საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგნი დადებითად აფასებენ „სოციალ-დემოკრატების“ ნამოქმედარს, ზოგნი კი უწუნებენ არაეროვნულობას და იმას, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შემქმნელნი კონსტანტინეპოლის გავლით პარიზში ემიგრაციაში გაიქცნენ, ხოლო ხალხი ბოლშევიკებს შეატოვეს. როგორია ამასთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების პოზიცია?! ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე ესაუბრა.
მამუკა გიორგაძე: არც მე ვარ მაინცდამაინც აღფრთოვანებული „სოციალ-დემოკრატების“ ხელისუფლებით. მათ ბევრი შეცდომა დაუშვეს. პირდაპირ ვიტყვი, დანაშაული ჩაიდინეს საქართველოს ეკლესიასთან, საქართველოს ეროვნულ იდეასთან მიმართებით. მარტო ილია ჭავჭავაძესთან მათი კამათი კმარა ამ პოზიციაში განსამტკიცებლად.
ეკლესიასთან მიმართებით გულისხმობთ იმას, რომ მარქსის მატერიალისტურ მოძღვრებაზე აღზრდილმა ჟორდანიას მთავრობამ საქართველოს ეკლესიას სასწავლო შენობები, მიწები ჩამოართვა და სკოლებიდან საღვთო სჯულის სწავლება ამოიღო?
- ჟორდანიას ხელისუფლება იყო ათეისტური ხელისუფლება, რომელმაც, ფაქტობრივად, საქართველოს ეკლესია თითქმის კანონგარეშედ გამოაცხადა. მართალია, ბოლშევიკებივით ეკლესიის დევნა არ დაუწყიათ, მაგრამ მაქსიმალურად შეუზღუდეს ეკონომიკური ბერკეტები. მათ, როგორც ათეისტური პარტიის წარმომადგენლებმა შეზღუდეს ჩვენი ეკლესიის საქმიანობა და ყველანაირად საქართველოს ეკლესიის დისკრიმინაციას ეწეოდნენ. პირველი პატრიარქები, როგორებიც იყვნენ კირიონ მეორე, ლეონიდე, მუდმივ ბრძოლაში იყვნენ ჟორდანიას ხელისუფლებასთან. ლეონიდეს პერიოდს დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის წლები. უწმინდესი ლეონიდე მუდმივ დაძაბულობაში იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან. მიუხედავად ამისა, პირველი რესპუბლიკა ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ჩვენი დამოუკიდებლობის საფუძველთა საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პარტიის პოლიტიკური წინაპრები, ღირსეული მამულიშვილები - „ეროვნულ-დემოკრატები“ ოპოზიციაში ედგნენ და უარყოფითად აფასებდნენ ჟორდანიას მთავრობის ქმედებებს, მათთვისაც კი პირველი რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო იყო და, ბუნებრივია, 26 მაისი ჩვენი დამოუკიდებლობის სიმბოლოცაა.
ჩვენთან რატომღაც ყოველთვის ასე ხდებოდა, ფორმალურად, პარტიულ-სამეურნეო აქტივს კომუნისტები ერთ-ორ ღონისძიებას ჩაატარებინებდნენ და დაიშლებოდნენ. 26 მაისის აღნიშვნაც ასე უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს. როდესაც დამოუკიდებლობის დღეს -26 მაისს აღნიშნავ, უნდა ახსნა კიდეც, რა არის დამოუკიდებლობის არსი, რას მოგვცემს დამოუკიდებლობა, რისი საფუძველია იგი. დამოუკიდებლობა სწორედაც თავისუფლების საფუძველია, თავისუფლება კი ეკონომიკური განვითარების საფუძველია, ხოლო ეკონომიკური განვითარება მოქალაქეთა კეთილდღეობისა და უსაფრთხოების საფუძველია. ამას ჩვენ არ ვასწავლით საქართველოს ბავშვებს, ჩვენს საზოგადოებას, რის შემდეგაც გაუცხოება იწყება და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აზრთა სხვადასხვაობაა პირველი რესპუბლიკის შეფასებებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ამ საკითხებზე დისკუსია არ მოგვისმენია, ჩვენ ხომ კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ. ეს არის პრობლემა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ასლს იღებს მაშინდელი „სოციალ-დემოკრატების“ და შემდგომდროინდელი ბოლშევიკების აზრისა და ქმედებისგან და ეროვნული სახელმწიფო, ეროვნული იდენტობა მათთვის არ არის ღირებულება.
