„როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი ეკლესიასთან დაკავშირებით იყენებს ტერმინს - ორგანიზაციას, სწორედ ეს არის გეგმა“

„როდესაც ტელევიზიის ხელმძღვანელი ეკლესიასთან დაკავშირებით იყენებს ტერმინს - ორგანიზაციას, სწორედ ეს არის გეგმა“

„დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა 22 მაისს, გიორგი გაბუნიამ გადაცემაში, რასაც საპატრიარქო პროტესტი მოჰყვა.

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების საშიშროების წინაშე. საპატრიარქო ასევე მიმართავს სამღვდელოებას და დიპლომატიურ კორპუსს, რომ შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არც ერთ გადაცემაში მონაწილეობა.

ოპოზიცია საპატრიარქოს განცხადებას თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს პოზიცია, მაგრამ მოწოდება ცენზურისკენ, აზიანებს არა მხოლოდ საჯარო სივრცეს, არამედ ეკლესიის იმიჯსაც. ასე არ ფიქრობს უმრავლესობა. მათი შეფასებით, თუ ვამბობთ, რომ გაბუნიას აქვს სიტყვის თავისუფლება, ასევე საპატრიარქოს შეიძლება ჰქონდეთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია „რუსთავი 2“-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს.

for.ge ლაშა ჟვანიას ესაუბრა.

ის, რაც ვნახეთრუსთავი 2“-ის ეთერში, ბევრ ადამიანს აფიქრებინა, რომ ამით მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ხდება. როგორ ფიქრობთ, რა დგას ჟურნალისტის ამ ქმედების უკან?

ლაშა ჟვანია: საპატრიარქოს მოწოდებაა, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის მხრიდან ეს განცხადება აღქმულია როგორც მოსახლეობის შეგნებული და მიზანმიმართული პროვოცირება, მათ რელიგიურ გრძნობებზე თამაში, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. როდესაც მსგავსი რამ ერთხელ ხდება კონკრეტული ტელევიზიისგან და კონკრეტული ჟურნალისტის მიერ, შეიძლება აღქმული იყოს, როგორც შეცდომა, მაგრამ როდესაც მეორდება მრავალჯერ და შეგნებულად კეთდება აქცენტები ამაზე, ეს უკვე არის შეგნებული პროვოცირება. გეგმიურს გაქვს ეს ყველაგრი.

გეგმიურში რას გულისხმობთ?

- მიზანმიმართულად დაგეგმილ ქმედებებს. ჩვენს ქვეყნას და საზოგადოებას აქვს განვითარების გეგმა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, საზოგადოება ვიღაცის პროვოცირებებზე არ წამოვეგებით. წამოგებაში ვგულისხმობ სოციალურ ქსელებში აგრესიას კონკრეტული ადამიანის მიმართ. სამოქალაქო სიმწიფე გამოვიჩინოთ და უფრო გონივრულად მივუდგეთ ამ საკითხს, წინააღმდეგობა გავუწიოთ იმით, რომ არ ავყვეთ ასეთ პროვოკაციებს. როგორც ჩანს, ასეთი პროვოკაციები კიდევ იქნება და ეს უკვე ფაქტია ჩემთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ამ შემთხვევაში გვამართებს გონიერი დამოკიდებულება. აუცილებად უნდა მოეცეს რეაგირება, მაგრამ ეს რეაგირება უნდა იყოს გონიერი.

როგორი უნდა იყოს ეს რეაგირება? საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე, რაც შეფასდარუსთავი 2“-ზე ზეწოლად...

- გულწრფელად, რომ გითხრათ „რუსთავი 2“-ს არც მანამდე ვუყურებდი და არც ახლა ვუყურებ. რას უნდა ვუყურო, როდესაც ზუსტად ვიცი, სად და როგორ იგეგმება ეს ყველაფერი!? კარგად ვიცი მათი შიდა სამზარეულო მანამდე როგორ კეთდებოდა, ისიც კარგად ვიცი, როგორ კონტროლირდებოდა მათ „დამოუკიდებელი“ ტელევიზია.

„რუსთავი 2“-ს არ დაუკარგავს კონტროლის ეს მექანიზმი, იმ ხალხის მიერ ვინც თავის დროზე აკონტროლებდა ამ არხს და დღემდე პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ამ ყველაფერს. როგორც ჩანს, ახლა ეს პოლიტიკური გუნდი თამაშის უფრო აგრესიულ ფორმაზე გადავიდა და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას, ოღონდ - გონივრული და ისეთი, როგორიც შეჰფერის ჩვენს საზოგადოებას - არა აგრესიული.

