განვადება გაჩერდა, მაღაზიებს ბრუნვა 1/3-ით უკვე შეუმცირდა

განვადება გაჩერდა, მაღაზიებს ბრუნვა 1/3-ით უკვე შეუმცირდა

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში გაყიდვის მაჩვენებელის 60% განავადებაზე მოდიოდა. 7 მაისიდან დაწესებულმა ახალმა საბანკო რეგულაციამ ამ მიმართულებით დიდი პრობლემა შექმნა. მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ამან ტექნიკის ბაზრზე მყისიერად უარყოფითი შედეგი გამოიღო - გაყიდვები უკვე 1/3-ით შემცირდა.

პრობლემების არსებობას ადასტურებენ როგორ მცირე და საშუალო მაღაზიები, ასევე დიდი სავაჭრო ქსელები. „გრანდ ელექტრონიქსის“ კომერციული დირექტორი გიორგი ჭედია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციები რეალიზაციეზე საგრძნობლად აისახა. გაყიდვის მაჩვენებელის დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. მოვლენების ასეთი ცუდი განვითარების გამო „გრანდ ელექტრონიქსი“ არასაბანკო საფინანსო სექტორთან მოლაპარაკებებს გეგმავს.

„რეგულაციები ბიზნესზე უარყოფითად აისახა. საგრძნობლად შემცირდა როგორც ტექნიკის მაღაზიის რეალიზაცის, ასევე საბანკო პროდუქტის გაყიდვაც. ჩვენთან განავადებას გაყიდვების 70% ეკავა, ახლა კი ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანთა რაოდენობა განახევრდა. ცალსახად შემიძლია იმის დადასტურება, რომ გაყიდვები 20-30 პროცენტით შემცირდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, რომ რეალიზაცია განახევრდება, რაც დიდ პრობლემას შექმნის“, - აცხადებს გიორგი ჭედია.

ტექნიკის მაღაზია „ტექნო ბუმს“ მფლობელი ანზორ ქოქოლაძეც ამბობს, რომ პრობლემა თვალსაჩინოა, მაგრამ ჯერჯერობით გამოსავალი ვერ მოიძებნა. განვადების სისტემის ჩანაცვლება და მომხმარებლისთვის ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება ძალიან რთული იქნება.

„ვერაფერს ახალს ვერ ვთავაზობთ კლიენტებს, ვგულისხმობ ახალ სისტემას, რომელიც განვადებას ჩაანაცვლებს, მაგალითად, შიდა განვადების მსგავსს. ჯერჯერობით ისევ ბანკიდან გაცემული სესხის მეშვეობით იძენს მომხმარებელი სასურველ ნივთებს, თუმცა აქტივობა შემცირებულია. რაღაც სხვა სისტემა ნამდვილად უნდა დაინერგოს. საამისოდ კონსულტაციებიც გავიარეთ პარტნიორ ბანკებთან, თუმცა რამე მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ არ არის. რაც შეეხება იმას, რომ უშუალოდ კომპანიებმა გააკეთონ შიდა განვადება, ეს საკმაოდ რთული პროცესია და ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ქოქოლაძემ.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა რეგიონებში. ეს მანამდეც იყო ცნობილი, სანამ რეგულაციები ძალაში შევიდოდა. დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ასე თუ ისე აქვთ დადასტურებული შემოსავალი, ხოლო რეგიონებში ასეთი თითო-ოროლა ადამიანი ცხოვრობს. ასე რომ, 7 მაისის შემდეგ ვითარება ყველგან გართულდა.

კახეთში ტექნიკის მაღაზიის მფლობელები და თანამშრომლები განვადებების მკვეთრ შემცირებაზე უკვე საუბრობენ. 7 მაისიდან საკრედიტო ოფიცრები სესხს შემოსავლის დოკუმენტის წარდგენის გარეშე ვერ გასცემენ.

„მაღაზიაში ძალიან მცირეა ნაღდი ანგარიშსწორებით ვაჭრობა. დღის განმავლობაში შეიძლება ვივაჭროთ 5-10%, ხოლო 90% არის მთლიანად განვადება. რეგულაციები რაც დააწესეს, იმის მერე პრობლემებია. ვფიქრობთ, დიდი უარყოფითი შედეგი იქნება. კარგია დაბრუნდეს ისე, როგორც იყო, რადგან აქ მოსახლეობის შემოსავალი, ძირითადად, სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. ხალხს არ აქვს ფიქსირებული შემოსავალი და სახელფასო ცნობებს, უბრალოდ, ვერ წარმოადგენენ“, - ამბობენ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები.

ეკონომისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორის განვითარებას შეაფერხებს, პრობლემებს შეუქმნის ბიზნესს და დაზარალდებიან მოქალაქეებიც. ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე იმედოვნებს, რომ პრობლემა მოგვარდება:

„რეგიონში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა არის თვითდასაქმებული. ისინი ფონს გადიოდნენ მარტივი სამოყვარულო ტიპის სესხებით, რისი აღებაც დღეს, სამწუხაროდ, აღარ შეუძლიათ. ტექნიკის მაღაზიები შეიძლება მთლიანად არ დაიხუროს, თუმცა შემცირდება მათი რაოდენობა და მაშტაბი. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება და რამე გამოსავალი მოიძებნება“, - აცხადებს კეპულაძე.