დღევანდელი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის არ უბრძოლია. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ სძულთ ეს დამოუკიდებლობა, რაც ჩანს კიდეც მათი ქმედებიდან. ისინი ცდილობენ, ხალხს დაავიწყონ დამოუკიდებლობა, დაავიწყონ აფხაზეთი, ცხინვალი.
გრიგოლ რობაქიძე ჰიტლერის, მუსოლინის პერსონების სიძლიერით იყო აღფრთოვანებული და ესეისტურ წიგნებს უძღვნიდა მათ. ეს იმის გამოც ხომ არ ხდებოდა, რომ სწორედ ჰიტლერში ხედავდა რუსი ბოლშევიკებისგან დამონებული საქართველოს ჰიპოთეტურ გამათავისუფლებელს?
- გრიგოლ რობაქიძეს აქვს ესეი ლენინზეც, ჰიტლერზეც და, მხატვრული თვალსაზრისით, ეს არის უბრწყინვალესი ნიმუშები. სულ სხვა არის მისი იდეოლოგიური და პოლიტიკური შემადგენელი. რობაქიძე მაინც მწერალია, ხელოვანია, შემოქმედია, მას თავისი სუბიექტური განცდების ქაღალდზე გადმოტანა შეეძლო, ეს მისი ხედვებია და ჩვენ უნდა მივიღოთ ის მთლიანობაში როგორც თავის რომანებთან, ისე სხვა ნაწარმოებებთან ერთად. ყველაფერში მას მაინც ქართული რასის პრიმატი აქვს გადმოცემული და სწორედ ამ კუთხით განიხილავდა სხვა პროცესებსაც. ამდენად, მისი პოლიტიკური შემადგენელი საინტერესო არ არის.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს, აქ მთავარი სწორედ პოლიტიკური შემადგენელია და არა მაშინდელი პოლიტიკოსების სუბიექტური განცდები თუ შეხედულებები. სამწუხაროდ, „სოციალ-დემოკრატებს“ რუსული იმპერიის დაშლის შედეგად შემთხვევით ჩაუვარდათ ხელში საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი არც ფსიქოლოგიურად იყვნენ ამისთვის მზად და არც შესაბამისი აზროვნებით იყვნენ მოწოდებულნი, ეხელმძღვანელათ ქვეყნისთვის. ისინი ყველაფერს მარქსისტულ პრიზმაში განიხილავდნენ. ამას არც მალავდნენ და ღიად აცხადებდნენ, რომ ისინი სწორედ მარქსისტულ-სოციალისტური სახელმწიფოს შექმნისთვის იყვნენ მოსულები და არა ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის.
მათ მიერ დიდი მონდომებით ხდებოდა ილია ჭავჭავაძის დემონიზება. ნოე ჟორდანია კი ილიას შესახებ წერდა, ქართული პრესა ერთიანად გათახსირებულია, როგორც გონებრივად, ისე ზნეობრივად, ხოლო ქართული პრესის ეს გათახსირება სწორედ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგია.
- ცხადია, ისინი ებრძოდნენ ყოველგვარ ეროვნულ გამოვლინებას. მარტო ილია ჭავჭავაძის სტატია „ნოე ჟორდანიას წაჯექ-უკუჯექობანი“ კმარა სრული სურათის შესაქმნელად, რაც ქართველმა კაცმა უნდა იფიქროს ამ ადამიანებზე. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, არც ერთი მათგანი არ იყო მოწოდებული, თავიანთი პირადი კეთილდღეობა უზრუნველეყოთ, არც ერთი მათგანი არ მუშაობდა იმაზე, რომ კორუფციაში ჩაფლულიყო და ნეპოტიზმი განევითარებინა ქვეყანაში. არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა იმაზე, როგორ ესარგებლა ხელისუფლებაში ყოფნით და მოეწყო პირადი ცხოვრება. უბრალოდ, მათ ვერ მოახერხეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვა და ამას ვერც მოახერხებდნენ, რადგან მათ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული სახელმწიფოს შექმნისთვის არ უბრძოლიათ. ისინი იბრძოდნენ ზოგადად სოციალისტური რევოლუციისთვის, დემოკრატიისთვის.
