როგორ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე სტრასბურგის სასამართლოს სამომავლო განაჩენი და როგორ უნდა მოხდეს ამ განაჩენის აღსრულება?
ქართული მხარე თითქმის დარწმუნებულია, რომ აგვისტოს ომისა და მის შემდგომ პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის გამო სტრასბურგის სასამართლო საქართველოს სასარგებლო განაჩენს გამოიტანს, რადგან აგრესორი რუსეთის გამართლება შეუძლებელია.
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბენ ემერსონმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განუცხადა, რომ რუსეთმა, ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ, სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა და რუსულმა ავიაციამ გორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. ადვოკატის თქმით, ადგილზე აღმოჩნდა რაკეტების ფრაგმენტები სერიული ნომრებით, რაც მათ რუსულ წარმომავლობას ადასტურებდა. ამის მიუხედავად, რუსული მხარე ამტკიცებდა, თითქოს ეს ყალბი ანტირუსული პროპაგანდა იყო. ეს მაშინ, როცა სწორედ რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა ამ თავდასხმაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღსრულებით პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ მარტო და საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია ის ბერკეტი, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჯერ განაჩენი არ დამდგარა, ამიტომ ჯერ უნდა მივაღწიოთ შედეგს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთი საერთაშორისო სასამართლოების განაჩენებზე უკვე აცრილია და, ელემენტარულად, მათ იგნორირებას ახდენს. რაც შეეხება იმიჯურ დანაკარგს, პოლიტოლოგის აზრით, რაც უკვე დაკარგული აქვს რუსეთს, იმაზე მეტს აღარ დაკარგავს.
აღსრულების ნაწილთან მიმართებით სოსო ცინცაძე ერთ ფაქტსაც იხსენებს, რომ საქართველოს უკვე მოგებული აქვს სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პროცესი რუსეთის წინააღმდეგ, როცა რუსებმა ჩვენი მოქალაქეები ლამის ძროხების გადასაზიდი ტრანსპორტით, სატვირთო თვითმფრინავით გამოყარეს რუსეთიდან დეპორტაციისას. თუმცა აღსრულდა ეს განაჩენი? არ აღსრულებულა. ასევეა, მიხეილ ხადარკოვსკის კომპანიასთან დაკავშირებითაც. საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედაც ჩართულია ამ საქმეში, დაახლოებით 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დაეწერა რუსეთს, მაგრამ რუსეთს 50 რუბლიც არ გადაუხდია.
„როგორ აისახება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე სტრასბურგის სასამართლოს სამომავლო განაჩენი? რუსეთთან დღეს ჩვენი ურთიერთობა ისეთია, რომ მსგავსი სასამართლო დადგენილებები ვერც გააუმჯობესებს და ვერც გააუარესებს სიტუაციას. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას სერიოზული გარღვევა სჭირდება, რომლისთვისაც დღეს არც ერთი მხარე მზად არ არის. ის კი არა, ჩვენ ისიც არ ვიცით, რით დამთავრდება კარასინ-აბაშიძის შეხვედრა და შვეიცარიელი მონიტორები სად დადგებიან - ფსოუზე, თუ ენგურზე. არც ის ვიცით, რა ჩაიწერა რუსეთ-შვეიცარიის კომპანიის ხელშეკრულებაში. თუ ისე მოხდა, რომ ენგურზე დაგვიყენეს მონიტორები, მაშინ არც შვეიცარიის იმედი უნდა გვქონდეს და არც ევროპის“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების რეალიზაცია, ანუ აღსრულების ამოცანა ვრცელდება იმ ქვეყნებზე, სადაც ამ სასამართლოს იურისდიქცია არსებობს. შესაბამისად, მაკონტროლებელ როლს აქ ასრულებს ევროპის საბჭო, კერძოდ, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, რომლის ვალია, იმოქმედოს იმისთვის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღსრულდეს.
„წინასწარ არავინ იცის, რა განაჩენს გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. თუმცა იმედი მაქვს, სასამართლო ობიექტურად შეაფასებს მის წინაშე დასმულ საკითხებს და რუსებს დააკისრებს ადეკვატურ პასუხისმგებლობას. ეს ადეკვატური პასუხისმგებლობა, სხვა შეფასებებთან ერთად, უნდა გამოიხატოს მატერიალურ ანაზღაურებაშიც. აქ ჩნდება ხოლმე პრობლემები. რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ქვეყნები ამა თუ იმ მიზეზით თავს იკავებენ გადაწყვეტილების აღსრულებისგან. სწორედ აქ უნდა გამოჩნდეს ევროსაბჭოს კომიტეტის როლი, რომელმაც უნდა იმოქმედოს საერთოდ მიღებული წესის დამრღვევ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ევროპის საბჭოს ზემოქმედება ყოფილა ეფექტური, მაგრამ გვაქვს შემთხვევებიც, როდესაც წლების განმავლობაში გაგრძელებულა დავა, კამათი და ზოგჯერ ეს კამათი არც დასრულებულა. მით უმეტეს, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელმაც ანტიქართული ისტერია თავის დროზე წამოიწყო და შემდგომ უკვე ამას გვირგვინად დაადგა პირდაპირი სამხედრო აგრესიაც“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.
მანვე განმარტა, რომ რუსეთისგან მოსალოდნელია, რომ იგი გაჯიუტდება გადაწყვეტილების აღსრულებისას, მაგრამ აქ ისევ და ისევ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იმოქმედოს ევროპის საბჭოს ორგანიზაციის და მისი უმაღლესი აღმასრულებელი სტრუქტურის - მინისტრთა კომიტეტის სახით.
რაც შეეხება საქართველო-რუსეთის სამომავლო ურთიერთობებს სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შემდგომ პერიოდში, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან კეთილგანწყობის გაღრმავება საქართველოს მიმართ. ცხადია, თუკი რუსეთს დაადანაშაულებენ, მას სათანადო სასჯელის მოხდაც მოუწევს. ეს კი რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევს. ამის მიუხედავად, სხვანაირად შეუძლებელია, აუცილებელია, თუნდაც ნაწილობრივ აღდგეს სამართალი. მით უმეტეს, საქმე ეხება ადამიანების მიმართ პოლიტიკური მოსაზრებებით ჩადენილ უმსგავსობას, რის გამოც საქართველო პასუხს სთხოვს რუსეთს.