ოპოზიცია და ანალიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც ამ არხის ხშირი სტუმრები არიან, ამბობენ, რომ საპატრიარქოს განცხადება არის თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლა. „რესპუბლიკური პარტიისწევრი დავით ზურაბიშვილიფეისბუქზეწერს: საპატრიარქომ რომ ისეთი განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც მეუფე იობის წყევლის გადმოკოპირება ჯობდა, ეს ერთი უბედურებაა და როდესაც საპატრიარქოს ამ მაფიოზურ მუქარას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეგრევე იტაცებენ და ეთანხმებიან, ნაცვლად იმისა, რომ გათავხედებულ კლერიკალებს კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებზე მიუთითონ, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე აქამდე ჩანდა...

- ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე დავით ზურაბიშვილი არ წარმოადგენდა ჩემთვის ავტორიტეტს. ჩემთვის მის სიტყვას საერთოდ არ აქვს ფასი, მაგრამ საყოველთაოდ აღიარებულია, დემოკრატიულ ქვეყნებში კანონი ზღუდავს და არ შეიძლება მედიამ გააღვივოს შუღლი, არ შეიძლება გაავრცელოს ბავშვთა პორნოგრაფია; სიგარეტის და ალკოჰოლური სასმელების რეკლამა არ შეიძლება გავრცელებული იქნას მასმედიის მიერ დღის საათებში, როდესაც არასრულწლოვნები უყურებე ამა თუ იმ გადაცემებს. არის ეს შეზღუდვა და მედიაზე ასეთი შეზღუდვა შეიძლება იყოს აღქმული როგორც თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა?

ეს არის საზოგადოების სტაბილურობის, სიფხიზლისთვის და ნორმალური ყოფისთვის განსაზღვრული ქმედებები. ასევე, ანალოგიურად არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთა. როდესაც მიზანმიმართულად აღვივებ შუღლს, ამან შეიძლება დაძაბულობა შემოიტანოს საზოგადოებაში, მით უმეტეს, როდესაც ილახება თითოეული ადამიანის რელიგიური გრძნობები.

ძალაინ მარტივად გეტყვით, როდესაც ეს გადაცემა გავიდა, იმ დღეს გვიან მივედი სახლში, არ მქონდა ნანახი გადაცემა, მაგრამ ერთადერთი რაზედაც აღშფოთება დამხვდა სახლში, ეს იყო გაბუნიას ფრაზა. დედაჩემი, რომელიც ებრაელია და აქ არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ მართლმადიდებლებზე და ქრისტიანებზე, მაქვს ლაპარაკი ებრაელ ადამიანზე, რომელშიც უზარმაზარი აღშფოთება გამოიწვია გაბუნიას ფრაზამ. პირდაპირი მნიშვნელობით დედა იყო ძალიან ცუდად, როდესაც ვერ იმეორებდა იმ ფრაზებს, რაც მოისმინა. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური აღშფოთება იქნებოდა გამოხატული არაქრისტიანი მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. თვალით უნახავი და ყურით გაუგონარი რაღაცა მოხდა. ასეთ რაღაცას თუ პრევენცია არ გაუკეთდა, იქნება ძალიან რთული.

როგორ ფიქრობთ, მიზანი რა იყო?

- მათი მიზანი ნათელია. როდესაც ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი ეკლესიასთან დაკავშირებით იყენებს ტერმინს - ორგანიზაციას, სწორედ ეს არის გეგმა და ამას ვამბობ ჩვენი საზოგადოების გასაგონად, ვისთვისაც ძვირფასია როგორც ქვეყანაში, ასევე ეკლესიაში სტაბილურობა, რომელიც პატივს სცემს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საერთოდ ქრისტიანობას, მათი გეგმა არის შემდეგი - მაქსიმალურად მოხდეს სასულიერო პირების პროვოცირება, მათზე ცილისწამების გავრცელება, რომ კონკრეტული სასულიერო პირები ცალ-ცალკე და ასევე ეკლესია ჩაერთოს რაღაცა გარკვეულ სასამართლო პროცესებში; მოუხდეთ თავის მართლება ამა თუ იმ ცილისწამებებზე.

