„სოციალ-დემოკრატების“ წინააღმდეგ შეთხზული მითი საბჭოთა პროპაგანდის დამსახურებაა“

„სოციალ-დემოკრატების“ წინააღმდეგ შეთხზული მითი საბჭოთა პროპაგანდის დამსახურებაა“

1921 წელს ბოლშევიკების შემოჭრისას პირველი მსოფლიო ომის ინვალიდმა პატრიოტმა ქართველებმა, რომელთაგან ზოგს ცალი ფეხი ან ცალი ხელი არ ჰქონდა, მოითხოვეს, ჩაგვსვით სანგრებში, სროლა შეგვიძლია, ჩვენ გაქცევას არ ვაპირებთო. სწორედ ასეთი განწყობა იყო რუსების შემოჭრისას, ქართველებმა თბილისთან თავდაუზოგავად იბრძოლეს, თუმცა საკუთარი მთავრობის მიერ თბილისის დატოვების შემდეგ ყველა მებრძოლი გატყდა...

რა მოხდა ერთი საუკუნის წინ და რისი შეცვლა შეეძლო მენშევიკურ მთავრობას, ამის შესახებ For.ge-ს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა.

პარიზში ჩასვლისას მენშევიკური მთავრობის წევრებს ჩემოდნები არ გაუხსნიათ იმის იმედით, რომ საქართველოში დაბრუნდებოდნენ. თუმცასოციალ-დემოკრატებისხელისუფლებაში ყოფნის წლები ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს ძირითადად გარე ფაქტორებით აიხსნება, თუ იმითაც, რომ ჟორდნიას მთავრობა სუსტი და მოუმზადებელი იყო?

- „სოციალ-დემოკრატების“ წინააღმდეგ ამხელა სტერეოტიპის დანგრევა ცოტა გაჭირდება, მაგრამ პუნქტებად ვეცდები გიპასუხოთ. ორი მთავრობა ჰყავდა პირველ რესპუბლიკას - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი კოალიციური მთავრობა და შემდეგ უკვე „სოციალ-დემოკრატიული მთავრობა“. ორივე ამ ფორმაციაში, მანამდეც და შემდეგაც ნოე ჟორდანია იყო ქართული პოლიტიკური სპექტრის უპირობოდ აღიარებული ლიდერი. მასზე გავლენიანი, წონიანი, ავტორიტეტული ფიგურა არ ჰყავდა არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას. ის იყო გამაერთიანებელი ფიგურა ყველა სხვა პოლიტიკური იდეის და მიმართულებისთვის, ანუ მას ეთქმოდა გადამწყვეტი სიტყვა. ეს წარმატება არ მოსულა ჰაერზე, ამას წინ უძღოდა ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური მუშაობა და მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის, გავლენა და წონა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

ჟორდანია იყო ევროპული „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის“, ანუ იმდროინდელი პროგრესული ძალის სრულფასოვანი წევრი და ცნობილი წარმომადგენელი. ასე რომ, „სოციალ-დემოკრატების“ წინააღმდეგ მითი საბჭოთა პროპაგანდის დამსახურებაა, რომელიც ყველანაირად აკნინებდა, ამახინჯებდა და ასაიდუმლოებდა პირველი რესპუბლიკის ისტორიას. ამას ემატებოდა საბჭოთა მითებიც, როდესაც საბჭოთა ისტორიკოსებმა, კომუნისტური პარტიის განდიდების დაკვეთიდან უკვე გადაინაცვლეს „სოციალ-დემოკრატების“ ლანძღვაზე და ყველაფერი ჩადეს მიწაში, რის სიახლოვესაც იყო სიტყვა „სოციალისტი“ და „სოციალისტური“. მთლიანობაში, ქართული „სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“ არსებობის პირველი ნაბიჯებიდან ბოლომდე იყო „ევროპული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა“ და, ასევე, ეროვნული მოძრაობა, ანუ ის არ იყო ბუნდოვანი არაინტერნაციონალური, ამის კატეგორიული გაგებით.

ალბათ, ნოე ჟორდანიას მინუსებში ჩაითვლება ის, რომ მის მიერ გამოცემულმა გაზეთმაკვალმადაიწყო იდეოლოგიური ბრძოლა ილიასივერიასთანდა ლიბერალურ-დემოკრატიული მიმართულების ქართული ინტელიგენციის წინააღმდეგ.