თუნდაც ის ფაქტი, რომ მაშინდელი სახელმწიფოს მეთაურმა კენჭისყრის დროს თავი შეიკავა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან, ნათლად მეტყველებს მათ მენტალობასა და აზროვნებაზე ისევე, როგორც მეორე ლიდერმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დაღუპავს რუსულ დემოკრატიასო. ამ ფსიქოლოგიის, ამ ხედვის ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება ვერ მოახერხეს. მართალია, ამ ჯგუფში იყო ზოგიერთი ადამიანი, რომელთაც სურდათ, ეს გაეკეთებინათ, რაღაც გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს ამ მხრივ, მაგრამ, ფაქტობრივად, მათ ქართული ჯარის უფრო ეშინოდათ, ვიდრე ბოლშევიკური აგრესიის, რადგან ბოლშევიკური აგრესიიდან მომდინარე ადამიანები მათივე პარტიული განაყოფი იყო. მათთან უფრო მეტი რამ აერთიანებდათ, ვიდრე „ეროვნულ-დემოკრატებთან“, რომლებთანაც კლასობრივი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული. ამიტომ ეროვნული ცნობიერების ადამიანები მათთვის კლასობრივი მტრები იყვნენ, ხოლო ბოლშევიკები მათთვის იყვნენ შეცდენილი ამხანაგები, რომლებთანაც რაღაც ფორმებში ვერ მორიგდნენ. ბუნებრივია, ყოველივე ეს აისახა მთელ მათ მოქმედებებზე.
გავიხსენოთ თუნდაც ცალკე აღებული რუსეთთან დადებული ხელშეკრულებები, ცალკე აღებული სხვა ნაბიჯები და საბოლოოდ მივედით კატასტროფამდე. როდესაც ბოლშევიკური არმია რამოდენიმე მხრიდან უტევდა ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით „სოციალ-დემოკრატიული“ მთავრობისგან დიპლომატიური ხელშეუხებლობის სტატუსით აღჭურვილი ბოლშევიკები ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ. სწორედ ჟორდანიას მთავრობამ მისცა მათ ამის უფლება, კიროვის რუსეთის თანამშრომლებს (რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების ელჩი იყო კიროვი) ხელშეუხებლობა ჰქონდათ და, შესაბამისად, აქტიურად ეწეოდნენ ძირგამომთხრელ საქმიანობას, პრესასაც უშვებდნენ და ა.შ.
ალბათ, საოცარია, რომ ეროვნულ გამათავისუფლებელი იდეით დამუხტულ საქართველოში სწორედ „სოციალ-დემოკრატები“ დაწინაურდნენ და ეროვნულ ძალებს ამის შესაძლებლობა არ მიეცათ?
- „სოციალ-დემოკრატები“ იბრძოდნენ რუსეთის იმპერიის რეფორმირებისთვის, მაგრამ რუსეთის იმპერია რომ დაიშალა, ამ დაშლაში მონაწილეობა „სოციალ-დემოკრატებს“ არ მიუღიათ. თუმცა ყველაზე ძლიერი სუბიექტი, ისიც მეფის რუსეთის ხელშეწყობით, აღმოჩნდნენ ისევ „სოციალ-დემოკრატები“. შეიქმნა კავკასიის სამმართველო, ოზაკომი (ასობი ზაკავკაზსკი კომიტეტ) ერქვა რუსული აბრევიატურით და ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთის დუმის კავკასიის წარმომადგენლობა, ანუ რუსეთის დუმის დეპუტატები. აქედან კიდევ პარტიები მიემატა და მიიღეს ის უმრავლესობა, რომელიც მათ ქვეყნის განვითარებისთვის კი არ გამოიყენეს, არამედ სოციალისტური კეკლუცობა და კაუცკისა თუ სხვა სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებთან არარეალური ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
როდესაც უკვე ტრაგედია მოხდა და უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდით, ჟორდანიამ დაინახა, რომ ომის დროს ან ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანები აიღებდნენ ინიციატივას, ძალაუფლებას ხელში, ან ბოლშევიკები უნდა შემოსულიყვნენ. პირველი ვარიანტი მათ არ აწყობდათ, მეორე ვარიანტი კი-ბოლშევიკების შემოსვლა მათთვის იქნებოდა ტრაგედია იმ კუთხით, რომ თავის სოციალ-დემოკრატ წევრებსაც არ ენდობოდნენ, რათა ისინი ბოლშევიკების მხარეს არ გადასულიყვნენ.
პირველი ვარიანტი, ანუ ეროვნული ცნობიერების მქონე გენერალიტეტის ხელისუფლებაში მოსვლა ბევრად უკეთესი იქნებოდა.
