თბილისში 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

თბილისში 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს

მსოფლიოში 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. ზუსტად იგივე მდგომარეობაა საქართველოს დედაქალაქში. გამოკითხული თბილისელების 89% მიიჩნევს, რომ ამ მხრივ უმძიმესი ვითარებაა. გაცილებით უკეთესი ვითარებაა სოფლებში. მდგომარეობა თანდათან უარესდება ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

კვლევითი ცენტრი „ეისითის“ მონაცემებით, 2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია; 37% მიიჩნევს, რომ ნიადაგია დაბინძურებული, ხოლო გამოკითხულთა 33%-ს ბუნებრივი წყლის რეზერვუარები ჰგონია დაბინძურებული.

„საინტერესოა, რომ სოფელში რეალობა რადიკალურად განსხვავებულია ქალაქისგან. კერძოდ, თუ თბილისში რესპოდენტთა 89%, სხვა ქალაქებში კი – 48% აცხადებს, რომ მათ დასახლებაში ჰაერი დაბინძურებულია, სოფელში რესპოდენტთა მხოლოდ 12% ამბობს იგივეს. ნიადაგისა და ბუნებრივი წყლის რეზერვუარებთან დაკავშირებით ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება ფაქტობრივად არ არსებობს. რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მოსახლეობას აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაბინძურებას ქალები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას, ვიდრე მამაკაცები, როგორც ჰაერის, ასევე ნიადაგისა და ბუნებვრივი წყლის რეზერვუარების შეფასებისას“, - აღნიშნულია „ეისითის“ კვლევაში.

მსხვილ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალქში რომ ეკოლოგიური პრობლემები თავსაყრელადაა, ეს ხელისუფლებაშიც კარგად იციან. ამიტომ პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტი თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მოკვლევას იწყებს. კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავა ინფორმაციით, უკვე შექმნილია საპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც პარლამენტარები და ექსპერტები გაერთიანდნენ.

„ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით ზოგადად ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ხანდახან ურთიერთგამომრიცხავიც. საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ რა მდგომარებაა ამ მხრივ და ამ ჯგუფის მუშაობის პროცესში მივიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას, გვეყოლებიან მოწვეული ექსპერტები“, - აღნიშნა კუჭავამ.

სამუშაოს დასრულების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, როგორც შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე ინსტრუქციების მხრივ, რომლებიც იმ უწყებებს გაეგზავნება, ვისაც უშუალოდ ევალება პრობლემების აღმოფხვრა.

სპეციალისტები კი წლიდან წლამდე ვითარების გაუარესებაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების ზღვარი 10 მეტრამდე გაიზარდა.

„ადრე ვამბობდი, რომ თბილისში 3 მეტრის სიმაღლეზე იყო დაბინძურებული ჰაერი, ახლა ეს ზღვარი უკვე 10 მეტრამდე გაიზარდა. ადამიანი მაღალ სართულებზე უნდა ცხოვრობდნენ, რომ შედარებით ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი ისუნთქონ.

რატომღაც არავინ საუბრობს გათბობის ქვაბების გამონაბოლქვზე და მხოლოდ ავტომობილის გამონაბოლქვი მიაჩნიათ პრობლემად, არადა, ქალაქს ესეც ემატება და მძიმე ვითარებას ქმნის.

გათბობის ეს სისტემა, ე.წ. კედლის საქვაბეები აიტაცა რამდენიმე დეველოპერმა. სამწუხაროა, რომ ამას არავინ აკონტროლებს და დღემდე ისე ხდება, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები და აშენებული შენობა-ნაგებობები არ მოწმდება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ყველაფერზე უნდა არსებობდეს ნორმატიული აქტი, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი სტანდარტები“, - აცხადებს აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე.

დედამიწის ყოველი ათი მცხოვრებიდან, ცხრა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე რთული ვითარება კვლავ აზიასა და აფრიკაშია.

დოკუმენტის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ დაბინძურებული ჰაერის გამო, ყოველ წელს დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიონი ადამიანი იღუპება. მედიკოსების განცხადებით, გულის სხვადასხვა დაავადებების, ინსულტისა და ფილტვების კიბოს გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.