- ესეც ისტორიის სუფთა ფალსიფიკაციაა. სინამდვილეში, ეს იყო ჯანსაღი ბუნებრივი პროცესი, სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებსა და ძალებს შორის კამათი და დაპირისპირება, რომელიც ეთიკისა და მორალის ჩარჩოებიდან არ გასულა, განსაკუთრებით „სოციალ-დემოკრატიული“ ძალების მხრიდან და არასოდეს გასცდენია დისკუსიას. სწორედ ამ დისკუსიამ განაპირობა გაგება, ვინ ვართ, რანი ვართ, რას წარმოვადგენთ, როგორც ერი და სახელმწიფო და რა მიზნები უნდა გვქონდეს მომავალში. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი. დღეს ყველა ლანძღავს ნოე ჟორდანიას, როგორ გაბედა მან ილიასთან კამათი?! ამ დროს საინტერესოა, ვინ იყო ილია ჭავჭავაძე, როგორი იყო მისი პოლიტიკური იდეები 1860-70-იან წლებში და შემდეგ უკვე 1890-იან წლების ბოლოს.

იმ დროისთვის ილია ჭავჭავაძე უკვე უფროსი თაობის წარმომადგენელი გახლდათ და ის არაფრით იყო ისეთი პროგრესული პოლიტიკური იდეების გამხმოვანებელი, რომელი იდეებიც ჩანდა ყველგან რუსული პოლიტიკის შედეგად, მათ შორის, საქართველოშიც. ანუ ილია იმ დროისთვის იყო კონსერვატორული და ფრთხილი კურსის მომხრე, როდესაც ეს ახალი და ძლიერი პოლიტიკური მოძრაობა („სოციალ-დემოკრატები“) ითხოვდა გაცილებით მეტს და გაცილებით სწორ იდეებს ავრცელებდა მოსახლეობაში.

თუმცა, სანამსოციალ-დემოკრატებიწამოვიდოდნენ წინა პლანზე, სწორედ თერგდალეულებმა წამოსწიეს ქართული ეროვნული მუხტი და რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. თერგდალეულთა გამოჩენა ერთგვარი შოკი იყო მეფის რუსეთისთვის. მარტო ილიას სიტყვები რად ღირს - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო.

- ე.წ. თერგდალეულები იყვნენ დიდი საგანმანათლებლო მოღვაწეები. ეს თაობები მუშაობდნენ ეროვნული კულტურისა და ეროვნული მეცნიერების თუ ენის განვითარებისთვის. ეს იყო პროგრამა მაქსიმუმი. იმ დროს არანაირ ეროვნულ-დამოუკიდებლობაზე საუბარი არ ყოფილა. ყველაზე ავანტიურისტებს მოსდიოდათ თავში რუსეთის იმპერიის ფარგლებიდან გასვლის იდეა, როდესაც ირგვლივ იყო ოსმალეთის იმპერია, სპარსეთი და სხვა მტრული სახელმწიფოები. 1917 წლამდე ვერც ერთი ნაციონალისტური მიმართულების პარტიის პროგრამაში, შიდა დონეზეც კი ვერ ნახავთ ეროვნული დამოუკიდებლობის შესახებ საუბარს. ეს იყო მხოლოდ 1917 წლის რუსეთის იმპერიის დაშლის ანარეკლი.

მაგრამ რუსიფიკაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითია დიმიტრი ყიფიანი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რომელიც სწორედ ცარიზმის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა და გადასახლებაში მოწამეობრივად აღესრულა.

- იმ დროს ეროვნულობა გამოიხატებოდა ეროვნული კულტურის განვითარების მიმართულებით. ესეც კი რუსეთის იმპერიისთვის სახიფათო იყო. ეს ადამიანები რუსიფიკაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ იმიტომ, რომ ეს იყო ზუსტად ნაციონალური კულტურის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რასაც ატარებდა რუსეთის იმპერია 1870-წლებიდან მოყოლებული. ამის წინააღმდეგ, თავისთავად, როგორც სოციალისტური მიმართულების, ისე ნაციონალისტური მიმართულების ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდებოდა და იბრძოდა.

დავუბრუნდეთ ისევ მენშევიკური მთავრობის თემას. დევნილობაში მყოფი ნოე ჟორდანია სტამბოლში ინახულეს საფრანგეთისა და იტალიის ელჩებმა და სამშობლოში მიიპატიჟეს, რაც ჟორდანიამ კარგ ნიშნად ჩათვალა, რომ საფრანგეთი და იტალია ოფიციალურ ნაბიჯს გადადგამდნენ საქართველოს დასახმარებლად. თუმცა პარიზში ჩასულ ჟორდანიას გული გაუსკდა, როდესაც სადგურზე საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი არ დახვედრია, რაც ჟორდანიას ცუდად ენიშნა. ეს იმდროინდელი მსოფლიოს პოზიცია იყო, რომ საქართველო არ აინტერესებდათ?

