„ახალ, ამერიკულ რადარებზე გაცილებით უკეთესად ვჩანვართ, რაც უნდა გამოვიყენოთ“

„ახალ, ამერიკულ რადარებზე გაცილებით უკეთესად ვჩანვართ, რაც უნდა გამოვიყენოთ“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ ამერიკელი კონგრესმენების გზავნილები და ღია მხარდაჭერის გამოცხადება, ეს არის ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. კაჭარავა ამბობს, რომ ამერიკას საკმაოდ სერიოზული ინტერესები გააჩნია საქართველოში და ახლა ამ ინტერესების გააქტიურებაზეა საუბარი. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად აუცილებელია სწორად გამოვიყენოთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა.

for.ge ვასილ კაჭარავას ესაუბრა.

პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, როგორც სახელმწიფო მდივნის, ასევე ვიცე-პრეზიდენტის მხიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ასევე - ნატო-ში გაწევრიანების კუთხით. ბატონო ვასილ, როგორ აფასებთ ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს, რამდენად მნიშვნელოვანი და შედეგიანია ის კონკრეტული გზავნილები და დაპირებები, რომელიც ვაშინგტონიდან მივიღეთ?

ვასილ კაჭარავა: თუ საქართველოს მანამდე არ გადავაყოლეთ ნარკომანიას და ნარკომანებს, რა თქმა უნდა, ამერიკასთან მოკავშირეობა ძალიან გამოგვადგება. ფაქტია, რომ ჩვენი მასმედია, ჩვენს პოლიტიკოსებთან ერთად ბოლო ორი კვირაა ნარკომანებს აპიარებს და მათ პრესტიჟს ზრდის. ეს არის შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამერიკელებს იყენებენ მაშინ, როდესაც ამერიკაში დიდი ხანია ნარკომანიის და ნარკომანების წინააღმდეგ შემოტრიალდნენ, არა მარტო პრეზიდენტი ტრამპი, არამედ მთელი ამერიკა. შეიძლება გაუგებარი პერსონაჟები დილა-საღამოს ტელევიზიით ნარკომანიის პიარს ეწეოდნენ? ადამიანთა უმარვლესობას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნარკომანიას, არაფერი არ ჰკითხო, ასეთი ცალმხრივობა როგორ შეიძლება?

გასაგებია და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. რაც შეეხება ვიზიტს, რამდენად მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ ამერიკელი კონგრესმენებისგან, ეს გზავნილები, მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ასეთია ტრამპის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში?

- რასაკვირველია, ტრამპის პოზიცია რომ ასეთი არ ყოფილიყო საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაპატიჟებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ან რატომ უნდა გადაეხადა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ვაშინგტონში, რომ არა ამერიკული მხარდაჭერა?! ვფიქრობ, რომ ეს არის ამერიკული მხარის ინიციატივა. ამერიკას საკმაოდ სერიოზული ინტერესები გააჩნია საქართველოში და ახლა ამ ინტერესების გააქტიურებაზეა საუბარი.

საქართველოს მიმართ ინტერესი აქტიური არ იყო ობამას ადმინისტრაციის დროს?

- არა. ეს ინტერესები არც ობამას ადმინისტრაციის დროს არ შეჩერებულა, მაგრამ ტრამპს დიდი ინტერესი აქვს პოსტსაბჭოთა სივრცისა და თავისი ერთგული მოკავშირეების მიმართ. საერთოდ დონალდ ტრამპს აქვს ვაჟკაცური თვისებები და ავკარგიანობის მომენტი. ბევრს არ უყვარს ამერიკაში და განსაკუთრებით ლიბერალურ მედიას. მაგალითად, CNN-ს რომ ვუსმენ საბჭოთა კავშირი მახსენდება, ასეთი სიძულვილი ამერიკის პრეზიდენტის მიმართ, მე მგონია, რომ დღევანდელ რუსულ არხებს არ აქვთ. ტრამპი არის დინამიური პიროვნება, ამერიკის ხელისუფლების ინტერესი გამოცოცხლდა, თავისი პოლიტიკა გაააქტიურა აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა ლაპარაკობენ იზოლაციონიზმზე, არავითარ შემთხვევაში... გვეფერებიან, გვაქებენ და რატომაც არა - ყველაფერი შედარებითია, თორემ ჩვენც ვიცით რამდენი ხარვეზი გაგვაჩნია - თუნდაც აგერ, თურმე ნარკომანიის ხელშეწყობა ყოფილა ჩვენი ხალხის მთავარი საქმე. რასაკვირველია, ჩვენს მეზობელთან პრობლემა სახეზეა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია.

