ფინანსთა მინისტრი ფინანსურ სექტორში სამართლიან თამაშის წესებს გვპირდება

ფინანსთა მინისტრი ფინანსურ სექტორში სამართლიან თამაშის წესებს გვპირდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი წარადგინა - ცვლილებები 5 ძირითად პრინციპს ემყარება: ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან; ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს ეკრძალებათ ავტომობილების და უძრავი ქონების დაგირავება; ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია დღეს არსებულ რეგულაციაზე; მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და უსამართლო ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან; აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, იგულისხმება ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, კერძო გამსესხებლები.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ რეგულაციებით საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი, სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება.

ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფინანსურ სექტორზე და მათ შორის მევახშეებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო, რადგან ხშირ შემთხვევაში ისინი პროცენტებით ქონებას პირდაპირ ისაკუთრებდნენ და კლიენტებზე არასამართლიანი ვალის დადება ხდებოდა.

ბიზნესმენთა ასოციაციაში თვლიან, რომ პრობლემების მიუხედავად, ბოლო დროს ჭარბვალიანობას ამოფარებული რეგულაციები ეკონომიკის ზრდაზე ცუდად აისახება.

„თამაშის წესების დამკვიდრება პოზიტიური სიგნალია, თუმცა ბევრ თემას სპეციფიკურად უნდა მივუდგეთ. მაგალითად დაკრედიტებასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოხდა,“ - აღნიშნა ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ანდრია გვიდიანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს“ ბაზაში ჩანაწერი სულ 2 412 000 ფიზიკურ პირსა და 67 000 იურიდიულ პირზე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს გააჩნია.

ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 64,8% სარგებლობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლამდე ასაკის ადამიანებზე სესხს, პრაქტიკულად, არც ერთი საფინანსო სტრუქტურა არ გასცემს, 70 წლის ზემოთ მყოფები კი კრედიტს აღარ იღებენ, გამოვა, რომ აქტიური მოსახლეობის 99%-ს სესხი ამძიმებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 20-დან 70 წლამდე ასაკის 2,423 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ფიზიკური პირების სესხები კომერციული ბანკების მიმართ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 19,7 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს კი, გასულ წელთან შედარებით 1,4 მილიარდით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 6,4 მილიარდით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დოლარებით გაცემული სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით 176 მილიონით შემცირდა და 5,1 მილიარდი შეადგინა. სამაგიეროდ, 2 მილიარდით მოიმატა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ და 6,48 მილიარდი ლარი შეადგინა.

მომატებულია სესხები იურიდიულ პირებზე - 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გაცემულია 7.308 მლრდ დოლარი (შარშან 6,845 მილიარდი იყო) და 2,52 მილიარდი ლარი (რაც 500 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს).

ეკონომისტების აზრით, 2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა, სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო სარეკლამო შეთავაზებები: „გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე“, რამაც დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.

სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი ყოველთვიურად თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის.

საერთაშოროსო სავალუტო ფონდის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით კი საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე იმყოფებოდა - ანუ 1000 კაცზე 676-ს აქვს ბანკის ვალი ჰქონდა.