- მაშინ უბრწყინვალესი გენერალიტეტი გვყავდა, მარტო მაზნიაშვილის და კვინიკაძის დასახელება რად ღირს. თუმცა ჟორდანიას მთავრობამ ბოლოს რაც გააკეთა, ეს მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან რუსეთთან კაპიტულაციაზე მათ ხელი არ მოუწერიათ, ისე მიიღეს 21 თებერვალს კონსტიტუცია. მათ შეეძლოთ კონსტიტუციის მიღების გარეშე გაქცეულიყნენ, მაგრამ მომდევნო თაობებს დაგვიტოვეს ბრძოლის შანსი და მოტივი, რაც ჩვენმა თაობამ ძალიან კარგად გამოიყენა. ამიტომ ჟორდანიას მთავრობის შესახებ უარყოფითიც უნდა ვთქვათ და დადებითიც, უნდა შევაფასოთ მათი საქმიანობა და გამოვიტანოთ სწორი დასკვნა, როგორ არ შეიძლება ქვეყნის მართვა, როგორ არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მუშაობა. არც ის შეიძლება, პარტიული იდეოლოგია მოახვიო თავს ქვეყანას. თუმცა ის, რომ ეს ადამიანები პატიოსნები იყვნენ და ბევრ მათგანს სამშობლო უყვარდა, ესეც ფაქტია და ამას პატივი უნდა ვცეთ.
ემიგრაციაში მყოფი ხელისუფლების შეცდომებზე ბევრს საუბრობენ. დავის საგანია, შეეძლოთ თუ არა მათ დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე ბრძოლა, როგორც ამას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მოითხოვდა და საქართველოში შემოჭრილი მე-11 არმიის წინაღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას არ ეთანხმებოდა? თუმცა იმდროინდელმა ხელისუფლებამ მაზნიაშვილს უკან დახევა უბრძანა. ასევე, სადავოა,დაქსაქსული ემიგრაციის პირობებში შეეძლოთ მათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარედან ბრძოლა?
- ემიგრაციიდან ბევრი რამის გაკეთება შესაძლებელი იყო და გაკეთდა კიდეც, მაგრამ, როდესაც ინიციატივა უკვე ხელიდან იყო გაშვებული, შეიცვალა საერთაშორისო ვითარება, საბჭოთა კავშირმა გაჭრა საერთაშორისო იზოლაციის ხაზი, ბუნებრივია, მერე ემიგრაციიდან რაიმეს გაკეთება შეუძლებელი იყო. მთელი უბედურება სხვა რამეშია, რომ შემდგომშიც ემიგრაციაში არ იყო ერთიანი ხაზი.
გულისხმობთ იმას, რომ ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ?
- მთავრობა იქაც თავისი იდეოლოგიური პრინციპებით ცხოვრობდა და ვერ მოახერხა ემიგრაციის კონსოლიდირება, ვერ მოახერხა მჭიდრო კავშირის დამყარება ქართველ დისიდენტებთან. უკრაინელები, ლიტველები, ესტონელები, ლატვიელები, სომხები ემიგრაციაშიც კი აქტიურები იყვნენ, თავიანთ ხალხთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ცდილობდნენ დაკავშირებას, დახმარებას... სამწუხაროდ, ქართულ ემიგრაციაში ასეთები მხოლოდ ერთეულები იყვნენ. წესით, „სოციალ-დემოკრატიულ“ მთავრობას უნდა მოეხდინა კონსოლიდირება, გადაეფასებინა თავიანთი შეცდომები. ვინც იყო მაორგანიზებელი, ანუ მეტ-ნაკლებად ეროვნულად განწყობილი - ნოე რამიშვილი სტალინმა მოაკვლევინა. დანარჩენები, გათითოკაცებულები დარჩნენ და მხოლოდ ძველი ამბების გახსენებით იყვნენ დაკავებულნი. ერთმანეთს ეკამათებოდნენ ძველ საკითხებზე, ნაცვლად იმისა, რომ მარცხისგან დასკვნა გამოეტანათ.
