გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის პროკურორების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, გენერალური ინსპექცია დაინტერესდა, თუ რა ფორმით მოხდა მასზე პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის მხრიდან ზეწოლა.
მაია ნიკოლეიშვილი საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში იმყოფებოდა. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, ხორავის საქმის პროკურორები მის მიმართ აგრესიით გამოირჩევიან და მის დაშინებას ცდილობდნენ.
„რასაც მე ვუყურე ორი პროკურორის მხრიდან, ძალიან ძველ დროში დამაბრუნა, როდესაც პროკურორი მუშტს ურტყამდა და დაშინებული ჰყავდა ყველა, მათ შორის ექსპერტი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საფრთხე და შიში მინახავს, სერიოზულად დამრთრგუნა პროკურორ ფხაკაძისა და გუგუშვილის საქციელმა“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
პარალელურად, გრძელდება სასამართლო პროცესი და როგორც საქმის ადვოკატები ვარაუდობენ, შესაძლოა გადაწყვეტილება უკვე 30 მაისისთვის იყოს გამოტანილი.
როგორც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძემ განაცხადა, ელოდება სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას, ვინაიდან, დადასტურდა ის, თუ რა გააკეთა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა.
ინგა შარაშენიძის მტკიცებით, ბრალდებულმა ჩვენებაში არაერთ ახალ გარემოებაზე ისაუბრა. როგორც მან სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულის მიერ დასახელებული ახალი გარემოებები უნდა გახდეს საფუძველი იმისა, რომ პროკურატურამ უკვე წარმოებაში მყოფ საქმეზე, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს. ადვოკატის თქმით, ის ელოდება ბრალდებულის ჩვენებაში გაჟღერებულ ინფორმაციებზე რეაგირების მოხდენას.
„ვაპირებ დასკვნით სიტყვაში განვმარტო და დავასაბუთო, თუ ვის და რის მიერაა დაზიანებები მიყენებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე აპირებს საბოლოო სიტყვით სარგებლობას და სასამართლოსთვის მიმართვას. ველოდები, რა თქმა უნდა, სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას. მე ვთვლი, რომ დადასტურდა ის, თუ რა გააკეთა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა. დეტალებზე ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ძალიან ბევრი რამ გამოიკვეთა მაია ნიკოლეიშვილისა და ომარ ჯოხაძის დასკვნით. ძალიან ბევრი ისეთი გარემოებაა, რომ გამოძიება გაგრძელდეს და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი უნდა დაისაჯოს. არამარტო ის პირები, ვიზეც აქამდე მიმდინარეობდა აპელირება, არამედ სხვა პირებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი“, - აღნიშნა ინგა შარაშენიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ კი აღნიშნა, რომ ითხოვენ მხოლოდ ერთ რამეს, რომ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცნენ და დაისაჯონ იმ ქმედების ადეკვატურად, რაც მათ ჩაიდინეს.
„დაცვის მხარე ვაპირებთ დასკვნით სიტყვაში დეტალურად მიმოვიხილოთ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გავაანალიზოთ მტკიცებულებები და მე დარწმუნებული ვარ, სასამართლო, მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია საერთოდ აცდენილია ჭეშმარიტებას, ხოლო დაცვის მხარის პოზიცია არის დამაჯერებლი, უტყუარი, რომელიც სასამართლომ უნდა გაიზიაროს. დღეს ბრალდებულის დაკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც დაცვის მხარე მთელი სასამართლო განხილვებისას ვაპელირებდით... ასევე პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც ჩაიდინა დანაშაული და საერთოდ არ აქვს ბრალი წაყენებული. საგამოძიებო ორგანოს აქვს ყველა მასალა და მტკიცებულება, რომ ეს საქმე როგორმე გადავიდეს სწორ რელსებზე და ადეკვატური შეფასება მიეცეს თითოეული პირის ქმედებებს“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
ინგა შარაშენიძის განმარტებით, როდესაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ გარკვეული მოწმეები არანაირ კავშირში არ არიან ამ საქმესთან, დღეს ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული საქმეთან კავშირში იყო და მათაც მიუძღოდათ წვლილი დანაშაულის ჩადენაში.
„საუბარი მაქვს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ არასრულწლოვანზე“, - განაცხადა ინგა შარაშენიძემ.
ტარიელ კაკაბაძის შეფასებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა მირზა სუბელიანის ჩართულობა კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში. კითხვაზე, დაადასტურა თუ არა ბრალდებულმა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინისანთან მირზა სუბელიანთან შეხვედრა და მოზარდების გადამალვაში მისი ჩართულობა, ადვოკატმა განმარტა, რომ მოწმის ჩვენებით ეს ყველაფერი დადასტურდა.
აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება საქმის პროკურორი, რომელიც აცხადებს, რომ ბრალდებულს მირზა სუბელიანი არ უხსენებია - ის საუბრობდა ბიძაზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია ვისზე იყო საუბარი.
ამ პოზიციას არ იზიარებერნ ადვოკატები - „მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურდა სხვადასხვა პირების მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა, მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა, კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება და დამალვაში მონაწილეობაც“, - აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ისაუბრა დავით სარალიძის დაჭრის ფაქტში სხვა პირების მონაწილეობაზეც.
„მისი ჩვენებით სრულად დადასტურდა რომ კონფლიქტში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ, სხვა ადამიანების მიერ მოხდა დავით სარალიძის დაჭრა, ასევე სრულად დადასტურდა, რომ კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვადასხვა ადამიანები პასუხისგებაში არ ყოფილიყვნენ მიცემული. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულის ჩვენება სრულ თავსებადობაშია საქმეში არსებულ ყველა უტყუარ მტკიცებულებასთან. ბრალდებულის ჩვენებაში ბრალდების მხარეს და ვერც ვერავის შეუძლია იპოვოს რამე ისეთი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბრალდებულის ჩვენება არადამაჯერებელია. ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე საგამოძიებო ორგანომ ეს საქმე სწორად არ გამოიძია, თორემ დღეისთვის ბრალდების მხარე ასეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. თუმცა, თავის დროზე ყველაფერი გაკეთდა, რათა წაეშალათ გარკვეული პირების მიერ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შესაბამისად, კონკრეტული პირები არ დასაჯეს, რასაც მოჰყვა ის, რომ საქმე მთლიანად დაინგრა სასამართლოში განხილვის დროს და ნათლად დადასტურდა რომ საგამოძიებო ორგანო ტენდენციური იყო. ბრალდების მხარე არათუ ჩიხშია, საერთო სისხლის სამართლის საქმე, რასაც ბრალდება ეყრდნობა, ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან მათი პოზიცია, რომელიც ისედაც ძალიან უსუსური იყო, დღევანდელ სხდომაზე მთლიანად დაინგრა“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.