ხორავას ქუჩაზე ერთ-ერთი მომხდარი მკვლელობის ირგვლივ სკანდალი მწვავდება - მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტების მიერ, საქმეში არსებული დანა დაზიანებულია, რომლის გამოც განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია.
სასამართლო სხდომაზე ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობდა რომელსაც საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა.
„სამხარაულის ექსპერტების მიერ დაზიანებული იქნა საქმეში არსებული დანა, რომელზეც განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია. სამხარაულის ექსპერტების მიერ არ იქნა დასაბუთებული რა საგნით იქნა მიყენებული ჭრილობები ჩემი შვილის ტანსაცმელზე და სხეულზე რომლის ფორმებია: სამკუთხედისმაგვარი, ორი გადაბმული რკალისმაგვარი, რომლებიც უტყუარი მტკიცებულებაა იმის, რომ მხოლოდ დანებით არ იყო ჭრილობები მიყენებული.
ბავშვი დამიჩეხეს არა მარტო დანებით და ცდილობენ თვალებში ნაცარი შემაყარონ. პროკურატურამ მაქსიმალურად გაანადგურა მტკიცებულებები“, - წერს ზაზა სარალიძე.
დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მასზე ღიად განხორციელდა პროკურორების მხრიდან მუქარა - ისინი მის მიერ მომზადებული დასკვნის გამო საქმის აღძვრით დაემუქრნენ.
მაია ნიკოლეიშვილი: ასეთი სკანდალი ექსპერტის დაკითხვის დროს არასოდეს მინახავს - ვიკითხებოდი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ. გუშინ წარვუდგინე დასკვნა ადვოკატებს, შემდეგ, დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, დაკითხვა გააგრძელა პროკურატურამ.
დაკითხვა მიმდინარეობდა 6 საათის განმავლობაში და რაღაც მომენტში შესვენება ვთხოვე მოსამართლეს. მოსამართლე გავიდა თუ არა, მეც დავტოვე დარბაზი, თუმცა მალევე შევბრუნდი რადგან წარმოუდგენელი ხმაური ატყდა - როგორც გაირკვა ჩხუბი აუტეხეს ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელიც ჯერ არ დაკითხულა - მის მიმართ იყო ძალიან დიდი აგრესია ერთ-ერთი ჭირისუფლის მხრიდან.
როდესაც ვიკითხე რა ხდებოდა, პროკურორებმა მიპასუხეს, შენი სულელური დასკვნის გამო ატყდა ეს ამბავიო. ზვიად ფხაკაძემ გამცა ეს პასუხი და დაუდასტურა მეორე პროკურორმა, ინა გუგუშვილმა.
ამ დროს შემოვიდა ინგა შარაშენიძე - ადვოკატი, ვინც დამიკვეთა დასკვნა და იკითხა თუ რატომ არ იყო უზრუნველყოფილი მოწმეების დაცვა. პროკურორმა აგდებით მიუგო, ჯიბეში ხომ არ ჩავისვამდი მოწმეებს, მე რა უნდა მექნაო და ლამის საცემად გაიწია ადვოკატისკენ. არ ვიცი, რა მოხდებოდა, მეორე პროკურორს რომ არ დაეკავებინა.
ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვა გაგრძელება და ფხაკაძემაც და გუგუშვილმაც განაცხადეს, რომ ამ დასკვნის გამო საქმეს აღძრავენ. ანუ, ჩემზე, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტზე, რომელიც მოწმის სახით ვიკითხები, მიდის ზეწოლა და საქმის აღძვრით მემუქრებიან და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როცა მოსამართლე დარბაზში არ იმყოფება.
როდესაც სასამართლოს სხდომა განახლდა, პროკურორი ეკითხება შარაშენიძეს თუ რამდენჯერ შეხვდა მაია ნიკოლეიშვილს - კითხვა იმდენჯერ და იმგვარად შეუბრუნა, რომ ეჭვი გამიჩნდა, თვალთვალი ხომ არ ხორციელდება. თუკი იმას აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენჯერ შეხვდა ადვოკატი ექსპერტს, როგორც ჩანს, ფოტომასალაც გააჩნიათ - სხვას ვერაფერს ვიფიქრებ.
საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მინდა ყურადრება გავამახვილო, თუ რა ატმოსფეროში მიმდინარეობს დაკითხვა - თუკი იმ პასუხს ვერ მიიღებენ რაც თვითონ აწყობთ, დაკითხვაზე მყოფს აჩუმებენ - ასეთი არაკორექტული დაკითხვა არასოდეს მინახავს.
ზოგადად, პროკურატურაზე არ ვსაუბრობ, ამ ორ კონკრეტულ პროკურორს ვგულისხმობ, სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ მსგავსი რამ თუ მოხდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ სწორედ ამის მოწმე გავხდი. დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც კატეგორიულად არის საუბარი, მთელი ომი მიდის, რომ როგორმე სათავისო პასუხი მიიღონ“.
როგორც საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, გამოჩნდა, რომ გამოძიება არასწორად წარიმართა.
„ექსპერტის ჩვენებით სრულად დადასტურდა, რომ ბავშვების მკვლელობის საქმე არ იქნა სწორად გამოძიებული. რეალური მკვლელები გარეთ არიან. გაბრაზებული პროკურორი კი ექსპერტს სიმართლის თქმის გამო უყვირის და ემუქრება. როგორ მოგწონთ“?- აცხადებს კაკაბაძე.