„ტრამპისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან სერიოზული პრობლემები აქვს“

„ტრამპისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ხდება, როგორც ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან სერიოზული პრობლემები აქვს“

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა. რეზოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი. რეზოლუცია ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და მოკავშირეობას; აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას; ქვეყნებს შორის სავაჭრო და კომერციული ურთიერთობების განვითარებას ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

სენატი კიდევ ერთხელ აფიქსირებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მტკიცე მხარდაჭერას და ხაზს უსვამს ევროატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს დიდ წვლილს. რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია, როგორც ლიდერი რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით. რეზოლუციას წინ უსწრებდა პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აშშ–ში, სადაც გიორგი კვირიკაშვილს განუცხადეს, რომ საქართველო ძალიან მაღალ დონეზე დგას აშშ–ის ყოველდღიური საქმიანობის დღის წესრიგში. იმ ფონზე, როდესაც ვითარება იძაბება ახლო აღმოსავლეთში, ასევე ამერიკა–რუსეთ, ამერიკა–თურქეთს შორის, დონალდ ტრამპის ადმინისტარციისთვის მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო, რასაც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ხელისუფლების ღია პროამერიკული კურსით ხსნის.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

საინტერესოდ ვითარდება პროცესები, როგორც საქართველოში, ასევე ახლო აღმოსავლეთში. არის როგორც თურქეთი, ასევე რუსეთი ვისთანაც ამერიკა ურთიერთობას ამწვავებს. ამ ფონზე რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო საქართველომ, როგორც ნატოში გაწევრიანების, ასევე ტერიტორიული მთლიანობის კუთხით და ეს ნიშნავს, რომ ამერიკა რუსეთის პირისპირ არ დატოვებს საქართველოს?

რამაზ საყვარელიძე: ზოგადი კანონზომიერებიდან რომ გამოვიდეთ, ერთი ფრაგმენტი უნდა გავიხსენოთ – საქართველო არ არის განებივრებული მაღალი რანგის ვიზიტებით, პატარა ქვეყანა ვართ. გავიხსენოთ ვიცე-პრეზიდენტი, ძალიან გავლენიანი ფიგურა თანამედროვე ამერიკაში. ეს გავლენიანი ფიგურა პირველი ვიზიტით სწორედ საქართველოში ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ლამაზი თვალების გამო. საქართველო მართლა მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება და რაც მთავარია, ტრამპის პოლიტიკის ჭრილში ხდება მნიშვნელოვანი.

მაგალითად, ბუშისთვის საქართველო მნიშვნელოვანი იყო, როგორც „ვარდების რევოლუციის“ ქვეყანა. მას საკუთარი იდეა ჰქონდა „ვარდების რევოლიციასთან“ დაკავშირებით. ტრამპისთვის საქართველო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და რომელთან ურთიერთობაშიც ამერიკამ უნდა დაასაბუთოს, რომ მას შეუძლია მეგობრობა და შეუძლია თავისი მხარდამჭერების მხარის დაჭერა, რასაც ხშირად საყვედურობენ ამერიკას.

ამერიკას საყვედურობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან მოყოლებული, რომ ბუშის ამერიკამ ისეთი ერთგული ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, ვერ დაიცვა რუსული აგრესიისგან. ეს საყვედური არის სამართლიანი...

- ის პრობლემა, რომ ამერიკამ საქართველო მაშინ ვერ დაიცვა რუსეთის აგრესიისგან, ზოგადად ამერიკული პოლიტიკის წინაშე დგას და ამწვავებს ამერიკისთვის ზოგიერთ საკითხს. კერძოდ - ვინც ამერიკულ პოლიტიკას იზიარებს, ხომ არ არის იგი განწირული და ხომ არ იქნება წამგებიანი ამ პოლიტიკის გაზიარება. დღეს ამერიკა ძალიან მძაფრი პოლიტიკური კურსის მატარებელია და ამ სიმძაფრეში მას სჭირდება იმის დამტკიცება, რომ იგი თავის მომხრეების გვერდით დგას.

ამ ფონზე მიდის ბევრი თემა და ეს ერთ-ერთი თემაა. რა თქმა უნდა, ამ ფონზე მიდის ბევრი თემა და ბევრი ინტერესი ამერიკისა საიმისოდ, რომ მას ეთქმოდეს, რომ იგი საქართველოს გვერდით არის საქართველოსთვის საკმაოდ რთულ ვითარებაში. შემთხვევითი არ არის, როდესაც რამოდენიმეჯერ მეორდება ეს ფორმულა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში. ფორმულა, რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკა თავის მეგობრებს არ ტოვებს.

ამერიკას ძალიან დიდი პრობლემა აქვს რუსეთთან, ეს გამოიხატება სანქცებით, ასევე ვითარება დაძაბულია ახლო აღმოსავლეთში. როგორ ფიქრობთ, საქართველო მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ იარაღად, თუ საქართველო როგორც თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და სტატეგიული პარტნიორი, ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ტრამპის ამერიკისთვის?

