„ეს არ გახლავთ ცენზურა, ჩვენ ამით ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ღვთის სიტყვა და სატანური სიტყვა, ანუ ღვთიური ხელოვნება და სატანური ხელოვნება“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში პოეტი ვაჟა ოთარაშვილი და კულტურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მიესალმება.
კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ცენზურის დაწესებად მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეულნი არიან ქრისტიანული გრძნობების და ზნეობრივი ღირებულებების შეურაცხყოფაში. ქვეყანაში, სადაც პერიოდულად იბღალება ქრისტიანთა გრძნობები ზუსტად ხელოვნებას ამოფარებული ადამიანების მხრიდან, უნდა დაწესდეს თუ არა ცალკეული შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაზე შეზღუდვა?
- ერეკლე დეისაძისა და მის მსგავსთა „ნაწარმოებებს“ მე ხელოვნების ნიმუშს ვერ ვუწოდებ. სახარებაში ვკითხულობთ, „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან“, ეს არ გახლავთ უბრალო სიტყვები და უბრალო ამბის მოყოლა. ეს არის უდიდესი შემეცნებითი ნათქვამი, რომ მწერალი თავისი სიტყვით უფალთან მიდის. ქართველი მწერალი კი უპირველესად უფალს და სამშობლოს ემსახურება. მე ნამდვილ მწერლებზე ვსაუბრობ და არა ტელებიჭუნებზე, რომლებიც პოპულარულებად „რუსთავი 2“-მა თუ „იმედმა“ აქცია. ჩვენ რომ გადავშალოთ 30-იანი წლების პრესა, ვნახავთ, რომ ერის მოღალატეები და ქართველი ხალხის მტრები, რომლებიც ანტიქართულ სიტყვას ამბობდნენ, მრავლად იყვნენ ე.წ. ბოლშევიკური გაზეთის ფურცლებზე. სწორედ ის ხალხი აწერდა ხელს 37 წლის სისხლიან ქრონიკებს და თავის ერს უკარგავდა ისეთ შვილებს, როგორებიც იყვნენ ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი, დიტო შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვანი. დღესაც არიან ასეთი ადამიანები, ისინი ეშმაკზე სულმიყიდულ ვაიმწერლებად გვევლინებიან, რომლებიც ქართული სულიერების ჩაწიხვლას ცდილობენ თავიანთი უბინძურესი „ნაწარმოებებით“.
ძველად სინონიმური ტერმინები იყო პოეტი და ქურუმი, როგორც ამას ნოვალისი ამბობდა. არა მარტო ბგერების, არამედ აზროვნების ღვთიური მუსიკა შემოჰქონდა ჭეშმარიტ მწერალს. ასეთი იყო რუსთაველი, დავით გურამიშვილი, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, ტიციან ტაბიძე, მირზა გელოვანი, ლადო ასათიანი, გოგლა ლეონიძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე. განა შეიძლება, მათ გვერდით დავაყენოთ ერეკლე დეისაძეები, ბუღაძეები, ბურჭულაძეები?! განა შეიძლება, თამარ მეფის, ამ ჩვენი წმინდა დიდი მეფის მაგინებელს საბას პრემიით ვაჯილდოებდეთ?! ასეთი საბარასტები შექმნა ერის მოღალატე ძალამ, რომელსაც ხელში ეკონომიკური ბერკეტები უჭირავს. ეს გასაანალიზებელი ფაქტორია, რომ ერის მოღალატეების -შადიმანის, ფარსადანის პროტოტიპი დღესაც არსებობს საქართველოში და არსებობს არა ერთი და ორი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ თავისი საქართველო, თავისი ტკბილი ენა-ქართული გაყიდონ დოლარებსა და უცხო ქვეყნის გრანტებზე.
მწერლობის უდიდესი ტრადიციის მქონე ქვეყანაში-საქართველოში თავის დამკვიდრება ძნელია. ალბათ, ეს ახალგაზრდები სწორედ სკანდალური ნაწარმოებებით ცდილობენ თავის დამკვიდრებას.
