ტაქსებისთვის 50-ლარიანი გადასახადი შემოდგომიდან დაწესდება

ტაქსებისთვის 50-ლარიანი გადასახადი შემოდგომიდან დაწესდება

ნოემბრიდან რეგისტრაციის გარეშე დედაქალაქში ვერც ერთი ტაქსი ვერ ივლის. ჯარიმა 200 ლარი იქნება, ხოლო სანებართვო ერთჯერადი გადასახადი - 50 ლარი. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ მომავალში მოსაკრებელი ყოველწლიური გახდება.

თბილისში ტაქსების რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესი აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდება. 1-ლი ნოემბრიდან რეგისტრაცის გავლის გარეშე ტაქსით მომსახურეობა უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება და მძღოლის 200-ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„კანონი მიღებულია, ჩვენ კი აქტიურად ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან. იყო ხმები, რომ ტაქსების განებართვიანება მოიაზრებს იმას, რომ გადასახადებით დაიბეგრებიან ტაქსის მძღოლები - ეს არის სრული სიცრუე. არანაირი ახალი გადასახადი არ იქნება. საკრებულოს მიერ აქტის გამოცემის შემდგომ აგვისტოდან დაიწყება რეგისტრაცია-განებართვიანება და უკვე დაახლოებით, 1-ლი ნოემბრიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც ტაქსის სერვისს ახორციელებს და არ აქვს გავლილი რეგისტრაცია, ჩაითვლება უნებართვო საქმიანობად და 200-ლარიან სანქციას დაექვემდებარება“, - აღნიშნა თბილისი ვიცე-მერმა მაია ბითაძემ.

პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა იქნება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ერთჯერადი, დაახლოებით, 50-ლარიანი მოსაკრებლის გადახდა.

„ეს არის ერთჯერადი გადასახადი. ჰიბრიდული ავტომობილებისთვის იქნება 50%-იანი შეღავათი, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასო. სხვა სანებართვო პირობა არ იქნება“, - განუცხადა „ბიემს“ ბითაძემ.

რაც შეეხება რეფორმის მეორე ეტაპზე, იგი 2019 წლის ბოლოდან დაიწყება და მის ფარგლებში განისაზღვრება ავტომობილის ფერი, ერთიან სტანდარტი და უსაფრთხოების სხვა ნორმები.

რეგულაციასთან დაკავშირებით სპეციალისტებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ვარაუდობს, რომ ტაქსის მძღოლებს მომავალში ყოველწლიური გადასახადი დაუწესდებათ, რაც მომსახურების სერვისს საგრძნობლად გააძვირებს.

„მერია ნებართვის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს ჯერ კიდევ არ ასაჯაროებს. ისიც კი არ აქვთ განსაზღვრული, ნებართვა დაერქმევა თუ ლიცენზია. ამბობენ, რომ 50 ლარი ერთჯერადი გადასახადია, მაგრამ საბოლოოდ ასე არ იქნება და მოსაკრებელი ყოველწლიური გახდება.

დღეს არსებული იაფი ტაქსი, რომლითაც შეგვიძლია 3-4 ლარად ვიმგზავროთ, მერიას ეხმარება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მწვავედ არ გამოჩნდეს, ცოტა ხნის შემდეგ აღარ იარსებებს. იმ მოთხოვნის შემდეგ, რაც შეიძლება ტაქსებს დაუწესდეთ, იგი აუცილებლად გაძვირდება და ამ შემთხვევაში მგზავრთა ნაკადი გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ისედაც არასაკმარისია. მერე უკვე მუნიციპალური ავტობუსების მგზავრობის გადასახადის ზრდის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

ვფიქრობ, პროცესი არასწორადაა დაგეგმილი, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე უნდა ეზრუნათ. მხოლოდ ამის შემდეგ იყო შესაძლებელი რეგულაციის შემოღებაზე გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ სანებართვო სისტემა მძღოლებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

პირველ ჯერზე ტაქსებზე რეგულაცია მხოლოდ თბილისში შემოვა, თუმცა იგი აუცილებლად გავრცელდება საქართველოს სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით დიდ დასახლებულ პუნქტებსა და საკურორტო ზონებში.