ბუნებრივია, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს განწყობა და დრო, კონკრეტული პოლიტიკური გარემო, რომელიც ახლა შეიქმნა. იქნება ეს ამერიკის რუსეთთან ურთიერთობა, დაპირისპირება, ამერიკის ინტერესების გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში... მარტო ისრაელის იმედზე ვერ იქნება, უნდა სხვაც ჰყავდეს გვერდით. ღმერთმა დაგვიფაროს სამხედრო კონფლიქტებში ჩავებათ, მაგრამ ჩვენ ამერიკასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის სამხედრო სფეროში. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად ამერიკაზეა დამოკიდიებული. ეს იქნება იარაღის მოყიდვა და ა.შ. ზოგიერთებს მოსწონთ თუ არა, ეს ყველაფრი მნიშვნელოვანწილად სწორედ აშშ-ზეა დამოკიდებული.

პრემიერის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი აშშ-ში მოულოდნელი იყო, არავინ არ ვიცოდით ამ ვიზიტის შესახებ. პრემიერი უცებ ჩავიდა ამერიკაში და ეს არის კარგი, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც ასე შეხვდნენ კონგრესში. საინტერესო იყო ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა, ისევე როგორც სახელწმიფო მდივანთან, რომელიც ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირია. ის გზავნილები, რომელიც მან გააჟღერა და მათ შორის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და არა მარტო რესპუბლიკელმა, არამედ რამოდენიმე კონგრესმენმა და სენატორმა, ეს სწორედ უშალოდ დონალდ ტრამპის გზავნილია საქართველოს მიმართ.

სახელმწიფო მდივანი ასეთ ნაბიჯებს არ და ვერ გადადგამს, რომ არა პრეზიდენტი. ტილერსონი დაუპირისპირდა ტრამპს და დაითხოვა კიდევაც. მაიკ პომპეო ის ადამიანია, რომლის მოსაზრებები მნიშვნელოვანწილად ემთხვევა ტრამპის მოსაზრებებს. ასე რომ, ეს სწორედაც ამერიკის პრეზიდენტის გზავნილია და არა ადამიანების რაღაცა ჯგუფის. რა თქმა უნდა, კონგრესის მხარდაჭერა და გზავნილები მნიშვნელოვანია, სტაბილურად ჩვენს მხარეს არიან. მე არ მიმაჩნია, რომ რადარებიდან მოხსნილი ვიყავით, მაგრამ ახალ, ამერიკულ რადარებზე გაცილებით უკეთესად ვჩანვართ, რაც უნდა გამოვიყენოთ.

ამერიკული ღია და მკაფიო მხარდაჭერის ფონზე, რამდენად გასათვალისწინებელია რუსეთის პოზიცია, რომელიც როგორც წესი, ასეთ მხარდაჭერას პასუხობს პროვოკაციით?

- რასაკვირველია, რუსეთთან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ სანამ ამერიკა იმ განწყობაზეა, რომ აქტიურად უნდა დაგვიდგეს გვერდში, ეს უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გასაძლიერებლად, რომ მერე მართლა კარგი პარტნიორი ვიყოთ და არა ისეთი, რომლიც სულ უკან მოჩანჩალებს და მუდმივი დახმარება სჭირდება. ორმხრივი მოძრაობა არის აუცილებელია.

ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამშვიდობო მისებში, თუმცა ამერიკული მოძრაობის ნაწილი უფრო ფართეა. ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე თანასწორი ვერ გავხვდებით, მაგრამ იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ არსებობენ პატარა ქვეყნები იგივე ჰოლანდია, ნორვეგია, რომელთანაც პარტნიორობა ყოველთვის საამაყოა. ეს ქართველებსაც შეუძლიათ, თუ არ გადაყვებიან ნარკოტიკებს და იმუშვებენ თავისი ნიჭის და შრომის მიხედვით. გვაქვს ჩვენ ამის ჭკუა, უნარი და შესაძლებლობაც.