკრძალებათ. კერძოდ, სუპერმარკეტებმა მორჩენილი საკვებით ან ცხოველები უნდა მოამარაგონ, ან ქველმოქმედებაში გამოიყენონ.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველია და საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი აქვს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 451 538 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. 13 872 საქართველოს მოქალაქე კი ამ სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 465 410 მოქალაქე ძალიან ღარიბია და თავს სოციალური შემწეობებით ირჩენს. ბევრი ოჯახი იძულებულია იშიმშილოს, რათა სხვა მინიმალური საარსებო საჭიროებები დაიკმაყოფილოს.

ასეთი მძიმე სოციალურ პირობებში საინტერესოა, სად მიაქვთ მორჩენილი საკვები სავაჭრო ქსელებს, რომელიც მალფუჭებადია და მეორე დღეს მისი მოხმარება აღარ შეიძლება.

ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ინფორმაციით, წლების მანძილზე კომპანიამ შეიმუშავა წარმოებული პროდუქციის საათობრივი გეგმა, რაც მორჩენილი მზა საკვების მინიმუმამდე დაყვანას განაპირობებს.

„დღეში შეიძლება 200 ან 500 გრამი საკვები მორჩეს, მორჩენილი საკვები კი კანონმდებლობის შესაბამისად უტილიზდება“, - განმარტავენ კომპანიაში.

„სპარის“ ქსელში კი აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შემუშავებული ფასდაკლების სპეციალური სქემის მეშვეობით დღის ბოლოს მორჩენილი მზა საკვები ძალიან მცირეა, რომელიც ფერმერებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადაეცემათ და ისინი შესაბამისად იყენებენ.

უკვე გამოჩნდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს მიიღონ შესაბამისი კანონი, რათა მსხვილი მაღაზიები ვალდებულნი გახდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მოხუცთა თავშესაფრებს, ფერმერულ მეურნეობებს და ა.შ. გადასცენ პროდუქტები, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა ეწურებათ ან უკვე ამოეწურათ, მაგრამ საკვებად სრულებით გამოდგება.

„გარდა ამისა, აუცილებელია რესტორნები, რომელთაც შეეძლებათ, შესაბამისი შემოწმების შემდეგ მორჩენილი გამზადებული ჯანსაღი საკვები თავშესაფრებს გაუნაწილონ ან გადასცენ ფერმერებს, ანდა ცხოველთა თავშესაფრებს ცხოველების გამოკვების მიზნით.

ყველას მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას, რათა შევცვალოთ არსებული კვების პროდუქტების უტილიზაციის პრაქტიკა და შეცვლილი კანონმდებლობით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე გაჭირვებულ და დაუცველ თანამოქალაქეებზე და ამავე დროს გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტის რესურსებს და ადამიანის შრომას!“ - აღნიშნულია „მანიფესტ.ჯი“-ზე გამოქვეყნებულ საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.