„ნაციონალებს“ უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ მათ შეუცვალეს სახელი „რესპუბლიკის მოედანს“

„ნაციონალებს“ უნდა ახსოვდეთ, რომ სწორედ მათ შეუცვალეს სახელი „რესპუბლიკის მოედანს“

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ას წლისთავს ჩვენი დედაქალაქი „ვარდების რევოლუციის მოედნის“ დასახელების გარეშე შეხვდება. ყველა არანაციონალისთვის მძიმედ აღსაქმელ ამ სახელს მალე გადაარქმევენ მოედანს. თუმცა სახელის შეცვლა დაპირისპირებისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ „ვარდების მოედნისთვის“ პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცა. საკითხს თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს და დაამტკიცებს, რის შემდეგაც შეიცვლება „ნაციონალების“ მიერ შერქმეული სახელი.

კომისიის სხდომას საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ, სხდომის დასასრულს კი საკრებულოს დერეფანში უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი ზარქუასა და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გოკა გაბაშვილს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა.

გაბაშვილის მოსაზრებით, დაუშვებელია ისეთი ინიციატივით გამოსვლა, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს 100 ათასობით ადამიანს და ქვეყნის ისტორიულ წარსულს, რადგან „ვარდების რევოლუციამ“ ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ და საქართველო წინ წასწია.

სხვაგვარად ფიქრობს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი. მისი თქმით, საჯარო განხილვის დროს პირველი რესპულიკის სახელის მინიჭებას საზოგადოების უმეტესობამ მხარი დაუჭირა.

„რატომ პირველი რესპუბლიკის მოედანი? გამომდინარე იქიდან, რომ 26 მაისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წელი სრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით ვახორციელებთ სახელდებას. ისტორიკოსების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელის მინიჭების ვერსიას“, - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელიც „ვარდების მოედნისთვის“ სახელის გადასარქმევ საჯარო განხილვებში მონაწილეობდა, For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციის მოედნის“ დასახელების შენარჩუნება შეუძლებელია, რადგან ეს იყო დამნაშავე ხელისუფლება და, როგორც ფაშისტური პარტიაა აკრძალული, ისევე უნდა იყოს მათი დასახელებებიც აკრძალული. უფრო მეტიც, როდესაც „ნაციონალები“ ვინმეს აბრალებენ სახელის შეცვლას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ, პირველ რიგში, სწორედ მათ შეუცვალეს სახელი „რესპუბლიკის მოედანს“ და „ვარდების რევოლუციის მოედანი“ დაარქვეს. ეს ხდებოდა მათი აბსურდული მიზნის გამო, თითქოს ყველაფერი დაიწყო „ნაციონალებისგან“.

„პლეხანოვზე მდებარე ილია ჭავჭავაძის ბაღსაც დაარქვეს ვარდების ბაღის სახელი. სხვათა შორის, ახალგაზრდობას აღარც ახსოვს, რატომ ეწოდა დღევანდელ გმირთა მოედანს ეს სახელი. რატომღაც ყველას შეგნებაში ეს დღეს არის საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მოედანი. არადა, ჩელუსკინელების საპატივსაცემოდ დაერქვა მას გმირთა მოედანი. ასევე, რესპუბლიკის მოედანიც ხალხის მეხსიერებაში იქნება, როგორც პირველი რესპუბლიკის მოედანი. მით უმეტეს, ახლა მოდის ჩვენი პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავი. ამიტომ აუცილებლად უნდა გადაერქვას ახლანდელი დასახელება და დაუბრუნდეს ძველი სახელი. თუ ვინმეს არ მოსწონს, რომ ამ მოედანს სწორედ იმ დროს დაერქვა რესპუბლიკის მოედნის სახელი, როცა საბჭოთა კავშირი იყო, მათ შევახსენებ, როგორც ჩელუსკინელების სახელი არ ახსოვს არავის, ისე არავის შეგნებაში ამ სახელის ასოცირება არ მოხდება საბჭოთა კავშირთან და ეს ყოველთვის იქნება რესპუბლიკის მოედანი“,-აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.

მისივე განმარტებით, „სოციალ-დემოკრატებმა“ ბევრი რამ გააკეთეს, თუნდაც საშინაო რეფორმები ნორმალურად გაატარეს. ის, რომ ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ვერ გააგრძელეს საქართველოს დამოუკიდებლობის პროცესი, იმითაც აიხსნება, რომ ევროპამ ჩვენზე წინ დააყენა რუსეთის ინტერესები, ჩვენ ერთა ლიგაშიც არ მიგვიღეს.

უფრო ადრე კი ჩვენთან ჩამოვიდნენ ანტანტის ქვეყნების წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ ისეთი მდგომარეობა იყო მსოფლიოში, ვერც იარაღით დაგვეხმარებოდნენ, ვერც თანხებით, ვერც ჯარით. მოკლედ, გაგვაგებინეს, რომ მათი იმედი არ უნდა გვქონოდა. თანაც, ერთა ლიგაში სწორედ იმიტომ არ მიგვიღეს, რომ რუსეთს უწევდნენ ანგარიშს, რომელმაც იმ დროისთვის დაამთავრა სამოქალაქო ომი და ტერიტორიები გადანაწილდა ისე, რომ კავკასია უნდა ყოფილიყო რუსების. პარალელურად, რუსებმა სომხეთიც აიღეს, აზერბაიჯანიც და ჩრდილოეთ კავკასიაც დაიკავეს.

„მენშევიკებს თავისი ცოდვები ჰქონდათ. ჯერ ერთი, მენშევიკებს არ უნდოდათ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მათ უნდოდათ, რუსეთი დემოკრატიული განვითარების გზით წასულიყო, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ, რადგან რუსეთში ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს და იქ დიქტატურა დამყარდა. მერე კი, როცა „სოციალ-დემოკრატები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ და ქვეყნის მმართველი პარტია გახდნენ, თანამდებობების უმეტესობა სწორედ მათი პარტიის წევრებს შორის განაწილდა. მაშინდელ პარლამენტში 130 მანდატიდან 109 სწორედ „სოციალ-დემოკრატებმა“ მოიპოვეს. ხელაღებით მათი ლანძღვა არ შეიძლება. მათ ნამდვილად სურდათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პარტიულმა ინტერესებმაც ითამაშა თავისი როლი, კვინიტაძე ჩამოაშორეს მთავარსარდლობას, გენერალი ოდიშელიძე მიიყვანეს, აგიტაცია-პროპაგანდაც არ იყო იმ დონეზე, რაც საჭირო იყო, მაგრამ საბოლოდ მაინც შემოვიდოდა რუსეთი საქართველოში ძალით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ სწორედ მენშევიკური მთავრობის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრეები ვართ. ასე რომ, პირველი რესპუბლიკის სახელი აუცილებლად უნდა დაერქვას იმ მოედანს და გადაერქვას ვარდების სახელი“.