მარტივ რამეს ვამბობ, რაც ჩვენ ეროვნულ მოძრაობას, დისიდენტებს ყველაზე მეტად გვაკლდა. კი ბატონო, იქიდან ფულით, ჯარითა და საერთაშორისო ვითარებით ვერ გვეხმარები, მაგრამ სახელმწიფო მოწყობის შესახებ გეგმებით ხომ შეგიძლია დახმარება? ხომ შეგიძლია, პროექტები მოამზადო მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებისთვის? ხომ შეგიძლია, ის ადამიანები მოამზადო, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩამოვიდოდნენ და აქ დაიკავებდნენ პოზიციებს თუნდაც იმავე „პერესტროიკის“ დროს და ჭკუას დაგვარიგებდნენ, ან გეგმებს ჩამოიტანდნენ, ან აქტიურად ჩაერთვებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებში? საქართველოს ემიგრაციამ ვერ მოახერხა თუნდაც ამ სამუშაოს წარმართვა და ამას მხოლოდ ინდივიდები აკეთებდნენ.
ამ გადასახედიდან ხომ არ ჯობდა, ჟორდანიას მთავრობის ნაცვლად, ისევ ეროვნულებს, გენერლებს აეღოთ ძალაუფლება?
- ჩვენზე ადრე ამაზე „ფიქრობდა“ რუსეთის ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს გარეგნულად „სოციალ- დემოკრატები“ და მეფის რუსეთის ხელისუფლება ერთმანეთთან სამკვიდრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი, საბოლოო ჯამში, მხოლოდ და მხოლოდ ილია ჭავჭავაძე აღმოჩნდა მოკლული. ორივე მათგანისთვის ილია ჭავჭავაძე, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა, ეროვნული ხაზი იყო ყველაზე მეტად საშიში. ორივენი ებრძოდნენ ილია ჭავჭავაძეს, ეროვნული სულისკვეთების ადამიანებს. ვინ მოკლეს? დიმიტრი ყიფიანი მოკლეს. ვინ გადაასახლეს, ვის ებრძოდნენ? კირიონს, ამბროსის, რომლებიც ეროვნული ცნობიერებით იყვნენ გამსჭვალულნი. „სოციალ-დემოკრატებს“ გარეგნულად კი ებრძოდნენ, მაგრამ „სოციალ-დემოკრატები“ მაინც ერთიანი რუსეთის იდეის მქადაგებელნი იყვნენ და რუსეთის იმპერიისთვის ისინი არ მიიჩნეოდნენ დამანგრეველ მტრებად. ეს უფრო შიდა ბრძოლად განიხილებოდა.
ამას თქვენ ქართველთა ფსიქოლოგიით ხსნით, რომ მათზე უკეთესს წინ არ გაუშვებენ?
- ზუსტად ეს იყო რუსული იმპერიალიზმის გამოვლინება-ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რაც დღესაც გრძელდება. ყველაზე მეტად ებრძოდნენ მერაბ კოსტავას, გია ჭანტურიას. პრობლემები შეექმნა ზვიად გამსახურდიას. ციხეებში აღმოჩნდნენ მარიამ ბაღდავაძე, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი. საუბარია ეროვნული ცნობიერების ადამიანებზე, რომელთაც ძალუძდათ, ქვეყანა სწორი გზით წაეყვანათ. თორემ, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ეს არის ორი განაყოფის ბრძოლა ერთმანეთთან, ორივე ერთად კი ებრძვის ეროვნული ცნობიერების ადამიანებს, ებრძვის ეკლესიას. ბოლო 25 წლის განმავლობაში 26 მაისს აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლება, „ოცნება“ იქნება თუ „ნაცმოძრაობა“ და არც ერთ მათგანს არ ახსენდება ის ადამიანები, რომლებიც 26 მაისისთვის იბრძოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს, დღეს ეს ხალხი რა პოზიციაზეა. მარიამ ბაღდავაძე დღეს მწოლიარე ავადმყოფია, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც გაგახსენდეს, იების კონა მიუტანო და მადლობა უთხრა?! ხომ შეგიძლია, ოფიციალურ ღონისძიებებში ჩართო ეს ადამიანები, აზრი ჰკითხო? ხომ არ ვამბობთ, რომ ამ ადამიანებს დაუთმონ სამინისტროები, მისცენ თანხა. უბრალოდ, აზრი ჰკითხონ. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ უნდა 26 მაისი, უბრალოდ, მსოფლიოშია მიღებული, რომ დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნოს და ამისგან ჩამორჩენა არ სურთ. დამოუკიდებელი საქართველო მათ უნდათ საკუთარი კეთილდღეობისთვის. ზოგიერთ მათგანს სწყინს კიდეც, რომ დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, რადგან საბჭოთა კავშირის დროს ფულის მოპარვის უფრო მეტი საშუალება იყო.