თურქეთის „რკინის ლედის“ შანსი ერდოღანის წინააღმდეგ

თურქეთის „რკინის ლედის“ შანსი ერდოღანის წინააღმდეგ

თურქების ნაწილი ერდოღანის შემცვლელზე ალაპარაკდა. წინაასაარჩევნო პერიოდში თურქეთის „რკინის ლედის“ შანსი ბევრ თურქს იმედით განაწყობს. 2018 წლის 24 ივნისს თურქეთში დაგეგმილია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები, სადაც სახელისუფლებო პარტიებთან ერთად ოპოზიციური პარტიებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

რაც შეეხება სამხრეთელ „რკინის ლედის“, თურქეთში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა შს ყოფილი მინისტრი ქალბატონის -მერალ აქშენერის მიერ დაფუძნებული „კარგი პარტია“. აქშენერს ერდოღანის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.

2017 წლამდე მერალ აქშენერი ერდოღანის კოალიციაში მყოფი „ნაციონალისტური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერად გვევლინებოდა, თუმცა პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ლიდერმა დევლეთ ბაჰჩელიმ ქვეყნის საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის ერდოღანისეულ ინიციატივას დაუჭირა მხარი.

ამჯერად მერალ აქშენერის პარტია ოპოზიციურ ალიანსშია და თავად აქშენერი საპრეზიდენტო კანდიდატია. წინასწარი გამოკითხვის თანახმად, ერდოღანი მარტივად გაიმარჯვებს პირველ ტურში, მეორე ტურის აქშენერთან გამართვის შემთხვევაში კი, ეს ქალბატონი ნამდვილი გამოწვევა იქნება ერდოღანისთვის.

მერალ აქშენერის აზრით, თურქეთის დემოკრატიისთვის დამღუპველია საპრეზიდენტო მმართველობა ერდოღანის ხელში. ამიტომაც იგი საპარლამენტო მოდელზე ქვეყნის დაბრუნების პირობას დებს.

აქშენერი ნაციონალისტია, თუმცა მხარს უჭერს ათათურქის იდეებს, სეკულარიზმს, პრესის თავისუფლებასა და ევროკავშირთან თურქეთის დაახლოებას.

თურქები მასზე დიდ იმედს ამყარებენ, თუმცა ქურთი უმცირესობა „რკინის ლედის“ არ წყალობს. ისინი აქშენერს შს მინისტრობის პერიოდს უხსენებენ, როცა მან ქურთთა უფლებრივი მდგომარეობა გააუარესა.

ამის მიუხედავად, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის მერალ აქშენერმა საჭირო 100 ათასი ხელმოწერა სულ რაღაც 4 საათში შეაგროვა. ამ ქალბატონის პოპულარობა თურქეთში გასაკვირი არაა და შეესატყვისება ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნებას, რომელთა მიერაც „ტვიტერში“ დაწყებულია კამპანია „კმარა“. ამ კამპანიაში უკვე 2 მილიონი თურქი ჩაერთო. ისინი ქვეყნის სათავეში ერდოღანის დარჩენას ეწინააღმდეგებიან.

უნდა ველოდოთ თუ არა იმ დროს, როდესაც თურქეთი ერდოღანის მმართველობისგან გათავისუფლდება?

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის“ დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, რა მოხდება თურქეთში. ბატონი ერდოღანი ჯერჯერობით საკმაოდ მტკიცედ დგას თავისი მომხრეების, თავისი პოლიტიკური პარტიისა და თავისი აპარატის მხარდაჭერით, რომელსაც იგი ყოველთვის ეფექტურად იყენებდა. მეორე მხრივ, ერდოღანის კონკურენტი ქალბატონი ასევე აქტიურად მოქმედებს. ფაქტი ერთია, რომ თურქეთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ იქ დაიწყო კამპანია „კმარა“.

„თურქეთის პოლიტიკურ ლანდშაფტს დღეს დიახაც სჭირდება კრიტიკული ტონი იმისთვის, რომ თურქეთი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, შედგეს. ამიტომ ყველა გაფაციცებით ადევნებს თვალს, რაც იქ ხდება. თურქეთში მოვლენების განვითარების მიმართ გულგრილი ვერ იქნება ვერც ერთი ადამიანი. ეს უპირველესად თურქეთის მეზობლებისთვისაა საინტერესო, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ევრაზიის უზარმაზარ სივრცეში ცხოვრობს, რადგან თურქეთის როლი, ძალა და გავლენა ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ბოლო წლებში ერდოღანმა თურქეთის ყველა უწყებაში ისე განიმტკიცა თავისი მდგომარეობა, რომ ცვლილებებზე საუბარი ნაადრევია. მით უმეტეს, მის ქვეყანაში გადატრიალების წარუმატებელი ცდის შემდეგ. ამ გადატრიალებამ მას საშუალება მისცა, ფართო მასშტაბის ღონისძიებები გაეტარებინა ხელისუფლების განსამტკიცებლად. ამიტომ პოლიტოლოგი ეჭვის თვალით უყურებს „კმარას“ მსგავს შეძახილებს. თანაც, ქალბატონის გამარჯვება თურქეთში ცოტა ეგზოტიკაა.

„მართალია, ეს ქალბატონი ათათურქის იდეების მომხრეა, მაგრამ ათათურქი ათათურქია, დღეს კი რეალობა თურქეთში სულ სხვანაიარია. მაშინ, როცა ერდოღანი ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდობის აღზრდაა რელიგიურ ფასეულობებსა თუ ღირებულებებზე და მილიარდები იხარჯება ამ მიმართულებით, ცოტა საეჭვოდ ჩანს ათათურქის მომხრეთა პოპულარიზაცია. არც ის მგონია, ამ ქალბატონის კანდიდატურა დასავლეთისგან იყოს შემოთავაზებული. თვითონ ევროკავშირიც არ არის მზად და არც გუშინ და გუშინწინ იყო მზად ამისთვის. ერდოღანზე უფრო ლიბერალური, სეკულარული მთავრობებიც ყოფილან ანკარაში, მაგრამ თურქეთი როგორც იყო ევროკავშირის მისაღებში, ამ მისაღებს დღემდე ვერ გასცდა“, - განმარტა სოსო ცინცაძემ.