- ეს იყო პირველი მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც აღარ იყო კლასიკური იმპერიული მსოფლიო. მაშინაც ყველაფერს მართავდა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული. ეს იყო ძალისა და ინტერესების პოლიტიკა, რასაც დღემდე ეფუძნება საერთაშორისო ურთიერთობები. ასეთ სიტუაციაში არ რჩება ადგილი ახლადგაჩენილი, პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვის, რომელთაც არავინ მიიჩნევს თანასწორ პარტნიორად. ამან განაპირობა საქართველოს მარტო დარჩენა ბოლშევიკური რუსეთის აგრესიის წინაშე. თავისთავად, ამ აგრესიისა და ოკუპაციის დამთავრების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით დიდი სენტიმენტები თითქმის არც ერთ დიდ სახელმწიფოს არ ჰქონია საქართველოს მიმართ. ასეთივე დამოკიდებულება იყო ბევრი სხვა პატარა სახელმწიფოს მიმართაც, რომელიც ამა თუ იმ სხვა ძლიერმა სახელმწიფომ ჩაყლაპა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ იყო, რომ გერმანიის მოკავშირე საქართველო დიდ ბრიტანეთს არ მოსწონდა?

- 1918-20 წლებში ეს ფაქტორი ნამდვილად განაპირობებდა გარკვეულ საგარეო ხედვას პოლიტიკაში, თუმცა უკვე 1920-21 წლებისთვის ამას აღარ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ უკვე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი იყო ჩართული. აქ მთავარია პირველი მსოფლიო ომის მემკვიდრეობა, როცა ბრიტანეთის იმპერიამ მომგებიანად აღარ ჩათვალა სამხრეთ კავკასიაში ჩაედო პოლიტიკური და სამხედრო დივიდენდები საკუთარი გავლენის სფეროს შენარჩუნებისთვის. ამის ფონზე ბრიტანეთს აღარ ჰქონდა არანაირი მხარდაჭერის სურვილი საქართველოს თუნდაც ემიგრანტული მთავრობის მიმართ.

და ბოლოს, ხომ არ ჯობდა გენერალ ოდიშელიძის გადაწყვეტილება გაეზიარებინათ ბოლომდე ბრძოლის შესახებ? მოგეხსენებათ, ილია ოდიშელიძე ეწინააღმდეგებოდა მთავარსარდალ გიორგი კვინიტაძეს, არ დაეტოვებინათ თბილისი, რადგან ქართული ჯარი მორალურად დაეცემოდა და ვეღარ შეკრებდნენ. თუმცა კვინიტაძემ მას არ დაუჯერა და თბილისის დატოვების გადაწყვეტილება 24 თებერვალს მიიღო.

- ემიგრაციაში წასვლა უკავშირდებოდა თბილისის დატოვებას. მთავარსარდლის გადაწყვეტილების შედეგად დატოვა მაშინდელმა მთავრობამ თბილისი 25 თებერვალს. ემიგრაციაში წასვლა იყო ერთადერთი სწორი და რეალური გადაწყვეტილება, რაც მიიღო საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, ანუ კანონიერმა საკანონმდებლო ორგანომ. მანვე დაავალა რესპუბლიკის მთავრობას და საკუთარ პრეზიდიუმს, წასულიყო ემიგრაციაში, სხვა სახელმწიფოსთვის შეეფარებინა თავი, რათა დამოუკიდებელი საქართველოს იურიდიული სტატუსი შენარჩუნებულიყო და ოკუპაციის წინააღმდეგ იქიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა საგარეო პოლიტიკურ არენაზე. პოლიტიკური ლიდერების აბსოლუტური უმრავლესობა, მთავრობის წევრებისა და დეპუტატების ჩათვლით, ასევე, ყველა ხელშესახები პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი დარჩა საქართველოში. ისინი წლების განმავლობაში წინააღმდეგობის მოძრაობის მამოძრავებლად ითვლებოდნენ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ.

ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ შეინახა საქართველოს იურიდიული სრულფასოვანი სტატუსი. მათ არ მოუწერიათ ხელი კაპიტულაციაზე, არანაირად არ მოუხსნიათ საკუთარი უფლებამოსილებები, რასაც დარჩენის შემთხვევაში, ან მათი ფიზიკური განადგურებით, ან იძულების გზით აუცილებლად გააკეთებდა საბჭოთა რეჟიმი, რისი ბევრი მაგალითიცაა ისტორიიდან.