თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. მიზეზი მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც ერთ–ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა.
როგორც ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, დავით სარალიძეს არაერთი იარაღით ჰქონდა ჭრილობები მიყენებული და სასამართლომ მხოლოდ ერთი პირი ცნო დამნაშავედ, ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძესთან მიმართებაში და დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე გარდაცვლილთან მიმართებით.
„დავით სალარიძეს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა და ამ განაჩენით ეს არ არის დადასტურებული. ახლა გვაინტერესებს რას იტყვის პროკურატურა?! ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგარამ გამართლდა სარალიძესთან მიმართებაში, მეორე ბრალდებული ცნობილი იქნა დამნაშავედ დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო გამართლდა ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში“, – აცხადებს ნესტან ლონდარიძე.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საზოგადოებას სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მიმართავს. მისი თქმით, არსებული ორი ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო, თუმცა, როგორც სარალიძე აცხადებს, ამის მიუხედავად მოსამართლემ მისი შვილის მკვლელი გაამართლა.
„ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი, ვინ მოკლა ჩემი შვილი?! სისტემა დამეჯახა მე, ამ სისტემას მე ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავაგნგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით. გთხოვთ, მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდით! შოთაძის სისტემა უნდა მოისპოს. ჩემი შვილის მკვლელები არ არიან დასჯილები. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ჩემი შვილის მკვლელი არ გამოვლინდა. ხალხო, გეხვეწებით დამეხმარეთ, გთხოვთ...“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი მარიკა გოგოხია სასამართლოსგან ერთადერთ გადაწყვეტილებას - გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდა. მისი თქმით, პროკურატურამ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც ორივე არასრულწლოვნის ბრალეულობა დასტურდება.
„ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ ყველა უტყუარი მტკიცებულება ორივე ბრალდებულთან მიმართებით, რომელიც ადასტურებს მათ ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლოსგან ველოდებობდით ერთადერთ გადაწყვეტილებას - გამამტყუნებელი განაჩენის სახით“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.