საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს შეხვდება
როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში.
რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარალიძეს ქალაქ თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობასთან, როდესაც ის აბარებდა განცხადებას, სავარაუდოდ პროკურატურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, დისკრედიტაციის მიზნით მობილური ტელეფონის მეშვეობით უღებდნენ ვიდეოს.
მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებაზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რათა დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას გარდაცვლილის მამის მიმართ.
„სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ამოღებული და შესწავლილი იქნება თბილისის პროკურატურის შენობის პერიმეტრის ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი. ამასთან, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზ.ს-ს შესთავაზა შეხვედრა გასაუბრების მიზნით, რათა საგამოძიებო უწყებამ მიიღოს მისგან სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია“, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ თვალთვალის ფაქტზე ისაუბრა.
„პროკურატურა პირდაპირ ცდილობს ჩემ დისკრედიტაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვუწევ, თან სამართლიან წინააღმდეგობას, რომლის აღიარებაც არ უნდათ. პროკურატურაში როდესაც განაცხადი შემქონდა მირზა სუბელიანის წინააღმდეგ, ვიღაც პირი მობილური ტელეფონით ჩუმად დაგვდევდა და ვიდეოს გვიღებდა“, - განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობის მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.
გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.
ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამას გამოძიებასთან პრეტენზია აქვს და აცხადებს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მფარველობას აქვს ადგილი. მას შემდეგ რაც მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესახებ გახდა ცნობილი, ზაზა სარალიძეს იმედი აქვს, რომ მთავარი პროკურორი ოჯახის მოსაზრებებს გაითვალისწინებს.