შემოუბრუნდება თუ არა ამ ხელისუფლებას გირგვლიანის საქმე ხორავას ქუჩის მკვლელობის სახით, ძნელი სათქმელია, თუმცა, ხელისუფლება, რომელიც კანონმდებლობაში „გირგვლიანის შესწორებებს“ იღებს, იმედი, უნდა ვიქონიოთ, რომ არ უშვებს ანალოგიურ შეცდომას.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული ორი მოზარდის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის საქმის სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აქცია, სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.
აქციას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, რის გამოც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. აქცია წუთიერი დუმილით დაიწყო - აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ. პარლამენტის შენობასთან გააგრძელეს აქცია ძიუდოისტებმაც, რომლებიც მანამდე ძიუდოს ფედერაციის გადადგომის მოთხოვნით გამოდიოდნენ.
„დღეს მე ვდგავარ ძალიან დიდი უსამართლობის წინაშე, მაგრამ დაე, ჩემი შვილი იყოს მსხვერპლი, რომ ხვალ არ გაგრძელდეს იგივე, არ დაიღუპონ ახალგაზრდები“, - განაცხადა დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ.
სამართალდამცველთა ლიგის წარმომადგენელმა, ზვიად კუპრავამ, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრის ნაცვლად შეიძლება ითქვას, ისინი პროკურატურიდან გამოყარეს, აქციაზე დასვა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისთვის დასასმელი კითხვები.
რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი, ანუ ფარდული, სადაც დავით სარალიძე მოკლეს;
რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან?
რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა?
თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანით არის მოკლული სარალიძე?
რატომ არ დაკითხა გამოძიებამ ის მოზარდები, ვინც დაიჭრა ჩხუბის დროს?
რატომ ჩაუტარდათ მათ ექსპერტიზა მხოლოდ ჭრილობების შეხორცების შემდეგ? და ა.შ.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა დამნაშავეებს მფარველობს. ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მის გვერდით დადგნენ და მასთან ერთად მოითხოვონ სამართლის აღსრულება.
პანკისში, სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პანკისიდან სპეციალურად აქციისთვის ჩამოვიდა.
„მინდა, რომ გამოვხატო ჩემი თანადგომა. ერთადერთი მიზანი ეს არის ჩემი ჩამოსვლის“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის დეკემბერს დაჭრეს. ორივე მოზარდი გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ორი მოზარდი, ხოლო დანაშაულის დაფარვაზე პასუხისგებაში 5 პირია მიცემული.
ჯერჯერობით ხელისუფლება დუმს და გამოძიების დასრულებას ელოდება, არც განმარტებები ისმის იმის თაობაზე, რამდენად სამართლიანია გარდაცვლილი მოზარდის მამის განცხადება, რომ დამნაშავეებს ამ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მფარველობენ, თუმცა თბილისის მერი, კახა კალაძე აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული, მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.
კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.
და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებები - ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.
არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი... სამწუხაროდ, ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე, რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში“, - წერს კახა კალაძე.