- ვერასდროს ამით თავის დამკვიდრებას ვერ მოახდენენ. შემთხვევით არ ვახსენე 30 და 40-იანი წლების პრესა, როდესაც იწერებოდა სტრიქონები: „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას“. ასეთი ნაროუშვილებისგან შემდგარ ვაიმწერალთაგან სავსე იყო მაშინდელი პრესა, ხოლო ლადო ასათიანის, ტერენტი გრანელის, გალაკტიონის მართლაც შესანიშნავი ქმნილებები მოკრძალებულ ადგილას იბეჭდებოდა. ბოლშევიკ მწერლებს უწევდა აგიტაცია-პროპაგანდას ბოლშევიკური ხელისუფლება, პარტია და მთელი სახელმწიფო. დღესაც იგივე სიტუაციაა. ამიტომ ასეთი კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რომლის ერთ-ერთი ავტორიც, სხვათა შორის, ემზარ კვიციანია. ეს არ გახლავთ ცენზურა, ჩვენ ამით ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ღვთის სიტყვა და სატანური სიტყვა, ანუ ღვთიური ხელოვნება და სატანური ხელოვნება.
საბჭოთა პერიოდში ხელოვნების ჩარჩოებში მოქცევას „ხელოვნების მოთვინიერებასაც“ უწოდებდნენ. პარალელურად, არსებობდა ტერმინები „მწერლობის მოთვინიერება“. ნაცვლად იმისა, რომ მწერლობა „ათვინიერებდეს“ და აკეთილშობილებდეს პუბლიკას, საბჭოთა დროს პირიქით ხდებოდა. თქვენს მიერ ნახსენები მწერლები დღეს ცდილობენ, პარალელები ზუსტად საბჭოთა ცენზურასთან გაავლონ.
- ცენზურა ყოველთვის, ყველა დროში, ყველა საზოგადოებაში არსებობდა, მაგრამ დღეს, როცა აპოკალიფსურ ჟამში ვცხოვრობთ, მსგავსი ცენზურის შემოღება აუცილებელია. ეს არის შეგნებული ბრძოლა ქართული სულიერების წინააღმდეგ, როცა ასეთი ხალხი (დეისაძე, ბურჭულაძე, ბუღაძე) და ძმანი მისნი მიმსხდრები არიან თანამდებობებზე, გრანტებით და ვაიფულებით იკვებებიან. სამწუხაროა, რომ რუსლანას და შაკირას გამაფეტიშებელი მიშა გიორგაძე კულტურის მინისტრად გვიზის, რომელსაც 49 წლით ხელში აქვს ჩაგდებული ფილარმონია. ლაპარაკიც ზედმეტია კულტურის სახელმწიფო პოლიტიკაზე. დღევანდელი კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა ანტიქართულია, რადგან სწორედ ასეთ ვაიმწერლებს უწევს დახმარებას, უფინანსებს წიგნებს, აძლევს პრემიას, მათ წიგნებს აგზავნის საზღვარგარეთის წიგნის ბაზრობებზე, ეს იქნება მიუნხენში, ფრანკფურტში და ა.შ.
ჩვენმა წინაპრებმა უდიდესი სულიერი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, რომელზეც დგას ერი. ეს არის გიორგი მერჩულეს, სულხან-საბას, დავით გურამიშვილის, შოთა რუსთაველის დიდი ქმნილებები. ნაცვლად იმისა, რომ მომავალ თაობას ქართველი ერის პატრიოტებად ვზრდიდეთ, მათ ვუბინძურებთ გონს, სულიერებას ვაიმწერლებით. აქ ლაპარაკია ერის ყოფნა-არყოფნაზე, რომ 2 მილიონნახევრიანი ივერიელთა გენიალიური ერი გადაგვარების გზაზეა. არა მარტო მიდის ყიჟინა იმაზე, რომ ლესბოსელობა, პედერასტობა, ნარკომანობა კარგია, არამედ ყველაზე მთავარი, სულიერი საყრდენის გამოცლა ხდება ქართული მწერლობის სახეცვლილებითა და ფსევდოღირებულებებით.
