საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები დევალვაციას განიცდიან. თურქული ლირა და ნაწილობრივ რუსული რუბლი თავქვე დაეშვნენ და გაუფასურების გზას დაადგნენ. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა თურქეთში, სადაც ლირას ვარდნას დიდი ინფლაცია მოჰყვა, თანდათან ძლიერდება ფინანსური კრიზისიც.
თურქული ლირა, მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, დოლარის მიმართ 3,80-დან 4,60-მდე დაეცა. საკმაოდ მერყეობს რუსული რუბლიც, რომელიც ამერიკულ ვალუტასთან შეფარდებით 63-ის ნიშნულზე ძლივს ინარჩუნებს პოზიციებს. მოსკოვში ჯერჯერობით უმკლავდებიან პრობლემებს, ხოლო ანკარაში უკვე პანიკის ნიშნებია. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თანამემამულეებს მოუწოდა დოლარები და ევროები ლირაში გადაახურდავონ და ამით შეეშველონ ფინანსური უფსკრულის პირას მყოფ ქვეყანას.
რა პრობლემებს შექუმნის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში დაწყებული კრიზის? ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი ყურადღებით აკვირდება თურქული ლირის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ინფლაციას ამ ქვეყანაში.
„ინფლაცია თურქეთში საკმაოდ მაღალია - 11% და როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაიზრდება. ეს გარკვეულწილად დააკომპენსირებს იმ უპირატესობას, რასაც თურქული ლირის გაუფასურება მისცემდა თურქული პროდუქციის იმპორტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამას, საბოლოო ჯამში, საქართველოზე ძალიან დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი პროცესებს ყურადღებით სწავლობს და რეაგირებაც შესაბამისი იქნება. „თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ინფლაციის გადმოდინების საფრთხეა, მივიღებთ სათანადო ზომებს ამასთან დაკავშირებით“, - დასძინა გვენეტაძემ.
გარკვეულწილად ერვონული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებას ეთანხმება საბირჟო სფეროს ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი აზრით, ჯერჯერობით სახიფათო არაფერია, მაგრამ რეგიონის ქვეყნებში ვითარება საკმაოდ არამდგრადია და ამიტომ საფრთხე ნებისმიერ წუთს არის მოსალოდნელი.
„რეგიონული ვალუტები სავაჭრო ურთიერთობაში ნაკლებად მონაწილეობს. სავაჭრო კონტრაქტები ყველგან იდება დოლარსა და ევროში. რაც შეეხება უშუალოდ ფულად გზავნილებს, ამ კუთხით ნეგატიური გავლენა ნამდვილად მოსალოდნელია. თურქეთსა და რუსეთში ემიგრანტები ანაზღაურებას ადგილობრივ ვალუტაში - რუბლსა და ლირაში იღებენ, ამით ყიდულობენ დოლარს და აგზავნიან. აქედან გამომდინარე, რეგიონული ვალუტების შესუსტება ლარზეც იქონიებს გავლენას.
სხვა მხრივ საფრთხე არ გველოდება, ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადი საკმაოდ აქტიურია. ერთი შეხედვით, საგანგაშო არაფერია, თუმცა სავალუტო ბაზარი ძალიან მერყევია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სავალუტო კურსი შეტრიალდეს, რაც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ჩვენ უფრო მეტად შიდა ვითარებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვიდრე საგარეოს. იგი, პრაქტიკულად, ბევრს არაფერს ნიშნავს ჩვენთვის“, - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.
ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა სტაბილუროას ინარჩუნებს. კურსი კარგა ხანია 2,44-2,48 დიაპაზონშია. რაც შეეხება ინფლაციას იგი 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალია და მინიმუმ ზამთრამდე პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.