- მსოფლიოში ცხადი გახდა ბევრისთვის, რომ ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც საქართველოს უკავია, ფაქტიურად, დღევანდელი ყველაზე დაძაბული წერტილების გადაკვეთის ხაზია. თუ რომელიმე მხარემ ამ ხაზზე დათმო პოზიციები, მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება თითოეული მხარისთვის. ამ პოზიციების დათმობის ქვეშ იგულისხმება ისიც, რომ დასავლეთმა ამ ტერიტორაზე რუსეთის გავლენა არ უნდა დაუშვას - სადაც მან ეს დაუშვა, ნახა, რომ მძიმე სურათი მიიღო. დასავლეთს არ უნდა იგივე სურათი ნახოს საქართველოს შემთხვევაში.

აქ კიდევ ერთი მომენტი იკვეთება, ჩვენი გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მხარე - ტრამპმა საკმაოდ მძიმე შეფასება გააკეთა ჩინეთის მიმართულებით. ნახა, რომ დღეს ჩინეთი სწორედ საქართველოთი არის ძალიან დაინტერესებული და საკმაოდ დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში. ამ ფონზე ამერიკის მიერ საქართველოს მიტოვება, უკვე ჩინური თემის თვალსაზრისითაც არის მიუღებელი და გაუმართლებელი. გარდა რუსეთისა, ამერიკას კიდევ ჩინური თემა აქვს საქართველოსთან დაკავშირებით საიმისო, რომლის გამოც საქართველოს მიმართ ყურადღებას თუ არ გაზრდის, თორემ არ შეამცირებს.

სწორედ აქედან გამომდინარე რას ვიღებთ ამერიკის მხარდაჭერით? ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია რუსეთთან. ვხედავათ რა ვითარება არის საოკუპაციო ზოლზე. მხარდაჭერა, რომელიც კვირიკაშვილის მთავრობამ მიიღო, რამდენად უსაფრთხოა, თუკი რუსული აგრესიული პოლიტიკიდან გამოვალთ?

- როდესაც საფრთხეზე ვსაუბრობთ, ეს კითხვები ხშირად უჩნდებათ საქართველოში. ისიც ვიცით, რომ ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, სწორედ საფრთხის თემით ოპერირებს როდესაც ამბობს, რომ რუსეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ, დიდი ქვეყანა არის და ა.შ. შეიძლება ადვილად შემომედაოს ადამიანი, რომ საფრთხე საფრთხეა, მაგრამ პრინციპში ეს რუსეთის საფრთხეც კარგად დასანახი და გასაზომია. დღეს, რუსეთს ხელფასების გაცემა უჭირს მოსკოვში. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ბუტაფორიის გვეშინია.

ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსული სამხედრო სიძლიერე ბუტაფორიაა და თუ ჩვენ ამ სამხედრო სიძლიერის გამო ვართ შეშინებული, გამოვა, რომ ბუტაფორიების გვეშინია და ამ ბუტაფორიების შიშით შეიძლება ისტორიული შანსი დავკარგოთ. აი, ის შანსი, რომლის გამოც სულხან საბა დადიოდა ევროპაში.

კარგი, აღარ ვიქნებით ევროპაში და მერე ამითი რა ხდება? ამითი ის ხდება, რომ ჩვენ შეიძლება რუსეთის შიშის გამო კიდევ უფრო საშიში მომენტების დროს ავღმოჩნდეთ მარტონი. პარტნიორების და მეგობრების გარეშე.

უფრო საშიში მომენტები არის „ისლამური ფუნდამენტალიზმი“, არის სხვადასხვა ქვეყნების მიგრაციული ტალღები, რომელთა არსებობას თვითონ დასავლეთიც უჩივის. არის ბევრი ის პრობლემა, რომელიც საერთო გვაქვს ევროპასთან და თუ, ჩვენ დღეს არ მივაქციეთ ყურადღება ევროპელობის ხაზს, მომავალში შეიძლება ევროპამ ასევე არ მიაქციოს ყურადღება საქართველოს იმ პრობლემებს, რომელიც მისთვისაც აქტუალურია.

ასე რომ, ევროპის სახით შეიძლება დავკარგოთ საკმაოდ ბუნებრივი და კარგი პარტნიორი და რის გამო? - იმიტომ, რომ ბუტაფორიების გვეშინია. ჩვენ ნუ ჩავთვლით, რომ მარტო რუსეთი არის ჩვენი პრობლემა, როგორც ხედავთ მსოფლიოს ქვეყნებსაც უჭირთ. დალხინებული არსად არ არის ცხოვრება, ჩვენ დღეს მარტო რუსეთი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ამ გასაჭირების ტალღა ჩვენზედაც რომ გადმოვა, მაშინ შეიძლება მარტო აღმოვჩნდეთ და ეს იქნება არასასურველი. ამიტომ, რუსეთის შიშით ხელმძღვანელობა ამ დიდი და შორეული პერსპექტივების თვალსაზრისით, მგონია, რომ მცადრია.