საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელმეორე მოკვლევა დასრულდა. რამდენიმე თვის წინ სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სააგენტოს 2015 წლის გადაწყვეტილება ბათილად ცნო და უწყებას საქმის გარემოებების ხელახალი მოკვლევა დაავალა. ხადურის უწყებას მაინცდამაინც ბევრი არ უფიქრია და ნავთობკომპანიებს ჯარიმა თითქმის 20-ჯერ შეუმცირა - 55 მილიონიდან 3 მილიონ ლარამდე.
ყველა ნავთობკომპანია ერთად ჯამში ამ ოდენობის ჯარიმას გადაიხდის. შესაბამისად, მათ სამწლიან წინააღმდეგობას ტყულიად არ ჩაუვლია. მენავთობეები არ მალავენ, რომ ამ გადაწყვეტილეას აღარ გაასაჩივრებენ და მინიმალური ჯარიმის გადახდას დაყაბულდებიან.
კონკურენციის სააგენტოს 3 წლის წინანდელი და ამჟამინდელი გადაწყვეტილებები ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას აზრით, ემოციურ ფონით იყო მიღებული და არა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. შესაბამისად, გამოდის, რომ ამ უწყებას პროფესიონალიზმი აკლია.
„ნავთობკომპანიებმა გაასაჩივრეს მათთვის დაწესებული 55-მილიონიანი ჯარიმა და მოიგეს კიდეც პროცესი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილება იყო უსაფუძვლო. თავის დროზე არ შეისწავლეს საფუძვლიანად ბაზარი და გამოძიებაც ზედაპირული იყო. დასკვნა ემოციური ფონით უფროა მიღებული, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. ამ სააგენტოს სჭირდება განახლება, მათი კვლევა უნდა იყოს პროფესიონალური, ხოლო გადაწყვეტილებები გამართლებული და მიზანს უნდა აღწევდეს“, - განაცხადა ჯგერენაიამ.
კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ნავთობკომპანიებისთვის ჯარიმის 52 მილიონი ლარით შემცირებასთან დაკავშირებით „ლუკოილისთვის“ მისაღებია, თუმცა, როგორც კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე აცხადებს, ამ ეტაპზე სასამართლო დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით კომპანიაში საბოლოო გადაწვეტილება არ მიუღიათ.
„ჩვენი მონაწილეობა ამ დანაშაულში იყო სრულად აბსურდული და ამიტომ ველოდებოდით, რომ მათი მხრიდან ეს იქნებოდა გააზრებული. შედეგი სახეზეა, ჯარიმა დღეს არის 10-ჯერ ნაკლები, თუმცა გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით გასაჩივრდება თუ არა ახალი მოკვლევის შედეგები, ჩვენს შიდა კონსულტაციებზეა დამოკიდებული. ახლა გადასახდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 400 000 ლარს, გადაწონის თუ არა ეს მოცულობა ჩვენი გუნდის მხრიდან რამდენიმეწლიან შრომას, ამის მიხედვით მივიღებთ სასამართლო დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
მიუხედავა ამისა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ. ეს მოცემულობა ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ ჩვენ მსგავს დანაშაულში თავს მონაწილედ ვერ მივიჩნევდით და ვერც მივიჩნევთ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ შავლეგ მიშველაძემ.
„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გენერალური დირექტორი ლევან გიორგაძე კი მიიჩნევს, რომ ნავთობკომპანიები მთავრობასთან სასამართლო დავას შეწყვეტენ, რადგან ბიზნესს რეპუტაცია მაქსიმალურად აღუდგა. მისი თქმით, ბიზნესს პრეტენზიები დარჩა, თუმცა დიდი ალბათობით სამართლებრივ დავას შეწყვეტს.
შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი კომპანიები, 2015 წლის ივლისში, ჯამში, 55 მლნ ლარით დააჯარიმა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ - 14 381 385 ლარით, „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ (გალფი) - 11 267 384 ლარით, „რომპეტროლ საქართველო“ - 10 845 806 ლარით, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 10 426 393 ლარით, „ლუკოილ-ჯორჯია“ - 4 740 260 ლარით, „L ოილი“ - 1 209 890 ლარით, „ი თი აი“ - 1 172 766 ლარით, „ბინული 1“ - 654 445 ლარით.
ახალი გადაწყვეტილებით მათი ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ მავთობიმპორტიორებს მორიგი მრავალწლიანი სასამართლო დავა აღარ უღირთ.