თბილისი - თბილისელებისათვის - მერია რამდენიმე სიახლეს გვთავაზობს

თბილისი - თბილისელებისათვის - მერია რამდენიმე სიახლეს გვთავაზობს

დედაქალაქის მთავრობის სხდომა შეიძლება ითქვას, რამდენიმე საინტერესო პროექტის ერთგვარ პრეზენტაციას წარმოადგენდა - დედაქალაქის მერმა იმ სიახლეებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც უახლეს პერიოდში მუნიციპალიტეტი გეგმავს თბილისში.

პირველად, უახლოეს ისტორიაში დედაქალაქის მოწყობაში მოსახლეობა ერთვება - პროექტი „შენი იდეა ქალაქის მერს“ აქტიურ ფაზაშია და მოსახლეობისგან შესული უკვე 10 იდეა იხილება. როგორც თბილისის მერმა განმარტა, მერიამ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო ახალი პროექტი და შეიქმნა პლატფორმა, სადაც მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი იდეები, ხედვები და პროექტები, თუ რისი განხორციელება შეიძლება ქალაქში.

„2 პროექტზე მინდა მოგახსენოთ, რომლებიც განხორციელდება, ერთი არის ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება. მიმდინარე წელს ვგეგმავთ ამ იდეის განხორციელებას და დედაქალაქში რამდენიმე ასეთი აპარატი დამონტაჟდება. ცხოველების კვებაში მეტი მოქალაქე ჩაერთვება და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა მერმა.

თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება, აპარატების მოვლა-პატრონობას კი ცხოველთა სააგენტო განახორციელებს. კიდევ ერთი სიახლე პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატების დამონტაჟებაა. კალაძის თქმით, ეს პროექტი თანხვედრაშია ნარჩენების მართვის სტრატეგიასთან, რომელიც მუნიციპალიტეტს და ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამომდინარე აქვს.

„ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. გვინდა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია“, - განაცხადა კალაძემ.

მნიშვნელოვანი სიახლეებია საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით - სექტემბრიდან, ახალ სააღმზრდელო წელს, 11 ახალი შენობით შევხვდებით - 9 შენობაში განთავსდება ახალი ბაგა-ბაღი, ხოლო ორი შენობის უფრო გადიდება და გაფართოება მოხდება.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ეს ახალი შენობები გვაძლევს შესაძლებლობას, დამატებით 3000-მდე აღსაზრდელმა მიიღოს სკოლამდელი განათლება.

კალაძის განმარტებით, რამდენიმე ბაღში ექსპერტიზა ჩატარდა და შეჩერდა სწავლების პროცესი, რომ ყველანაირი პრობლემა თავიდან იქნას აცილებული. მოხდება 12 ავარიული ბაგა-ბაღის, რეაბილიტაცია და ასევე არსებობს კონკრეტული ბაღები, რომელსაც სჭირდება დემონტაჟი. აღნიშნული პროექტები წელს დაიწყება და მომავალ წელსაც გაგრძელდება.

სიახლეებია სატრანსპორტო სფერეოშიც - ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის და პროექტის განხორციელებისთვის 4 მლნ ლარია გათვალისწინებული.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ კარგად გვესმის არსებული რეალური მდგომარეობა, პრობლემები და გამოწვევები... ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. ბევრი ლოდინი უწევთ ადამიანებს, ვიდრე ავტობუსი გამოივლის. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქუჩები სამწუხაროდ ყველა რაიონშია. როცა ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერია კიდევ ერთი ინიციატივით გამოდის, რომლის განხორციელება უკვე საქართველოს პარლამენტზეა დამოკიდებული - ეს გახლავთ ელექტროავტობუსების და ელექტრომიკროავტობუსების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლება როგორც იმპორტის, ისე ადგილზე წარმოების შემთხვევაში.

„უკვე მქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ და შევჯერდით, რომ პარლამენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადება... ამ გადაწყვეტილებით ხელს შევუწყობთ ბაზარზე ელექტროავტობუსებისა და ელექტრომიკროავტობუსების წილის ზრდას როგორც იმპორტის თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით. ეს არის ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში განიხილავენ ამ საკითხს და დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კალაძემ.

კიდევ ერთი სიახლე საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიანი სისტემის დანერგვაა. კალაძის განმარტებით, თუ ადამიანი მეტროთი მგზავრობისას იხდის, ეს გადახდა შესაძლოა გამოიყენოს ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსით და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, დროის გარკვეულ მონაკვეთში.

გარდა ამისა, შესაძლოა, მოხდეს მარშრუტების კორექტირებაც და როგორც კალაძე აღნიშნავს, სატრანსპორტო პოლიტიკა აუცილებლად მგზავრებზე მორგებული იქნება.

მერის განმარტებით, EBRD-ის გრანტის ფარგლებშიკომპანია „სისტრა“ ატარებს კვლევას, რომლის შედეგად მერიას სურს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული და მგზავრებზე მორგებული გახადოს.

„გვინდა, ადამიანებს გავუჩინოთ სურვილი, რომ საკუთარი ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდნენ. ამ გეგმაში შედის განახლებული ავტობუსები, მეტროს განახლებული ვაგონები, სწორი და მოწესრიგებული სამარშრუტო ხაზები, ერთმანეთის თანხვედრაში მოდიოდეს მეტროს ხაზებთან მიმართებაში, რომ შევქმნათ ერთიანი სისტემა, ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ და ეს მათთვის მისაღები და კომფორტული იყოს“, - განაცხადა კალაძემ.