შოთაძე სასამართლო განაჩენს ელოდება, რის შემდეგად თავად მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას

შოთაძე სასამართლო განაჩენს ელოდება, რის შემდეგად თავად მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას

სახელმწიფო ბრალდება დასკვნითი სიტყვით წარსდგა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი, მარიკა გოგოხია ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარემ დასკვნით სიტყვაში დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა წარმართა ბრალდებულების ბრალეულობასთან დაკავშირებით. სასამართლოს დასკვნით სიტყვას აცნობს საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები. ამის შემდეგ მოსამართლე გავა სათათბიროდ და მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რომელმაც შეიძლება ითქვას, პოლიტიკური დატვირთვა მიიღო.

ბრალდების მხარეს მტკიცებულებათა ანალიზის, ურთიერთშეჯერების საფუძველზე აქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს წარდგენილ მტკიცებულებებს და ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. საქმის პროკურორის განმარტებით, ბრალდება დაეყრდნო სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ეს იყო მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა.

რაც შეეხება დაცვის პოზიციას, ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვით სრულად გააბათილა ბრალდების მხარის არგუმენტები და მტკიცებულებების ანალიზით დაადასტურა საკუთარი პოზიციის სისწორე.

სახელმწიფო ბრალდების არგუმენტებს არ იზიარებს მოკლული, დავით სარალიძის მამა. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ თუ პასუხისგებაში მიეცემიან ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩიდინეს და პირები, რომლებმაც დაფარეს დანაშაული და გაანადგურეს მტკიცებულებები, ასეთ შემთხვევაში საქმე იქნება გამოძიებული. სარალიძე კვლავ ითხოვს დადგეს მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან მისი თქმით, სწორედ, რომ მირზა სუბელიანის შვილმა მიიღო მონაწილეობა ამ ინციდენტის დაგეგმვაში და არა მკვლელობაში.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ზაზა სარალიძესთან შეხვედრა გამართეს, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრას სარალიძესთან ერთად ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ. სარალიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე ღრმა დეტალებში შევიდნენ ზუსტად იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე, რომელზეც პასუხი გაცემული აქვს, თუმცა პროკურატურას არ სურს, რომ აღიაროს. მისი თქმით, შოთაძის უწყებას იმ ჯგუფთან ერთად შეხვდება, რომელსაც თავად შექმნის.

„6 თვე პროკურორების დაკრულზე ვიცეკვე, რომლებიც ყველაფერს მატყუებდნენ და არანაირი სურვილი არ მაქვს შოთაძეს მარტო ჩემს ადვოკატთან ერთად შევხვდე. თვითონ თუ უნდათ ჯგუფის შექმნა, შექმნან. მე ჩემ ჯგუფს შევქმნი იქნება ეს ადვოკატი, ჩემი მეგობარი თუ ჩემი ოჯახის წევრი, კეთილი ინებონ და მომისმინონ. აღარ ვაპირებ დახურულ სივრცეში მათთან ჯდომას. დახურულ სივრცეში ფხაკაძესთან და გუგუშვილთან რაც ვიჯექი და რა შეურაცხყოფებიც მივიღე, საკმარისი იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩემი მოსაზრება გავუზიარე, რაც ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს არის. შეხვედრაზე დავასაბუთე ყველა ის ეჭვი, რაც პროკურატურის მიმართ გამაჩნია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაიზიარეს ჩემი პოზიცია და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ გვერდით დაგვიდგნენ.

მე არ გავჩერდები, ეს გამორიცხულია. არ ჰქონდეს შოთაძეს იმის ილუზია, რომ მე კანონებით მელაპარაკოს და კაპანაძემ გაასაჯაროვოს ჩემი შვილის ტანსაცმელი. მე ვისჯები კანონით და თვითონ არა? მე ჩემი შვილის ტანსაცმლის ჩვენებას როცა ვითხოვდი, მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა წვდომა მქონოდა ნივთმტკიცებებთან. თვითონ კი მთელ საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს აჩვენებს“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

გამოძიებას აკრიტიკებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გამოძიების გაგრძელებასთან ერთად პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა. მისი თქმით, იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქტიურად მიადევნებს ამ საქმეს თვალს.

„მართლმსაჯულების სისტემა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად არსებობს, რომლებიც საზოგადოებასა და დაზარალებულებში ჩნდება. იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ ჩვენ ამ საქმეს ძალიან აქტიურად მივადევნებთ თვალს, შევხვდებით ყველა ჩართულ მხარეს და მოვისმენთ ყველა მოსაზრებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა, რომლის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვალ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდებიან.

თავად მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე გამორიცხავს, ხორავას ქუჩის საქმეში რაიმე ფაქტი დაიმალოს ან რომელიმე პირი პასუხისმგებლობას გაექცეს. მისი თქმით, ასზე მეტი მოწმიდან გამოძიებასთან მხოლოდ რამდენიმე პირმა ითანამშრომლა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავარი პროკურორის განმარტებით, საგამოძიებო უწყება ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის შემდეგად უკვე თავად მიიღებს კონკრეტულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს.

„მაქვს სურვილი, რომ შევხვდე ორივე დაზარალებულ ოჯახს, მქონდეს კომუნიკაცია დაზარალებულებთან, რათა ისინი იყვნენ ინფორმირებული პროკურატურის გეგმებზე და იმ სამართლებრივ ნაბიჯებზე, რაც ამ საქმის ფარგლებშია. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება გადაწყვეტილება და ვნახავთ სასამართლოს მიერ გაზიარებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გადაიდგმება ჩვენი მხრიდან ნაბიჯი.

საქართველოს პროკურატურა აკეთებს ყველაფერს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე წარსდგეს კანონის წინაშე და აღსრულდეს მართლმსაჯულება. უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით სასამართლოს განჩინებას, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ყველასთვის.

ამ განაჩენის მერე ჩვენ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ და კიდევ უფრო დეტალურ გეგმებს და მოსაზრებებს მივაწოდებთ ამ საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე და დაზარალებულები ვართ ერთ მხარეზე და ჩვენი მიზანია სწორედ, რომ აღსრულდეს მართლმსაჯულება, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი ყველა პირი კანონით უმკაცრესად დაისაჯოს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი 2 დეკემბერს. შს სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს–ს ყოფილი თანამშრომელია.

პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

საქმეს ართულებს ისიც, რომ საზარელი მკვლელობის შემსწრე ბავშვებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რაც გამოძიების პროცესში აუცილებელი პროცედურა იყო. სწორედ მოზარდების დუმილმა შექმნა საკმაოდ ბევრი კითხვები გამოძიების ობიექტურობასთან მიმართებაში და საქმეს უკვე მიეცა პოლიტიკური დატვირთვა.

ხელისუფლებას მკვლელების მფარველობაში სდებს ბრალს „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც 11 წლის წინ შექმნა ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე, რაზეც 2011 წლის 26 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ ის გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.