საქართველოს განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიაში ფინური განათლების გარკვეული ელემენტები იქნება ინტეგრირებული. ჩვენს ეროვნულ მოდელთან ფინური მოდელის შერწყმა მოხდება, რაც არ გულისხმობს რაიმეს პირდაპირ გადმოტანას. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლებისა და კულტურის მინისტრს რამდენჯერმე შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ფინელი ექსპერტები ჩაერთვებიან.
ლია გიგაურის თქმით, ფინური მოდელისთვის მთავარია ინტერდისციპლინური და მულტიდისციპლინური მიდგომა, მოსწავლეზე ინდივიდუალური ორიენტაცია, სააზროვნო უნარის განვითარება და არა დაზეპირებაზე ორიენტირებული სწავლება.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით საერთაშორისო შეფასებებში ფინური განათლების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, რას მოგვიტანს ეროვნული მოდელის ფინურ მოდელთან შერწყმა?!
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ასე ამოგლეჯით არ ხდება რომელიმე მოდელის გადმოღება. მსოფლიოში თითქმის ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს ფინელ მასწავლებელს, 3500 ევროა ფინეთში მინიმალური ხელფასი. საქართველოში კი მასწავლებელთა უმეტესობას ასი ლარიც არ აქვს ხელფასი და როგორ შეიძლება, ეს მოდელი გადმოიღონ, გინდა, ინტერდისციპლინური დაარქვან და გინდა, მულტიდისციპლინური.
„სანამ ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული არ გახდება, არაფერი გვეშველება. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. სწორედ ხელისუფლებამ უნდა გახადოს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული. რით ხდება ნებისმიერი პროფესია პრესტიჟული? ერთადერთი კრიტერიუმია მაღალი ხელფასი. ჰელსინკის უნივერსიტეტში ერთ ადგილზე 20 ადამიანი მოდის. ყველაზე უფრო დიდი კონკურსი სწორედ პედაგოგიური პროფილის ფაკულტეტებზეა ფინეთში, ყველაზე საუკეთესო სპეციალისტები შეჰყავთ სკოლებში, რადგან პრესტიჟული ხელფასები აქვთ. გარდა ამისა, ფინელ ბავშვებს უფასოდ საუკეთესოდ კვებავენ, ბავშვები არიან ფუფუნებაში, საღორეებში კი არ ჰყავთ შეყრილი, როგორც საქართველოშია. როგორი სკოლებია საქართველოს მასშტაბით? ჯერ დედაქალაქში რა სკოლებია მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე, ან რა სიბინძურე, ანტისანიტარიაა? წყალი არ მოდის ტუალეტებში. ზედმეტი ფული რომ არ დახარჯონ, დირექტორები ეკონომიას ეწევიან. რომელ ფინურ მოდელზეა საუბარი? ბავშვი კარგად უნდა კვებო და მისცე კარგი სახელმძღვანელო. ასევე, კარგი მეთოდური სახელმძღვანელო უნდა მისცე მასწავლებელს. ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე“, - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
მისივე თქმით, ერთი ვაშლი ვერ „ასწია“ ჩვენმა ბიუჯეტმა. მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დანერგეს ვაშლების შეტანა. ზოგიერთებმა ეს თემა სასაცილოდ აიგდეს, არადა, ეს არ არის საქილიკო თემა. ვაშლი ჯანსაღი პროდუქტია, ვიტამინებით სავსე, რაც მთავარია, მასში რკინა შედის, რომელიც საჭიროა სისხლისა და აზროვნებისთვის. ამიტომ უფასო ვაშლი უნდა იყოს სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში. მით უმეტეს, რომ ჯანსაღ კვებაზეა დამოკიდებული ნიჭიერების ხარისხი. სწორედ ასეთი პირობებია ფინეთში, ბავშვები თავისუფლად არიან, უნდათ, იატაკზე სხდებიან, სადაც უძვირფასესი ხალიჩებია დაგებული, უნდათ, სავარძელში მოისვენებენ, დივანზე წამოგორდებიან. აქ კი სკამი ვერ უყიდიათ, ჩვენს მომავალ თაობას გაუმრუდეს ხერხემალი.
„კატეგორიულად არ ვიზიარებ ასეთ მიდგომას. ხარისხზე ორიენტირებული რეფორმა დაიწყება მაშინ, როცა განხორციელდება კომპლექსური რეფორმა და დაიწყება სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მასწავლებლის ხელფასის გაზრდა. აქ ვისი ხელფასებია პრესტიჟული? პარლამენტარების, სახელმწიფო მოხელეების, სამინისტროს მაღალჩინოსნების“.