თუკი რომელიმე სასულიერო პირი სასმართლოში წავა, წლები სჭირდება იმას, რომ სასამართლომ დაადგინოს იყო თუ არა ცილისწამება. ასევე, მთელი პროცესები იყოს აგორებული მედიაში და მუდმივად მუსირებდეს ეს სასამართლო დავა, რათა ეს წესიერი ადამიანები მოწყვიტონ თავის საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ. მათი მიზანია ეკლესია დაიყვანონ ასეთი გარჩევების დონეზე. რა თქმა უნდა, ეკლესია ამას არ წამოეგება, მაგრამ ამასთანავე ეკლესია რაღაც ეტაპზე არის იძულებული, რომ საკუთარი საზოგადოება დაამშვიდოს, დააწყნაროს და მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, გააკეთოს განცხადება. ეს ეკლესიის ვალდებულებაა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ეკლესია ამას მიჩვეულია საუკუნეების მანძილზე. უბრალოდ, ფართო მასშტაბებს იძენს იმ შემთხვევაში, როდესაც კომუნიკაციები სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება ჩვენს საუკუნეში.

ითქვა ისიც, რომ მის უწმინდესობასთან არ არის შეთანხმებული საპატრიარქოს განცხადება, რადგან ილია მეორე არ იმყოფებოდა თბილისში. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, პატრიარქის გვერდის ავლით მოხდა ამ განცხადების გავრცელება?

- არა, რას ბრძანებთ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უწმინდესი არ ბრძანდებოდა თბილისში, მაგრამ მღვდელმთავრები იყვნენ სატელეფონო ხაზზე. ვისთანაც საჭირო იყო, რომ შეთანხმებულიყო ეს განცხადება და პირველ რიგში - უწმნიდესთან, მოხდა შეთანხმება და შემდგომ მოხდა ამის გავრცელება. ესეც ერთი პროვოკაცია არის. რას ნიშნავს, რომ საქართველოს საპატრიაქროს განცხადება შეთანხმებული არ იყო საქართველოს ეკლესიის საჭეთმყობელთან?! ესეც სპეციალურად გავრცელებული ცრუ ინფორმაცია არის, რითაც უნდათ აჩვენონ, რომ თითქოსდა ეკლესიაში იმედენად არ არის კოორდინაცია, რომ ვიღაცამ ეკლესიაში შეიძლება გაბედოს, რომ საპატრიარქოს სახელით განცხადება ისე გაავრცელოს, რომ არ იყოს შეთანხმებული კათოლიკოს პატრიარქთან.

მე, კათოლიკოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი გიდასტურებთ, რომ უწმინდესთან და ასევე მღვდელმთავრებთან რამდენიმე გზის მოხდა აღნიშნული განცხადების შეთანხმება. კორექტირებაც კი, პუნქტუაციისა და სტილისა ასევე იყო შეთანხმებული. დაუკვირდით რაშია საქმე, ბოლოდროინდელი ცილისმწაბელური განცხადებები და სიუჟეტები ისე კეთდება, რომ მის უწმინდესობას თითქმის არ ახსენებენ, მაშინ როდესაც ყველაფერი და ყველანაირი გზა მიდის მის უწმინდესობამდე.

არასამთავრობო სექტორის, ასევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და აქვე ამბობს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ბოძია და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. პრინციპში საპატრიარქოს მხრიდან ცენზურის საფრთხეზე საუბრობს...

- ანა ნაცვლიშვილმა მიხედოს თავის საქმეს, ნუ გამოგვივა პროფესორი, ვინც არ უნდა იყოს და რა თანამდებობის არ უნდა იყოს. ანა ნაცვლიშვილი არ წარმოადგენს ჩემთვის ავტორიტეტს და შესაბამისად, მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ რაიმე კომენტარს. თავისი საქმე გააკეთონ თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

ილაპარაკონ რაც უნდათ, მაგრამ როდესაც სხვებს მოუწოდებენ, პირველ რიგში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მიაქციონ ყურადღება და გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ საზოგადოებაში არ შეიქმნას უმართავი მდგომარეობა, ასეთი ხშირი აღშფოთებების გამომწვევი განცხადებების გამო. იმაზე კი ნუ ლაპარაკობენ, რომ ეკლესია გაჩუმდეს, ასეთ აღვირახსნილ ქმედებებზე იფიქრონ და შეიმუშაონ მექანიზმები.