ბანკები მოქალაქეებს იპოთეკით დატვირთული ქონების გარდა, სხვა ვერაფერს ჩამოართმევენ. პარალელურად კი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი 50%-მდე მცირდება. მთავრობის ინიციატივა უკვე პარლამენტშია და მის სწარფად დამკვიდრებას აპირებს.
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული წესები საფინანსო-საბანკო სექტორში სრულიად ახალ, სამართლიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს. შედეგად კი, მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ მხოლოდ დაგირავებული ქონებით დაკმაყოფილდება და გამსესხებელი თავისი მოთხოვნების სხვა ქონებიდან დაკმაყოფილებას ვეღარ მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ მსესხებელი საკრედიტო ორგანიზაციასთან პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებით, სხვა საკუთრებას კრედიტორი ვერ შეეხება.
„ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდება საბანკო სექტორზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებზე, ლომბარდებსა და კერძო გამსესხებელზე, ე.წ მევახშეებზე. ვისაც სურს გააგრძელოს სალომბარდე საქმიანობა, ექნებათ ვალდებულება, გონივრულ ვადაში უზრუნველყონ ერთიანი კომპიუტერული სისტემის შექმნა, სადაც ასახული იქნება ყველა ე.წ დალომბარდებული ნივთი, იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
გარდა ამისა, მთავრობის ინიციატივით ეფექტური საპროცენტო განაკვეთის წლიური ლიმიტი 50%-მდე მცირდება. ვერანაირი საკრედიტო ორგანიზაცია ამ ზღვარს ვერ გადააბიჯებს. ამით დიდი შეღავათი ექნებათ მსესხებლებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამომხმარებლო სესხში წლის განმავლობაში 3-4-ჯერ მეტ თანხასაც უხდიდნენ საფინანსო ორგანიზაციებს.
პირველ რიგში, სწორედ ამ სიახლეს აპროტესტებენ ფინანსისტები. მათი აზრით, სამომავლოდ ეს ბაზარზე დამაგრეველ ცვლილებებს გამოიწვევს და კონკურენცია მაქსიმალურად შეიზღუდება. ბევრი ორგანიზაცია შეწყვეტს არსებობას. ამიტომ ხელისულებამ ამგვარი კონტროლი არ უნდა აწარმოოს.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილი, რომლის აზრითაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-მდე შემცირება, განაკვეთების კონტროლი არ არის. ეს შემოღებულია იმისათვის, რომ მაღალი რისკი და ჭარბვალიანობის მაჩვენებელი მინიმუმამდე შემცირდეს.
„ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ახლა შევა პარლამენტში არის ის, რომ მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ 100%-მდე გასული წლის დასაწყისში, კიდევ შემცირდეს 50%-მდე. მეტი სხვა შემცირებაზე საუბარი არ არის, ასევე არ განიხილება საპროცენტო განაკვეთების კონტროლი. ახალი ინიციატივა არის შემოღებული იმისთვის, რომ რისკიანი პროდუქტები, რომლებიც გაიცემოდა მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე, აღარ იყოს“, - აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.
პარლამენტი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას და სწარფად დამკვიდრებას აპირებს.