სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აქედან გამომდინარე, სირიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არაღიარების პოლიტიკას, რომელსაც ევროკავშირი უკვე დიდი ხანია მტკიცედ ატარებს.
„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თვლის, რომ არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისევ მათი მმართველების, რუსეთის კარნახით.
ჯანელიძის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს აღიარება საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს.
„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამას გამარჯვებად თვლიან და ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ ამ პროპაგანდის ქვეშ აცხოვრებენ. ბნელ და მართულ ძალებთან კავშირით რაღაც ილუზიების შექმნას ცდილობენ, ნაცვლად შერიგებისთვის გზების ძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფისა“, - აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა თვლის, რომ საფრთხე იმისა, რომ სირიის აღიარების გავლენით რომელიმე სხვა არაბულმა ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს, არ არსებობს.
მან დაადასტურა, რომ დაწყებულია მუშაობა სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიმართულებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარანტიები. მთელი ცივილიზებული სამყარო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერნეტიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის იმ რეგიონის ქვეყნები, რომელშიც ეს არალეგალური აღიარება მოხდა. ჩვენ აქტიური კონტაქტები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის და აფრიკის არაბულ სამყაროსთან. ამ მხრივ, საფრთხე იმისა, რომ ამას რამე რეაქცია და გავლენა ექნება სხვა სახელმწიფოებისგან, მსგავსი არალეგალური ქმედების განმეორებაზე, არ არსებობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ, რუსული დიპლომატია.
როგორც ფხალაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მწყობრი, კოორდინირებული და მიზანმიმართული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და გაძლიერდეს.
„მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებთან, რადგან ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ის დიპლომატიური ფრონტი, რომელიც გახსნილი აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ... თავისთავად ცხადია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ჩვენი პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს - საქართველოს სუვერენიტეტი, ერთიანობა და მთლიანობა ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია აღიარებული.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი არ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ყურადღება მოადუნა და აცხადებს, რომ სირია იმდენად არის დამოკიდებული რუსეთზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აქ უძლური იქნებოდა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რუსეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სირიაზე, რათა მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეღიარებინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას შეფასებით, სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება შეიძლება შევაფასოთ, როგორც სირიის მიერ რუსეთიდან პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სარგებლის მიღების მიზნით განხორციელებული ქმედება.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, არ ელის, რომ სირიის გადაწყვეტილება რამე განსაკუთრებულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, შეიძლება ითქვას პირიქითაც - ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის რესურსი, მოიპოვოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, საკმაოდ შეზღუდულია.
„ასადის რეჟიმმა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სატელიტს, აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების. ე.წ. დამოუკიდებლობა. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის არის უპასუხისმგებლო აქტორი და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მიდის. მე არ ველი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, შეიძლება ითქვას პირიქითაც - ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის რესურსი, რომ მოიპოვოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ მისი სატელიტებით ან უპასუხისმგებლო აქტორებით შემოიფარგლება“, - განაცხადა დარსალიამ.
კითხვაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, სიმძიმის ცენტრი უფრო რუსეთზე უნდა გადავიდეს თუ სირიაზე, დარსალია პასუხობს, რომ მისი აზრით, სირია განსაკუთრებული აქტორი არ არის.