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო უვიცებითაა სავსე, რომლებიც უცხო ქვეყნების ემისართა დაკვეთას ასრულებენ უცოდინარი თაობის შესაქმნელად. თუნდაც ის არის უდიდესი შეცდომა, რომ შემოაქვთ ამდენი უცხოური ტერმინი (ინტერდისციპლინური, მულტიდისციპლინური) განათლების სისტემაში მაშინ, როცა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში 220 ათასზე მეტი სიტყვაა განმარტებული. მსოფლიოში, ალბათ, ძნელად მოიძებნება ენა, სადაც ამდენ სიტყვათა მარაგია, როგორც ქართულ ენაში. ამიტომ უცხოურ ტერმინთა რახარუხი დაუშვებელია.
„ყოველ ახალ მინისტრს თავისი ახალი შიზოფრენიული წარმოსახვა აქვს. მე არ მივტირი საბჭოთა ეპოქას, არ მივტირი რომელიმე იმპერიის მონობას, არც პრორუსი ვარ, არც პროამერიკელი, არც პროაზიელი, მე ვარ ქართველი და მახსოვს, რომ ჩვენ გვქონდა უნიკალური განათლების სისტემა. მათ შორის, შეფასების ხუთბალიანი სისტემა. ზუსტად კომუნისტური ეპოქის დროს ისწავლებოდა მშობლიური ენა და ლიტერატურა, დაწყებული იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებიდან“, გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელიდან“, „ვეფხისტყაოსნიდან“... ყველაფერი ისწავლებოდა, რაც კი შექმნა დიდი სულიერების მქონე ჩვენმა ერმა. ბავშვი ამით მიდიოდა თავის სათავეებთან, გენეტიკურად დაკავშირებული იყო გრიგოლ ხანძელთან, რუსთაველთან, სულხან-საბასთან, გურამიშვილთან, ბარათაშვილთან, ილიასთან. დღეს ამ ყველაფერს მოვწყვიტეთ მოზარდები. ავკრძალეთ იაკობ გოგებაშვილის დედაენა, ეს უნიკალური სახელმძღვანელო ქართული ენის შესწავლისა. განა ყოველ წელს ახალი იაკობ გოგებაშვილები იბადებიან? ამ ყველაფერს განათლების მაფია მართავს, რომელსაც სათავე დაედო შევარდნაძის ეპოქის დროს. ყოველი ახალი მინისტრი ახალ-ახალ სახელმძღვანელოს, პროგრამას სთავაზობდა ბავშვებს, გრანტებზე დამოკიდებული მინისტრები გაყიდულები იყვნენ უცხოურ ორგანიზაციებზე და ცდილობდნენ, დაენგრიათ ჩვენი განათლების სისტემა“, - აცხადებს ვაჟა ოთარაშვილი.
მისი თქმით, თუკი საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური პარტიის ისტორიას მოვხსნიდით, ის სისტემა იდეალური იყო. მაშინდელი განათლების სისტემა გერმანულ მოდელზე იყო აგებული, რომელიც სტალინმა შემოიტანა იმდროინდელ საბჭოთა კავშირში. დღეს გერმანელებმა ეს მოდელი უკანვე გადაიღეს და ზუსტად ის განათლების სისტემაა გერმანიაში, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირში არსებობდა.
„არაფერს ვამბობ კომუნისტური პარტიის ქადაგებაზე. არც არასდროს ვყოფილვარ პარტიული, კომკავშირელი. უბრალოდ, კარგად ვსწავლობდი, მედალზე დავამთავრე სკოლა, წითელ დიპლომზე ინსტიტუტი და ასპირანტურა. ჩვენ დავანგრიეთ უნიკალური განათლების სისტემა, რომელიც მიუხედავად საბჭოთა წყობისა, ეროვნულ განათლებას აძლევდა ქართველ ბავშვს. ქართველი ბავშვი იყო ამაყი, თავისი ისტორიის, მშობლიური ენისა და ლიტერატურის, თავისი ქვეყნის წარსულის მცოდნე. პლუს ამას, ისწავლებოდა ღირებული საზღვარგარეთული ლიტერატურა - შექსპირი, ბაირონი, გოეთე, შილერი, ჰიუგო, პროსპერ მერიმე და ბავშვი გამოდიოდა განათლებული. გენიალურად ისწავლებოდა ფუნდამენტური მეცნიერებები, როგორიც იყო მათემატიკა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, სტერეომეტრია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, დღეს არაფერს ვასწავლით ბავშვებს და ვავიწყებთ, ვისი გორისანი არიან. ვათაყვანებთ, ვატვინებთ ბავშვებს და მშობლებს ჰგონიათ, რომ სკოლაში რაღაცას ასწავლიან. აბსოლუტურად არაფერს ასწავლიან და, ამასთან, მასწავლებლის ღირსებაც შეურაცხყოფილია“.
ვაჟა ოთარაშვილის განმარტებით, სკოლაში ათი საათი ისწავლება მუსიკა, ხატვა, ფიზკულტურა და ათასი სისულელე, ხოლო მათემატიკა მხოლოდ 4 საათი ისწავლება, მშობლიურ ენასა და ლიტერატურას კი 3 საათი ეთმობა. სწორედ ეს არის ნეობოლშევიკური აზროვნებით ქვეყნის დაპყრობა.