„ნარკოპოლიტიკაზე ლაპარაკი ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია - უფრო მტკივნეული პრობლერმების გადაფარვა ხდება“

„ნარკოპოლიტიკაზე ლაპარაკი ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია - უფრო მტკივნეული პრობლერმების გადაფარვა ხდება“

ბოლო პერიოდში ნარკოპოლიტიკის თემამ თითქმის მთელი საინფორმაციო სივრცე გადაფარა - მსჯელობენ სხვადასხვა რაკურსში და სხვადასხვა სივცეში, ხელისუფლების უმაღლეს დონეზე და ქუჩაში, ნარკოპოლიტიკა მთავარი თემაა, მაშინაც კი როდესაც ქვეყანაში სხვა, არც თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემებია. ხომ არ ხდება ყურადღების გადატანა და რამდენად წაადგება ნარკოპოლიტიკის თემით მანიპულირება საპრეზიდენტო არჩევნების წინ ერთი მხრივ, ხელისუფლებას მეორე მხრივ კი - ოპოზიციას, ამ თემაზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: ვერ ვიტყოდი, რომ ყველა თემა გადაფარა, მაგრამ პოლიტიკურად მომგებიანი საკითხია, ფარავს სხვა პრობლემებს და მედიის ყურადღებაც აქეთაა მიმართული. არ გამოვრიცხოთ, რომ ეს იყოს ვინმეს ინტერესშიც იმიტომ, რომ როგორც ვხედავთ, კლუბების და ბარების ირგვლივ სერიოზული წრეებია თავმოყრილი.

პოლიტიკურად, ხელისუფლებისთვის მომგებიანია მედიაში ამ თემაზე იყოს ლაპარაკი, ვიდრე სოციალურ თემათიკაზე და ისეთ პრობლემებზე რომელიც მისთვის უფრო მტკივნეულია.

ხელახლა დაიწყო დავა უნდა მოხდეს ლიბერალიზაცია თუ დეკრიმინალიზაცია, რამდენად ხანგრძლივად მოხდება დაპირისპირება და ქულების დაგროვება - არის ეს თემა, რითაც ამომრჩევლის მიზიდვა შეიძლება?

- ოპოზიციაც და ხელისუფლებაც საკმაოდ კარგად იყენებს ამ თემას - უსასრულოდ მიდის მსჯელობა დეკრიმინალიზაცია უკეთესია თუ ლიბერალიზაცია - ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს უფრო მცირე ყურადრება ეთმობა. ოპოზიცია არა მხოლოდ ყურადღების გადატანას ცდილობს, არამედ რადიკალურ პოზიციასაც უჭერს მხარს და ამით სავარაუდოდ, იმ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, ვინც მაგალითად, ლიბერალიზაციის მომხრეა. რამდენად შეძლებენ, სხვა თემაა, მაგრამ მცდელობა აშკარაა - არა მხოლოდ ამ კონტიგენტის, არამედ უფრო ნეიტალური ამომრჩევლის გადაბირებას ცდილობენ, რადგან ის ხალხი, ვინც რადიკალური პოზიციით გამოირჩევა, არჩევნებზე არ დადის. თუმცა, არჩევნებამდე საკმაოდ შორია და რამდენად გამოდგება ნარკოპოლიტიკის თემა პოლიტიკური ქულების და ხმების მისაღებად, გამიჭირდება.

შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ის, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, კლუბებთან დაკავშირებით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე აქტუალური თემის გამოძახილიც იყო - ვგულისხმობ სამთავრობო გუნდების დაპირისპირებას. შეიძლება ეს იყოს ის ფარული დაპირისპირება რაც ამ სახით გამოვლინდა ამ მომენტში?

- გარკვეული ფონი, რა თქმა უნდა, ამასაც ექნება, მაგრამ ვიდრე ამ უთანხმოების შესახებ საზოგადოებაში გახმაურდებოდა, მანამდეც განსხვავებული პოზიცია იყო „ქართულ ოცნებაში“ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. საზოგადოებაშიც განსხვავებული დამოკიდებულებაა და ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ რომელიღაც პოზიციის ლობირება იგრძნობა. თუმცა რაკი უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, შეიძლება ამ თემამაც შეარულოს კატალიზატორის როლი და დაპირისპირება უფრო მწვავედ გამოვლენდეს.

მაინც მგონია, რომ უმრავლესობის შეკრების შემდეგ ეს კონფლიქტი ასე თუ ისე, ამოიწურება. იქამდე, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, უმრავლესობის გარდა, შესაძლოა სპეციალისტებისგანაც მიიღოს ივანიშვილმა კონსულტაციები. ამდენად, კიდევ ერთ შეხვედრასაც არ გამოვრიცხავ, სადაც საბოლოოდ დაფიქსირდება პოზიციები.