სკანდალური ნაწარმოებებით ცნობილი ხელოვანები ცდილობენ, ფაშიზმს დაუკავშირონ ეს კანონპროექტი და ამბობენ, რომ, თუკი ცენზურა საჭიროა, მაშინ ავკრძალოთ ჰიტლერის „მაინ კამფი“, ავკრძალოთ ისეთი ფილმები, ლექსები, სპექტაკლები, რომელშიც მოსამართლე დაინახავს წონასწორობის დარღვევას.
- ჰიტლერის „მაინ კამფი“ ავტობოგრაფიული ნაწარმოებია. ჯერ ერთი, საკითხავია, „მაინ კამფი“ ჰიტლერის დაწერილია, თუ სხვისი დაწერილი. მეორეც, არ შეიძლება არც ერთი ნაწარმოების შედარება იმ სიბინძურესთან, რასაც ესენი წერენ. მათ ნაცოდვილარს როგორ უნდა ვუწოდოთ მწერლობა, როცა შვილიშვილის მიერ ბებიის გაუპატიურებაზეა ლაპარაკი, ან კიდევ საკუთარი დედის ბარძაყებზე სექსუალური გრძნობების აღძვრაზე, თამარ მეფის შეურაცხყოფასა და უბილწესი სიტყვებით მოხსენიებაზე. მათი მხრიდან ეს არის სწორედ სულიერი ფაშიზმი, მიმართული ქართული ცნობიერების წინააღმდეგ, რომელიც დედაშვილური გრძნობის შეურაცხყოფაა. ეს ნაწარმოებები გაუკუღმართებული სექსის, ნარკომანიის, ძალადობის, ათასნაირი სიბინძურის აგიტაცია-პროპაგანდას ეწევიან. სწორედ ნეობოლშევიკური გადმონაშთია ასეთი ნაწარმოებები.
სხვათა შორის, პირველი ლიბერალური ღირებულებები შემოიტანეს ბოლშევიკებმა - ლენინმა და ტროცკისტებმა, როცა თავისუფალი ცხოვრების წესი დანერგეს კომუნებში. ლიბერალური ღირებულებების ახალი ტალღა შემოაქვთ ახლა ერის გასანადგურებლად. ჩვენი ერი პატარა პოპულაციაა, რომელსაც მოკაკული ხმლებით, შუბებით, ავტომატებით ასე ღიად ვერ გაანადგურებ. ამიტომაც ასე უნდა მოსპო ერი, რომ დაუმახინჯო მომავალი თაობა, სულიერება, განათლების სისტემა. მე-16-17 საუკუნეებში, როდესაც ირანმა დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო, ხოლო თურქეთმა - დასავლეთ საქართველო, მათი ჰეგემონია უძლიერესად ვრცელდებოდა საქართველოში. იმ დროს შემოვიდა ქართულ მწერლობაში ირანული ბაიათების სტილი, არქიტექტურაში - ირანული მეჩეთწამახვილებული თაღების სტილი.
ირანი ახსენეთ და იმ პერიოდში მეფე თეიმურაზ პირველი დაუფარავად აცხადებდა, „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო“. ფიქრობთ, რომ დღესაც მიბაძვის ტენდენციის გაღვივება ჩვენი ერის დაპყრობის საუკეთესო საშუალებაა?
- რუსეთის ხელქვეითები როცა ვიყავით, რატომ ხდებოდა ტაძრების გადაღებვა თეთრად? რადგან დამპყრობელს თავისი სტილი უნდა შემოეტანა ჩვენს სულიერებაში. ახლაც სწორედ სულიერებაში შემოაქვთ უბინძურესი სტილი. ამისთვის იყენებენ დაქირავებულ ხალხს, რომლებიც ღვთის სიტყვას აღარ ემსახურებიან, აღარ ემსახურებიან ტკბილ ენა ქართულს, როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა.